2 0 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“ პომპეის საგანძური ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში

18 ივლისიდან, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმის და საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით უმასპინძლებ სგამოფენას „სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი", რომელზეც წარმოდგენილი იქნება არქეოლოგიური მასალა პომპეის არქეოლოგიური პარკიდან.
თიბისი, როგორც საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოფიციალური პარტნიორი ამ გამოფენას აქტიურად უჭერს მხარს.
თიბისი უკვე მესამე წელია ქვეყნის წამყვან სამეცნიერო, კულტურულ და საგანამანათლებლო ინსტიტუციასთან თანამშრომლობს და ამ პარტნიორობის ფარგლებში არაერთი სასარგებლო ინიციატივა განხორციელდა, რომელიც საზოგადოებას ახალი ცოდნის მიღების და მუდმივი აღმოჩენების კეთების საშუალებას თანამედროვე ფორმატების მეშვეობით აძლევს.
საქართველოში პირველად ნახავთ ანტიკური სამყაროს ისტორიის მნიშვნელოვან ეპიზოდს, რომელიც ახ.წ.79 წელს, ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად, ფერფლით დაფარული ძველი რომის დიდებული ქალაქის - პომპეის ისტორიას ასახავს. პომპეი, როგორც კარგად შემონახული ქალაქი, ანტიკური კულტურის კვლევის ერთ-ერთი მთავარი წყაროა.
ვანის მუზეუმში მოსულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, იხილოს პომპეის სახელგანთქმული კედლის მხატვრობის ნიმუშები და სახლის სხვადასხვა ნაწილში (ატრიუმი, ტრიკლინიუმი, პერისტილი, ლარარიუმი, ბაღი) აღმოჩენილი მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა. ექსპოზიციაზე განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ოქრომჭედლობის ნიმუშებს. ასევე, წარმოდგენილია ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა თაბაშირის მოდელები. მუზეუმის ვიზიტორი გადაინაცვლებს სამყაროში, რომელიც აცოცხლებს ანტიკური ეპოქის იტალიის ერთი ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებას ახ. წ. I საუკუნეში.
პომპეი, რომელსაც დაახლოებით სამი საუკუნეა არქეოლოგები იკვლევენ,ნათელ წარმოდგენას გვიქმნის რომის იმპერიის ქალაქების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.პომპეისაღმოჩენებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თანამედროვე ევროპულიესთეტიკის, დიზაინის, სამზარეულოს და სუფრის ტრადიციების ჩამოყალიბებაში.
სიმბოლურია, რომ გამოფენას მასპინძლობს ქალაქი ვანი, რომელიც ფართო საერთაშორისო საზოგადოებამ ოთარ ლორთქიფანიძის წიგნით გაიცნო როგორც „საქართველოს პომპეი".წიგნი ფრანგული სახელწოდებით „Vani une Pompéi géorgienne" გამოიცა საფრანგეთში 1995 წელს.
განახლებულ ვანის მუზეუმში „სიცოცხლე და სიკვდილი-დიდებული პომპეი" პირველი დროებითი გამოფენაა. პომპეის აღმოჩენების ნაწილი ინტეგრირებულია მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში. დამთვალიერებელს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გაეცნოს ანტიკური სამყაროს ისტორიას ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ფუნქციის მქონე რვა საუკუნოვანი ქალაქების- პომპეისა და ვანის-დიდებული წარსულისა და ტრაგიკული დასასრულის ამსახველი გარკვეული ეპიზოდების მაგალითზე.
აღნიშნული გამოფენა წარმოადგენს ორი ქვეყნის ინსტიტუციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას. 2017-2019 წლებში საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით, თბილისის ორ მთავარ საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებელმა იხილა იტალიური რენესანსისა და ბაროკოს, მოდერნისტული და პოსტმოდერნისტული ეტაპების უმნიშვნელოვანესი ავტორების შედევრები: მიქელანჯელო ბუონაროტის, ლეონარდო და ვინჩის, სანდრო ბოტიჩელის, ტიციან ვეჩელიოს, რაფაელ სანციოს, ლორენცო ბერნინის, მიქელანჯელო პისტოლეტოს, ჯორჯო დე კირიკოს და სხვათა ნამუშევრები. ასევე, იტალიური მოზაიკები კაპიტოლიუმის მუზეუმებიდან და საგანმანათლებლო-მულტიმედიური პროექტები.
გამოფენის მხარდამჭერია: თიბისი, იტალიური კომპანია "Glocal Project Consulting", საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, „წინანდლის მამული"; საინფორმაციო მხარდამჭერია საქართველოს პირველი არხი.

გამოფენა დამთვალიერებელს 18 ივლისიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე უმასპინძლებს.

მისამართი: ვანი, ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩა 32.
მუზეუმის სამუშაო საათები: სამშაბათი-კვირა, 10:00-18:00 (ბოლო ვიზიტორი დაიშვება 17:30-ზე)
დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: ვანის არქეოლოგიური მუზეუმი - საქართველოს ეროვნული მუზეუმი (museum.ge)

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები