1 2 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საინფორმაციო ბრიფინგი რეგისტრაციიდან მოხსნილი, რეგისტრაცია ძალადაკარგული და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლებების შესახებ

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) რეგისტრაციიდან მოხსნილი, რეგისტრაცია ძალადაკარგული და მისამართის გარეშე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლებების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ საკანონმდებლო რეგულაციებზე  ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა ისაუბრა. 

კანონმდებლობის მიხედვით, ამომრჩეველი, რომელსაც აქვს იურიდიული ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი და მოხსნილია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან, ან მისი რეგისტრაცია ძალადაკარგულად გამოცხადდა, 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში შედის ბოლო რეგისტრაციის ადგილის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

რაც შეეხება მისამართის გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს,  ისინი ამომრჩეველთა ერთიან სიაში შედიან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

რეგისტრაციიდან მოხსნილმა, რეგისტრაცია ძალადაკარგულმა და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულმა ამომრჩევლებმა, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილიც არ არის მითითებული სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში,  არჩევნების დანიშვნის დღიდან, მიმდინარე წლის 11 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მიუთითონ  ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და ციფრულ ფორმატში გადაიღონ  ფოტოსურათი. აღნიშნული პროცედურის გავლისას ზემოაღნიშნული მოქალაქეები ისარგებლებენ გარკვეული შეღავათებით.

მივმართავთ რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, დროულად მიმართონ  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  11 სექტემბრის ჩათვლით და გაიარონ შესაბამისი პროცედურები. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ მოხვდებიან ამომრჩეველთა ერთიან სიაში და შესაბამისად ვერ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები