მსოფლიო
რუსული აქციები არ სრულდება
2011-12-11 16:11:51
ჩამოტვირთვა
რუსეთის 99 ქალაქი და ათობით ათასი ადამიანი გაყალბებული არჩევნებისა და პუტინ-მედვედევის წინააღმდეგ. მასშტაბური აქციებისას შეტაკებები მოხდა სანკტ პეტერბურგსა და ეკატერინბურგში. პოლიციამ ქალაქებში რამდენიმე ადამიანი დააკავა. დემონსტრანტების მოთხოვნა ერთი იყო - ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომა.
აქციის მონაწილეებს უკვე უპასუხა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. რუსეთის ცესკო-ში ამბობენ, რომ არც შედეგების გადახედვას და არც თავმჯდომარის გათავისუფლებას არ აპირებენ.
იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნები არ შესრულდება, ქვეყანაში მასშტაბური აქციების გაგრძელებით იმუქრებიან.
რუსეთში სამართლიანი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით დემონსტრაცია მსოფლიოს თითქმის ყველა ქალაქში მოეწყო. დემონსტრანტები რუსეთის საელჩოებთან და საკონსულოებთან იკრიბებოდნენ. აქციაში რუსეთის მოქალაქეებთან ერთად, ადგილობრივი მაცხოვრებლებიც მონაწილეობდნენ.
რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება მსოფლიო მედიაც. მსოფლიოს წამყვანი გამოცემები მომხდარს რუსეთის გამოფხიზლებად აფასებენ. კრემლის მიერ კონტროლირებადი არხები კი ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, რომ დემონსტრაციებმა უსისხლოდ ჩაიარა, ოპოზიციის მომხრეები კი საკუთარ ბლოგებზე 24 დეკემბერს დაგეგმილ მორიგ მასშტაბურ დემონსტრაციაზე საუბრობენ.
კომენტარები