1 8 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„მონობა ომისგან ვერ დაგვიცავს. ომისგან დაგვიცავს უკრაინის გამარჯვება... „ნიურნბერგის პროცესს“ „ბუჩას პროცესი“ ჩაანაცვლებს“ - გიორგი კაპანაძე

„დღეს ომის დაწყების საფრთხე ყველა იმ ქვეყანაში არსებობს, რომელსაც რუსეთი ესაზღვრება და რომელსაც მონობას თავისუფლება ურჩევნია“ - ამბობს ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი და მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი, მთავარი ოპოზიციური პარტიიდან, გიორგი კაპანაძე

აიტივი: გიორგი, გაჩნდა ტერმინები: „აბა ომი გინდათ?“ და „ომის პარტია“... რატომ საუბრობს ოცნება ასეთი ტერმინებით?

გიორგი კაპანაძე: იმიტომ რომ შექმნან შთაბეჭდილება, რომ თითქოს ოპოზიცია ომის მომხრეა. სინამდვილეში კი, ომი სურს პუტინსა და პუტინის რუსეთს. შესაბამისად, დღეს, ომის დაწყების საფრთხე ყველა იმ ქვეყანაში არსებობს, რომელსაც რუსეთი ესაზღვრება და რომელსაც მონობას თავისუფლება ურჩევნია.

თუმცა, მოვა დრო და „რაშიზმი“ რუსებისთვისაც სამარცხვინო გახდება, რადგან შეუძლებელია პუტინი უკრაინაში ბავშვებს ხოცავდეს, რუსი სამხედროები საშინელებებს სჩადიოდნენ, მშვიდობიან ადამიანებს, მოხუცებს, ქალებს ქუჩებში ხვრეტდნენ და ეს ყველაფერი შერჩეთ.

ეს დასასრულია, პუტინის რუსეთის დასასრული. თუ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ნაცისტები ნიურნბერგში გაასამართლეს, ახლა „რაშისტებს“ გაასამართლებენ ბუჩაში. „ნიურნბერგის პროცესს“ „ბუჩას პროცესი“ ჩაანაცვლებს, რადგან ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები დეტალურად აღწერს პუტინის სამხედროების მიერ ჩადენილ  სიმხეცეს, სიბოროტეს, დანაშაულს ადამიანურობის წინააღმდეგ.

როგორ ფიქრობთ, რეალურად, ვის მხარეს არის საქართველოს ხელისუფლება?

- აშკარაა რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიციები გაუგებარია არა მხოლოდ ომში მყოფი უკრაინისათვის, არამედ, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვისაც. ისეთი ბრალდებები ისმის კიევიდან ოცნების მისამართით, რამაც შესაძლოა ძალიან, ძალიან დააზარალოს ჩვენი ქვეყანა.

ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს რომ ერთდროულად ხიდის ორივე ბოლოში ვერ იქნება. ამიტომ, მკაფიოდ უნდა აირჩიოს სად დგას და ვის მხარეს არის. გვითხრან ღიად, ვის უჭერენ მხარს: ბავშვების მკვლელ პუტინსა და რუსეთს თუ მსოფლიო თავისუფლებისათვის მებრძოლ ზელენსკისა და უკრაინას. ჯერჯერობით, მათი განცხადებებიდან მხოლოდ ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი გამომდინარეობს.

თუმცა, ოცნება ხალხს ირიბად ეუბნება რომ თუ კარგად არ მოვიქცევით, ისეთივე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, როგორშიც ახლა უკრაინაა.

- ოცნება ხალხს ირიბად მართლაც ეუბნება, თუ გვინდა რომ ომი არ დაიწყოს საქართველოში, მონები უნდა ვიყოთო. თუმცა, თვით მონობაც კი არ არის იმის გარანტია რომ პუტინი საქართველოში არ შემოიჭრება.

მეტიც, თუ პუტინი დაიპყრობს უკრაინას, დიდი ალბათობით, შემდეგ ვიქნებით ჩვენ, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი ისეთი ძალებისა, რომლებიც ლოიალურად არიან განწყობილნი პუტინის მიმართ.

რატომ? პუტინისთვის მნიშვნელოვანი არ არის სახელები და გვარები. მისთვის მნიშვნელოვანია სუვერენული სახელმწიფოების დაპყრობა-განადგურება.

შესაბამისად, მონობა ომისგან ვერ დაგვიცავს. ომისგან დაგვიცავს უკრაინის გამარჯვება. ამიტომ არის უკრაინის ომი ჩვენი ომიც.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები