2 0 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„დიდი ალბათობით, საკონსტიტუციო სასამართლო, კონსტიტუციის დარღვევის ფაქტს დაადასტურებს, რადგან პრეზიდენტს, მთავრობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება არ შეუძლია, თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმპიჩმენტს... ოცნება ცდილობს ზურაბიშვილის ჭკუა ასწავლოს და თავისი ადგილი მიუჩინოს“ - გიორგი კაპანაძე

 

დაირღვა თუ არა, კონსტიტუცია, დაიწყება თუ არა, იმპიჩმენტის პროცედურა პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართ და რა ჩაიფიქრა ქართულმა ოცნებამ?

საქართველოს კონსტიტუციის დათქმების შესახებ და იმაზე, დაინიშნება თუ არა, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები, „აიტივი“ ინტერნეტ მედია ჯგუფისა და ანტიკორუფციული პლატფორმის დამფუძნებელს, მთავარი ოპოზიციური პარტიის ერთერთ წარმომადგენელს, გიორგი კაპანაძეს ესაუბრა.

აიტივი: გიორგი, მთავრობამ შესაძლოა მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება სასამართლოს მიერ... როგორ ფიქრობთ, დაარღვია ზურაბიშვილმა კონსტიტუცია?

გიორგი კაპანაძე: ამ კითხვაზე პასუხს იძლევა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის (საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები) პირველი პუნქტის ა ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტი: „მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან...

ე.ი. გვაქვს იმპერატიული დათქმა იმის შესახებ რომ პრეზიდენტი ასეთ უფლებამოსილებას მხოლოდ მთავრობის თანხმობით ახორციელებს.

ეს კი იმას ნიშნავს რომ მთავრობის თანხმობის გარეშე პრეზიდენტს არ აქვს უფლება, განახორციელოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები საგარეო ურთიერთობებში და აწარმოოს მოლაპარაკებები სხვა სახელმწიფოებთან...

ზურაბიშვილმა კონსტიტუციის ეს მოთხოვნა დაარღვია?

- გუშინ, ზურაბიშვილმა თავად დაადასტურა რომ მთავრობამ მას წერილობით უთხრა უარი (ე.ი. არ მისცა თანხმობა) წასულიყო სხვა ქვეყნებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების საგარეო ურთიერთობებში განსახორციელებლად, რის გამოც მან, ოფიციალური ვიზიტები გააუქმა და კერძო ვიზიტით გაემგზავრა...

ანუ მთავრობის წერილობითი უარი რომ არსებობს, უკვე ვიცით...

შესაბამისად, ახლა გასარკვევია მხოლოდ ერთი რამ: განახორციელა თუ არა, ზურაბიშვილმა სხვა სახელმწიფოებში თუნდაც კერძო ვიზიტით მოგზაურობისას წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობებში ან აწარმოა თუ არა, მოლაპარაკება სხვა სახელმწიფოებთან ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

თუ ამ კითხვას გაეცემა დადებითი პასუხი, გამოდის რომ მან ნამდვილად დაარღვია კონსტიტუცია, რაც თავის მხრივ, იმპიჩმენტის საფუძველია.

გამოდის რომ შესაძლოა, უმრავლესობამ ზურაბიშვილს იმპიჩმენტი გამოუცხადოს და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს?

- რაც შეეხება იმპიჩმენტს, ამ საკითხს არეგულირებს კონსტიტუციის 48-ე მუხლი. კერძოდ: ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმპიჩმენტის აღძვრა შეუძლია პარლამენტის წევრთა ერთ მესამედს (50 დეპუტატს).

საკითხი კი უნდა წარუდგინონ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც თავის მხრივ, წარდგენილ საკითხს იხილავს და პარლამენტს დასკვნას წარუდგენს ერთ თვეში.

მე-2-ე პუნქტის მიხედვით კი,  თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა ამ შემთხვევაში, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, პარლამენტი, დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის იმპიჩმენტის წესით მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.

თუმცა, მე-3-ე პუნქტის შესაბამისად, პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი - 100 დეპუტატი.

კონსტიტუცია აწესებს იმპიჩმენტის წესით პირის თანამდებობიდან გადაყენების ვადებსაც...

მაგალითად, მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ პარლამენტმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში (ანუ ორი კვირის განმავლობაში)  არ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენების შესახებ, იმავე საფუძვლით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაუშვებელია.

ხოლო 48-ე მუხლის მე-5-ე პუნქტის ჩანაწერიდან გამომდინარე, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით არის შესაძლებელი.

და კიდევ: ამავე მუხლის მე-6-ე პუნქტის მიხედვით, დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის განხორციელება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს. აი, ასეთია კონსტიტუცია დღეს...

შეძლებს ოცნება საქმის ბოლომდე მიყვანას?

- იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას (დიდი ალბათობით ასეც იქნება) ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობას, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმპიჩმენტს... ჩემი აზრით, ოცნება იმპიჩმენტს არ დაიწყებს ორი ძირითადი მიზეზის გამო:

1. არ აწყობს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

2. შესაძლოა საჭირო ხმების პრობლემა შეექმნას.

მაშინ, როგორ ფიქრობთ, რისთვის დაიწყო მთავრობამ მთელი ეს პროცედურა?

- მათი გათვლა მარტივად გამოსაცნობია...  

ერთი მხრივ, საზოგადოებას, საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნით (თუ ასეთი დასკვა დაიდო) ეცოდინება რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია.

ხოლო მეორე მხრივ, ოცნება გამოიჩენს „დიდსულოვნებას“ პრეზიდენტის მიმართ და გაუშვებს დადგენილ ორ კვირიან ვადას... თუმცა, მთელი ამ პროცედურით ეცდება, რომ მას „ჭკუა ასწავლოს“ და თავისი ადგილი მიუჩინოს, რათა მომავალში ვეღარ გაბედოს მსგავსი რამ...

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები