1 6 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დაკავებულ გია გიგუაშვილს პატიმრობა შეეფარდა

ტელეკომპანია „ტვ პირველის" ოპერატორ ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დაკავებულ გია გიგუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკატერინე კულულაშვილმა გამოაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი გიგუაშვილის 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

ბრალდების მხარემ დაკავებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება.

დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ გიგუაშვილი თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს. კერძოდ კი, სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

სამართალდამცველებმა გია გიგუაშვილი 2021 წლის 23 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა.

„TV პირველის" ოპერატორ ლექსო ლაშქარავას მიმართ და ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ამ დროისთვის დაკავებულია ექვსი პირი, მათ შორის ხუთს პატიმრობა აქვს შეფარდებული.

„თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ბრალი 29 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 52 პირი, მათ შორის 42 ჟურნალისტი და ოპერატორი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები