2 0 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვივიან მერი ჰარტლი - მარადიული ქარწაღებული სკარლეტ ო’ ჰარა

ჩამოტვირთვა

„თაობაში ერთხელ გამოჩნდება ხოლმე ლედი, რომელსაც მთელი კონტინენტი ვერაფრით აცილებს თვალს“ თქვა ერთხელ ვივიენ ლიზე მსახიობმა და რეჟისორმა ორსონ უელსმა. მაყურებელი მას „ მის ვიტამინ B-ს უწოდებდა“ ასეთი იყო მისი სიცოცხლისმოყვარე სილამაზე, რომელიც ბედნიერების განცდას ბადებდა. ვივიან მერი ჰარტლი 1913 წლის 5 ნოემბერს ინდოეთის ქალაქ დარჯილინგში დაიბადა. ვივიანის მამას ცოლისთვის ქალების დევნით გული რომ არ გაეწყალებინა, ვივიანის დედა არასდროს დაიჟინებდა კალკუტადან ლონდონში გამომგზავრებას. რომ შეცოდებოდა გერტრუდ ჰარტლის ქალიშვილი და არ მიეყვანა აღსაზრდელად ხანგრძლივი 8 წლით მონასტერში, დარჩებოდა მომავალი ლეგენდა სპილოებისა და ინდუსების გარემოცვაში. მონასტერში რომ სამოყვარულო სპექტაკლები არ დაედგათ და პატარა როლები ვივიენისთვისაც არ მიეცათ, გოგონა დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში ჩაბარებას ვერასოდეს გადაწყვეტდა. მონასტრის ასკეტიზმი არ მოსწონდა, სამაგიეროდ, სწორედ ამან აღზარდა ვივიენში ძლიერი ნებისყოფა და მიზნისკენ სწრაფვა. შესანიშნავად სწავლობდა და ბრწყინვალე განათლებაც მიიღო. განსაკუთრებით ისტორია, ლიტერატურა, ფერწერა და მუსიკა უყვარდა. ნიჭი ადრევე შეიცნო საკუთარ თავში და გადაწყვეტილებაც მიიღო გამხდარიყო დიდი მსახიობი. ჩაირიცხა თუ არა აკადემიაში, პირადი ცხოვრების მოწყობაც მოინდომა. დედამ ხომ დააკარგვინა ოჯახი და სახლი?! ჰოდა, დანაკარგის ანაზღაურება მოინდომა, თან სასწრაფოდ. სკოლის დამთავრებისთანავე ვივიანი ცოლად გაჰყვა ლი ჰოლმანს. ქმარი 14 წლით უფროსი იყო. ერთი წლის შემდეგ ქალიშვილი გაუჩნდათ, მაგრამ ვივიანს სცენაზე და ეკრანზე ოცნება წარსულის ზანდუკში არ ჩაურაზავს სცენაზე ფეხძიმე თამაშობდა. რთული მშობიარობა ჰქონდა, საავადმყოფოდან მხოლოდ სამი კვირის შემდეგ გამოწერეს. ალბათ არ იყო ვივიენი ოჯახური ცხოვრებისთვის გაჩენილი, ზედმეტად ვნებიანად სურდა სცენაზე ყოფნა. ჰოლმანი კი, მართლაც ნამდვილი ინგლისელი აღმოჩნდა და ცოლისგან პედანტურ მორჩილებას ითხოვდა. როგორც კი საუბარი თეატრზე ჩამოვარდებოდა, ხელოვნების მავნებლობაზე ლექციებს უკითხავდა. ვივიენი კი - ახალგაზრდა, ჭკვიანი, ფართოდ განათლებული - სულაც არ აპირებდა დიასახლისობასთან შეგუებას. პირველი წარმატება მაშინ მოვიდა, როცა ვივიენმა ლონდონის თეატრ „ ამბასადორის“ სპექტაკლში „ სათნოების ნიღაბი“ ითამაშა. თეატრალურ წრეებში დამწყები არტისტი სერიოზულად მიიღეს. გაზეთების თავფურცელზე დიდი ასოებით იუწყებოდნენ, რომ ახალმა ვარსკვლავმა ლონდონი დაიპყრო. ასე დაემშვიდობა ბატონი ჰოლმანი სიმშვიდეს თავის ოჯახში. ვივიენი მხოლოდ 22 წლის იყო, როცა მის ცხოვრებაში ახალი გადატრიალება მოხდა: გაჩნდა კერპი - გულშიც და ხელოვნებაშიც და მას ლოურენს ოლივიე ერქვა.... მის ყველა სპექტაკლზე დადიოდა, მტკიცედ გადაწყვიტა, თავისი ბედი მასთან დაეკავშირებინა, მაგრამ მსახიობი დაქორწინებული იყო, ვივიენიც - გათხოვილი. დასაწყისში მათი ურთეირთობა უბრალო სიმპათიით იფარგლებოდა. მოგვიანებით კი ოლივიე იხსენებდა, რომ ვივიანის საოცარი, წარმოუდგენელი სილამაზით მოიხიბლა. შემდეგ ერთად მოხვდნენ ჰოლივუდში ფილმის გადაღებაზე „ ცეცხლი ლონდონის თავზე“. აქ იფეთქა ვნებიანმა სიყვარულმა, როგორც მერე აღმოჩნდა ვივიანისთვის სიცოცხლის ბოლომდე. ვივი და ლარი ისე იყვნენ ერთმანეთით სავსე, რომ გარშემო ვეღარავის ამჩნევდნენ. უსასრულო ცარიელი სივრცე იფარავდა მათ სხვებისგან, მაგრამ გადაღებები დასრულდა და დამშვიდობება მოუხდათ, თუმცა დროებით. ვარსკვლავურმა წყვილმა დაქორწინება მხოლოდ 6 წლის შემდეგ შეძლო. იმ დროისთვის ვივიენს უკვე მთელს მსოფლიოში იცნობდნენ. ეპოპეამ „ქარწაღებულნი“ მილიონობით კინომაყურებლის გული მონუსხა. რომანი „ქარწაღებულნი“ ლამის ეროვნული საგანძური იყო ამერიკელებისთვის. როცა გავრცელდა ამბავი, ეკრანიზაციას აპირებენო, მთელი ამერიკა ელოდა, ვის დაამტკიცებდნენ წამყვან როლებზე. მთავარი გმირის, სკარლეტის როლზე პრეტენზიას 1500–მდე მსახიობი აცხადებდა, მათ შორის ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავებიც, მაგრამ არჩევანი ინგლისელ ვივიენ ლიზე შეაჩერეს. ვივიენმა იმედები გაამართლა თავისი როლი ბრწყინვალედ შეასრულა და პირველი ოსკარიც მიიღო ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. ოჯახური ურთიერთობები სულაც არ იყო ისეთი ტკბილი და თბილი, როგორადაც ლარი და ვივიანი მას საზოგადოებაში ასაღებდნენ, არც პრესის ნაამბობს ჰგავდა. ერთად იღებდნენ ფილმებში, ერთად თამაშობდნენ სცენაზე, უცხო თვალისთვის მათი ცხოვრება ზღაპარს ჰგავდა. მაგრამ სამწუხაროდ, წარმატებისა და სიხარულის თვალისმომჭრელი ფასადის მიღმა სასტიკი დრამა მწიფდებოდა. 1944 წელს ვივიენ ლი ტუბერკულოზით დაავადდა. ექიმებმა მას წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს. წამლების მიღებისგან ლის მანიაკალური დეპრესიის შეტევები განუვითარდა, რაც ოლივიეს ღლიდა. შეტევები ძალიან მძიმე იყო, ერთხელ თვითმფრინავიდან გადმოხტომაც კი დაუპირებია. 1960 წელს ოლივიე და ლი დაშორდნენ. ვივიენმა დაშორება მძიმედ გადაიტანა, მაგრამ არავის აძლევდა უფლებას, ლარიზე აუგი ეთქვა და მიუხედავად იმისა, რომ მის გვერდით იყვნენ მამაკაცები, სასიყვარულო თავგადასავლებზე არ წავიდა. ვივიენს სიკვდილამდე სჯეროდა, რომ ქმარი დაუბრუნდებოდა. მან ლოურენსის გვარიც კი შეინარჩუნდა და სიკვდილამდე „ ლედი ოლივიედ“ დარჩა. ავადმყოფობით დაღლილმა მსახიობმა მკურნალობაზე უარი თქვა. 1967 წლის 7 ივლისს, XX საუკუნის უდიდესი მსახიობი მარტოობაში გარდაიცვალა. ვინ იცის, რა იყო სინამდვილეში მისი ადრეული წასვლის, დრამის, სიკვდილის მიზეზი სულიერი ავადმყოფობა და ტუბერკულოზი, თუ უბედური სიყვარული და გატეხილი გული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები