2 1 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ქართული რაგბის არქიტექტორი

მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ისე ქართულ სარაგბო წრეებში გარდამტეხ ფიგურად მიიჩნევა: სწორედ, მისი შრომის შედეგი იყო „ბორჯღალოსნების“ ასპარეზობა 2003 წლის სადებიუტო მსოფლიო თასზე.

 

სარაგბო კარიერა „ბეზიე“-ში წარმართა, სამწვრთნელო კარიერა კი, სარაგბოს დასრულებისთანავე დაიწყო და მშობლიურ კლუბთან ერთად ორჯერ იზეიმა საფრანგეთის ჩემპიონობა. საერთაშორისო დონეზე ჯერ მაროკოს, შემდეგ კი საქართველოს შვიდკაცა და ეროვნულ გუნდებში მუშაობდა.

 

ფრანგი სპეციალისტი საქართველოში პირველად 1997 წელს მოიწვიეს, რათა არსებული მდგომარეობა შეეფასებინა. პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში არასტაბილური სიტუაცია იყო და სარაგბო ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად არ არსებობდა. ამის მიუხედავად, სორელმა ქართული რაგბის პოტენციალი დაინახა და მაინც დათანხმდა მთავარი მწვრთნელის პოსტს:

„როდესაც საქართველოში ჩავდიოდი, ვფიქრობდი, რომ გადარჩენის ნაკლები შანსი მქონდა, ვიდრე თვითმფრინავიდან პარაშუტის გარეშე გადმომხტარ ადამიანს“, - თქვა მან ერთ-ერთ ინტერვიუში[1]. ფაქტია, რომ გადარჩა - ფრანგი მწვრთნელის მუშაობის პერიოდში „ბორჯღალოსნებმა“ პირველად მოიპოვეს მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლება და 2003 წლის წარმატებულმა კამპანიამ ქართული რაგბის მიმართ დამოკიდებულება, პირველ რიგში, ჩვენთან, საქართველოშივე შეცვალა.

 

სორელისთვის საქართველოში გატარებული წლები (1997-2003)  განსაკუთრებული და საპატიო გამოწვევა იყო. ჩამოსვლისას მას ქვეყანაში მხოლოდ ორი, დაბალი ხარისხის, ბალახის სარაგბო მოედანი დახვდა, ქვეყანას და შესაბამისად სპორტის ოვალურ სახეობასაც ფინანსური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ამ და სხვა მრავალი სირთულის მიუხედავად, სორელის სტრატეგიულმა ხედვამ და მუდმივმა ოპტიმიზმმა გუნდი წარმატებისთვის განაწყო. კლოდისთვის ნაკრები ოჯახი იყო - ყიდულობდა[2] სავარჯიშო ეკიპირებას, იყენებდა საკუთარ კამერას ვიდეო ანალიზისთვის და ცდილობდა ქართველი მორაგბეების ფრანგულ კლუბებთან დაკავშირებას, რასაც ხშირად წარმატებითაც ახერხებდა.

 

პირველ მსოფლიო თასზე „ბორჯღალოსნებმა“ ოთხივე შეხვედრა დათმეს, მაგრამ თავი მაინც ყველას დაამახსოვრეს. სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ჯგუფურ ეტაპზე უთანასწორო, მაგრამ მაინც ბოლომდე ბრძოლაში წაგებული მატჩის (46:19) შემდეგ ამაყმა სორელმა პრესასთან განაცხადა[3]:

„დღეს თქვენ საქართველოს ნამდვილი სახე იხილეთ“.

 

„ევროპულ სარაგბო კულტურებს შორის ხიდების აშენებაში კლოდ სორელს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი[4],“ - დაწერა საფრანგეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა, ფლორიან გრილმა გამოსათხოვარ წერილში და ამაზე ვერავინ იკამათებს. ქართული რაგბის ევროპასთან და პირველ რიგში, საფრანგეთთან ღრმა პროფესიულ და ადამიანურ კავშირებს, სწორედ, სორელმა ჩაუყარა საფუძველი. რაგბი, სპორტულ დაპირისპირებასთან ერთად, სხვადასხვა კულტურების ურთიერთობის სივრცეა და ეს, „ბორჯღალოსნების“ ფრანგმა მწვრთნელმა ძალიან კარგად იცოდა.

 

კლოდ სორელის მემკვიდრეობა მეტია, ვიდრე სპორტული შედეგები და ტიტულები - ის რაგბის მეშვეობით სხვა ადამიანების და როგორც აღმოჩნდა, ქვეყნების ცხოვრებას ცვლიდა და გვაჯერებდა, რომ შეუძლებელი არაფერია.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები