1 0 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამერიკა ცხინვალის არჩევნებს არ აღიარებს და რუსეთს შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს

ჩამოტვირთვა

ამერიკის შეერთებული შტატები ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარებული დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს . ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარკ ტონერმა განაცხადა. "აშშ არ ცნობს ამ ე.წ. არჩევნებისა და რუსულ ენასთან დაკავშირებით ჩატარებული რეფერენდუმის ლეგიტიმურობას, რომელიც საქართველოს რეგიონში – სამხრეთ ოსეთში გაიმართა. ჩვენ ვადასტურებთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხს, რომელიც საერთაშორისო დონეზეა აღიარებული", – აღნიშნა ტონერმა. მისივე განცხადებით, ამერიკა კვლავ მოუწოდებს რუსეთს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დოკუმენტის შესრულებისკენ, მათ შორის - საკუთარი ჯარები იმავე პოზიციებზე განათავსოს, როგორც ეს კონფლიქტამდე იყო და უზრუნველყოს ამ ქართულ რეგიონებში – ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ჰუმანიტარული ტვირთის შესვლა. ამასთან, "არჩევნების" ლეგიტიმურობას არ აღიარებენ ევროკავშირი და ნატო. შესაბამისი განცხადებები ამ საერთაშორისო ორგანიზაციებმა უკვე გაავრცელეს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 13 ნოემბერს გაიმართა. იმის გამო, რომ 11 კანდიდატიდან ხმათა 50% ვერც ერთმა ვერ დააგროვა, 27 ნოემბრისთვის მეორე ტური დაინიშნა. გარდა ამისა, 13 ნოემბრის "რეფერენდუმის" შედეგების მიხედვით, რუსულ ენას ე.წ. სამხრეთ ოსეთში სახელმწიფო ენის სტატუსი ექნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები