1 0 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

,,ლიბერთი განათლებისთვის“ - ბანკი ინოვატორი ახალგაზრდების მხარდამჭერას აგრძელებს

2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტების ვინაობა ცნობილია. კონკურსის მთავარი პრიზი - აშშ-ში ნასას საზაფხულო ბანაკში გამგზავრება, გუნდმა “LIGGA“-მ პროექტით, „რადიაციის კვლევის, მონიტორინგისა და უსაფრთხოების სისტემა“ მოიპოვა. გუნდის მიერ შექმნილი პროექტის საშუალებით, შესაძლებელია ოთახებსა და შენობებში რადიაციის დონის კონტროლი და რადიაციის გავრცელების არეალის განსაზღვრა. გამარჯვებული გუნდის წევრები გაემგზავრებიან აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებენ NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში. კონკურსს აფინანსებს აშშ-ის საელჩო საქართველოში.

მეორე ადგილზე გასული გუნდი - „Firelink“, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებით, აშშ-ში სტენფორდის უნივერსიტეტის iD Tech ბანაკში მიიღებს მონაწილეობას.

მესამე ადგილზე გასული გუნდის - „Mad Scientist”-ის წევრებს, ლიბერთი ბანკი სასწავლო ვიზიტით ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში, შვეიცარიაში, გაუშვებს.

გუნდი „Atemporal” კომპანია EPAM-ის რჩეული გახდა და მისი წევრები, პოლონეთში EPAM Garage ტექნოლოგიების ბანაკს დაესწრებიან. 

„კონკურსის ერთგული პარტნიორების და ახალი მხარდამჭერების დახმარებით, წელს, ოთხი სხვადასხვა გუნდი დაჯილდოვდა საერთაშორისო სამეცნიერო ბანაკებში მონაწილეობით. გუნდები, აშშ-სა და ევროპის საუკეთესო STEM პროგრამებს დაესწრებიან. ძალიან მადლიერები ვართ ჩვენი პარტნიორების და ვიმედოვნებთ, რომ ეს კიდევ უფრო გაზრდის ახალგაზრდა თაობის დაინტერესებას საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური STEM დარგების მიმართ“, - განაცხადა მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მეორე ადგილზე გასული გუნდის წევრებმა, რომელიც გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემიის სკოლის მოსწავლეები არიან, შექმნეს მიკროტექნოლოგიასა და სენსორებზე დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი სადგურების ქსელი, ტყის ხანძრების ადრეული მონიტორინგისთვის.

მესამე ადგილზე გასულმა გუნდმა „Mad Scientist”, რომელიც შედგება თბილისის და გორის სკოლების მოსწავლეებისგან, შექმნეს პროექტი - „უნივერსალური მეგობარი სახლი“. გუნდის ერთ-ერთი წევრი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა. სწორედ მისი გამოცდილების გათვალისწინებით, გუნდმა შეიმუშავა პროექტი, რომლის საშუალებით, მოხმარებელს შეუძლია ხმოვანი ბრძანებებით და ხმოვანი შეტყობინებებით მართონ სახლში არსებული ნებისმიერი ტექნიკა, როგორც სახლიდან, ასევე დისტანციურად.

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი დიდ როლს ასრულებს მომავალი თაობის წინსვლაში. ის მნიშვნელოვნად ზრდის ასობით სკოლის მოსწავლის მოტივაციას ისწრაფოდნენ ახალი აღმოჩენებისაკენ. ვფიქრობთ, ლიბერთის მიერ დაწესებული პრიზი - სასწავლო ტური ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში გუნდისთვის „Mad Scientist”-ი ახალი იდეების საფუძველი გახდება. განათლების ხელშეწყობა  ლიბერთის სტრატეგიული მიმართულებაა და ჩვენ შემდგომშიც გავაგრძელებთ მომავალი თაობის განათლებაზე ზრუნვას. ლიბერთის გუნდის სახელით, ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ კონკურსის ყველა მონაწილეს.“ - განაცხადა ბექა გოგიჩაიშვილმა, ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. „საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება კიდევ უფრო გვაახლოებს თანამედროვე მსოფლიოსთან და ხელს უწყობს ახალი თაობის გამომგონებლების, ინჟინრებისა და სტარტაპების გაძლიერებას. ჩვენი მთავრობის და სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს, ტექნოლოგიების და საბუნებისმეტყველო-სამეცნიერო განათლების განვითარება წარმოადგენს“ - აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დაჯილდოების ცერემონიაზე.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი წელს მერვედ ჩატარდა, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. „აშშ საელჩო საქართველოში 2014 წლიდან მხარს უჭერს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს, რომლის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციური პროექტების და იდეების განხორციელების წახალისება. ძალიან ვამაყობთ ამ კონკურსით და მოხარულები ვართ, რომ ყოველწლიურად კონკურსში მონაწილეობას იღებს როგორც თბილისის, ასევე რეგიონის სკოლების მოსწავლეები,“- განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.

საპრიზო ადგილზე გასული გუნდების გარდა, ფინალურ ეტაპზე გასულ გუნდებს სპეციალური პრიზები გადასცეს კონკურსის პარტნიორმა ორგანიზაციებმა: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ჯეოლაბმა, აკადემია „ლეტერატომ“ და კომპანია „allmarket.ge“-მ.

წელს კონკურსს 12 ფინალისტი გუნდი ჰყავდა თბილისის, ახალციხის, ქუთაისის, სენაკის, ბათუმის და გორის სკოლებიდან, რომლებმაც პროექტები კოსმოსისა და ავიაციის, რობოტექნიკის, მობილური ტექნოლოგიებისა და აპლიკაციების, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, ენერგეტიკის თუ ტრანსპორტის დარგებში განავითარეს. კონკურსი მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას და დაინტერესების გაზრდას საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგების მიმართ. კონკურსში დღეისათვის 2,500-ზე მეტ მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები