2 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,შინაარსობრივად არასწორი ინფორმაცია იქნა მიწოდებული" -ოხანაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ ეუთო/ოდირისთვის გაგზავნილი შეკითხვების გასაჯაროებას ითხოვს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ეუთო/ოდირისთვის გაგზავნილი შეკითხვების გასაჯაროებას ითხოვს და როგორც აცხადებს, საჭიროა ცხადი გახდეს, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოიტანა ეუთო/ოდირმა საკანონმდებლო ცვლილებებზე დასკვნები.

“საზოგადოებას შევახსენებ, რომ აღნიშნული ცვლილებების მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კიდევ უფრო ეფექტიანი ინსტიტუციური მოწესრიგება და საგამოძიებო ქვემდებარეობის გაფართოება.

ხაზგასასმელია, რომ აღნიშნულ ცვლილებებს ასევე საფუძვლად დაედო ევროპის ქვეყნების კანონმდებლობის ანალიზი, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ ევროპის ქვეყნების თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობაში ერთი სახელმწიფო უწყების ხელში არ არის მოქცეული, ერთი მხრივ, საგამოძიებო ფუნქცია და მეორე მხრივ, პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებაზე კონტროლის ფუნქცია.

ჩვენს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, შეიქმნა ორი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო სამსახური: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საპარლამენტო სუვერენიტეტის შესაბამისად და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის სრული დაცვით!

ცნობილია, რომ სახალხო დამცველმა ამ ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად მიმართა ეუთო/ოდირს.

ამ მიმართვამდე სახალხო დამცველს საქართველოს პარლამენტთან არ ჰქონია კონსულტაცია და არ დაინტერესებულა ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნების ჩვენ ხელთ არსებული კანონმდებლობის ანალიზით. შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია იმ შეკითხვების შინაარსი, რაც სახალხო დამცველის ოფისის მიერ იქნა წარდგენილი ეუთო/ოდირისთვის.

  • იქიდან გამომდინარე, რომ ეუთო/ოდირის დასკვნაში საერთოდ არ არის ნამსჯელი უმთავრეს საკითხზე, თუ რამდენად თავსებადია საგამოძიებო და პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებაზე კონტროლის ფუნქცია ერთი სახელმწიფო სამსახურის ხელში, გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ასეთ შინაარსობრივ საკითხებზე ინფორმაცია ეუთო/ოდირს საერთოდ არ მიწოდებია, რაც მას ამ საკითხზე სრულ და ობიექტურ წარმოდგენას შეუქმნიდა.
  • გამოდის, რომ ეუთო/ოდირის წინაშე არ დასმულა მთავარი საკითხი, არის თუ არა ერთმანეთთან თავსებადი გამოძიება და პერსონალური მონაცემების დაცვა და არის თუ არა გავრცელებული მსგავსი მოდელი ევროკავშირის ქვეყნებში!

  • ის, რომ შინაარსობრივად არასწორი ან არასრული ინფორმაცია იქნა მიწოდებული ეუთო/ოდირისთვის, ასევე დასტურდება დასკვნაში არსებული სამართლებრივი უზუსტობებით. მაგალითად, ეუთო/ოდირის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ახლად შექმნილი ორი ახალი სამსახურის თანამდებობის პირთა პარლამენტის მიერ არჩევის კვორუმი თითქოს შემცირდა, რაც რეალურად სიმართლეს არ შეესაბამება და მარტივად გადამოწმებადია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში.
  • დასკვნაში ასევე წერია, რომ თითქოს გაუქმდა ამ თანამდებობის პირთა მიმართ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად!

  • დასკვნაში ვხდებით კიდევ ერთი საინტერესო აზრს: ”იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიუკერძოებლობა და მიუკერძოებლობის აღქმა, ის პირები, ვისაც, მაგალითად, პოლიციის ან/და თავდაცვის უწყებებში მუშაობის მოჭარბებული სტაჟი აქვთ, სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არ უნდა იქნენ არჩეული.“
  • აქედან ცხადი ხდება, რომ ეუთო/ოდირი პრაქტიკულად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჯერ კიდევ მოქმედი ხელმძღვანელობის ლეგიტიმაციას, მათი ამ გამოცდილებიდან გამომდინარე!

    ამიტომ, აუცილებელია, გასაჯაროვდეს სახალხო დამცველის მიერ ეუთო/ოდირისთვის გაგზავნილი შეკითხვები, რათა ცხადი გახდეს რა ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოიტანა ეუთო/ოდირმა აღნიშნულ ცვლილებებზე დასკვნები!“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

     

    კომენტარები

    მსგავსი სიახლეები