0 0 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შსს-მ აშშ-ს მიერ ინტერპოლით ძებნილი პირის ექსტრადიცია განახორციელა

ჩამოტვირთვა

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2015 წლის 23 იანვარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 2011 წლის 13 სექტემბრიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ალირეზა ალ საზეგარი დააკავეს. ინტერპოლის ინფორმაციით, ალირეზა ალ საზეგარი ხასიათდებოდა სახიფათო და ძალადობისკენ მიდრეკილ პირად. ის ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატის უმაღლესი სასამართლოს მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის საფუძველზე იძებნებოდა.

ალირეზა ალ საზეგარს ბრალად ედება ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატის სისხლის სამართლის კოდექსის 273.5(ა) მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის ცემას, რომელმაც გამოიწვია სხეულის დაზიანება, გატაცებას, დამამძიმებელ გარემოებებში თავდასხმას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას იძულებით და/ან მოტყუებით, მოწმისათვის დანაშაულის გამჟღავნების ხელის აღებას.

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის იდენტიფიცირების შემდეგ, საქართველოს მთავარი პროკურატურა აშშ-ს საელჩოს იურიდიულ მრჩეველს, გამოძიების ფედერალურ და დიპლომატიური უსაფრთხოების ბიუროებს დაუკავშირდა, რათა დაედასტურებინა იყო თუ არა ძალაში დაპატიმრების ორდერი და საჭირო იყო თუ არა პირის აშშ-ში ექსტრადირება.

ამერიკის საელჩომ საქართველოს პროკურატურას შეატყობინა, რომ დაპატიმრების ორდერი კვლავაც ძალაში იყო. ამის შემდეგ, შსს-ს თანამშრომლებმა ალირეზა ალ საზეგარი წინასაექსტრადიციო საპატიმროში გადაიყვანეს.

2015 წლის 23 იანვრიდან 3 მაისამდე გამოძიების ფედერალური ბიურო ალირეზა ალ საზეგარის აშშ-ში ექსტრადიციის საკითხზე საქართველოს მთავარ პროკურატურასთან და იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობდა. 2015 წლის 4 მაისს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ აღნიშნული პიროვნების ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის დაკმაყოფილების შესახებ ბრძანება გამოიცა.

მიმდინარე წლის 4 მაისიდან 12 ივნისის ჩათვლით აშშ-ს დიპლომატიური უსაფრთხოების ბიურომ ალირეზა ალ საზეგარის ექსტრადიციის საკითხზე მთავარ პროკურატურასთან, სასჯელაღსრულების სამინისტროსთან და ამერიკის შეერთებული შტატების მარშალის სამსახურთან ითანამშრომლა.

2015 წლის 13 ივნისს ალირეზა ალ საზეგარის აშშ-ში ექტრადიცია განხორციელდა. ამერიკის შეერთებული შტატების მარშალის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ და ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილმა ალირეზა ალ საზეგარიმ საქართველოს ტერიტორია ინციდენტების გარეშე დატოვეს.

კალიფორნიის შტატის უმაღლეს სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიხედვით, 2010 წლის 6 ივლისს ალირეზა ალ საზეგარიმ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. დადგინდა, რომ ურთიერთშელაპარაკებისას ალირეზა ალ საზეგარიმ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, პირი აუკრა, ხელ-ფეხი შეუკრა და აბაზანაში ჩაკეტა, შემდეგ კი მოკვლით დაემუქრა, თუ ის მომხდარზე პოლიციაში განაცხადებდა. მომდევნო დღეს ალირეზა ალ საზეგარიმ მეუღლეს სახლის დატოვება აუკრძალა და პირადობის მოწმობა, საკრედიტო ბარათები და გასაღები ჩამოართვა. მოგვიანებით ქალბატონს მისმა აღელვებულმა თანამშრომელმა სახლში მიაკითხა და მომხდარის შესახებ პოლიციაში განაცხადა. პოლიციელებმა საცხოვრებელ სახლში ასევე აღმოაჩინეს 20 ფარული ვიდეოკამერა, რომელთა მეშვეობითაც ალირეზა ალ საზეგარი, სავარაუდოდ, საკუთარი მობილური ტელეფონით მეუღლეს უთვალთვალებდა. ალირეზა ალ საზეგარის დაპატიმრების ორდერი 2010 წლის 18 ნოემბერს გაიცა.

აშშ-ს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ამიერკავკასიის რეგიონის ხელმძღვანელმა (ატაშემ) კეთლინ კენინგმა განაცხადა: „ჩვენ აქ დღეს ვიმყოფებით, რომ ხაზი გავუსვათ ახლო თანამშრომლობას საქართველოს და შეერთებულ შტატების სამართალდამცველებს შორის და აღვნიშნოთ შედეგები ამ მნიშვნელოვანი ურთიერთობისა.

ქართველ სამართალდამცველთა ჩართულობისა და აქტიური მუშაობის შედეგად მიღწეული იქნა აშშ-სა და ირანის ორმაგი მოქალაქის - ალირეზა ალ საზეგარის ექსტრადირება საქართველოდან შეერთებულ შტატებში, რათა წარედგინოს ოჯახური ძალადობის სერიოზული ბრალდება, რასაც ადგილი ჰქონდა კალიფორნიის შტატში 2010 წელს.

მიუხედავად იმისა, რომ ბატონი საზეგარი ინარჩუნებს უდანაშაულობის პრეზუმფციას, ახლა ის პატიმრობაშია. იგი და მისი სავარაუდო მსხვერპლი წარდგებიან სასამართლოს წინაშე.

ოჯახური ძალადობა არის დანაშაული, რომელსაც გამოძიების ფედერალური ბიურო უდგება სერიოზულად და საქართველოს სამართალდამცველების ძალისხმევის შედეგად ჩვენმა ორმა ქვეყანამ გააგზავნა სერიოზული გზავნილი ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ:

ყველა კარგად უნდა დაფიქრდეს, ვიდრე ოჯახური ძალადობის ჩადენასა და შემდეგ გაქცევას გადაწყვეტს, ვინაიდან სამართალდამცავი ორგანოები მთელ მსოფლიოში ბევრს ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ კულისებში, რათა უზრუნველყოფილი იქნას ძებნილების ადგილსამყოფელის დადგენა/დაკავება და წარდგენა მართლმსაჯულების წინაშე“.

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის იურიდიულ საკითხთა მრჩეველმა მაიკლ გრანტმა განაცხადა: „ვიზიარებ ფედერალური ბიუროს წარმომადგენლის, კეთლინ კენინგის განწყობას და მივესალმებით ყველა იმ ქართველ სამართალდამცველს, რომლმაც დააკავა და დაეხმარა ბატონი საზეგარის უკან, ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადირებას ოჯახური ძალადობის ძალიან სერიოზული ბრალდებების წინაშე წარსადგენად.

საქართველოს ინიციატივა და თანამშრომლობა სამაგალითოა ამ შემთხვევაში. დაწყებული შსს-ს საპატრულო პოლიციის ოფიცრებით, რომელთაც გამოააშკარავეს ბ-ნი საზეგარი საქართველოში შემოსვლისას, საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომელთაც კოორდინაცია გაწიეს აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროსა და სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური უსაფრთხოების ბიუროსთან და საბოლოოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ვინც დაეხმარა პროცესს და საბოლოოდ დაამტკიცა ბატონი საზეგარის ექსტრადიცია. ყველა ამ უწყებებმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი, რათა სავარაუდო ბრალდებული წარდგენილიყო სასამართლოს წინაშე ისეთი სერიოზული დანაშაულის ჩადენისთვის, როგორიცაა ოჯახური ძალადობა. "ორენჯ ქანტრი" უბნის პროკურატურის ოფისისა და ჩემი სახელით, მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველა ქართველ საჯარო მოსამსახურეს მათი მუშაობის, თავდადებისა და ხელმძღვანელობისათვის ამ მნიშვნელოვან საქმეში. მათი ძალისხმევის გარეშე, სავარაუდო დამნაშავე ახლაც ძებნილი იქნებოდა. ნაცვლად ამისა, იგი ამჟამად პატიმრობაშია და ელოდება სასამართლოს“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები