1 5 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ფესვებისთვის“ შეწირული სიცოცხლე...

ჩამოტვირთვა

მისი ცხოვრება ბავშვობაში ზღაპრის წიგნებიდან ამოკითხულ ერთ ფრაზას ჰგავს - „იყო და არა იყო რაო“ რომ წერია... მართლაც იყო და აღარ არის. წარმოუდგენელია მისი მისამართით გამოიყენო სიტყვა მოკვდაო, არა, ის არ მომკვდარა, ის იცოცხლებს მანამ, სანამ დედამიწაზე სულდგმულად ივლის მისი სახელის მახსენებელი, მოტრფიალე თუნდაც ერთი კაცთაგანი. „არა მეგობარო, აქ აღარ დაბრუნდე აქ გაგეფანტება ოცნების ნიჭი ოცნება დაალპეს, წაბილწეს, გაქურდეს... ცრემლსაც კი დაკარგავს ლამაზი ბიჭი“... არისტოკრატი სევდიანი ღიმილით, მართლაც სევდის მორევს ჰგავდა მისი თვალები, …საოცრად თავმდაბალი…უყვარდა ყველას, ყველა ასაკში და არა მხოლოდ გარეგნობის გამო. ეს ადამიანი ერთი დიდი სხივი იყო, ის სხივი, რომელიც დღეს თბილისსა და მთელ საქართველოს აკლია .... დიახ ეს ლევან აბაშიძეა. პიროვნება , რომელმაც წასვლის შემდეგაც დატოვა სინათლე… ვერასდროს იტანდა ,,ჩარჩოებს’’,დოგმებს, ერთფეროვნებას… ყველა და ყველაფერი დათმო, მიატოვა და წავიდა იქ, სადაც არ შეეძლო, რომ არ წასულიყო… წავიდა და დაიკარგა…აფხაზეთთან ერთად დაიკარგა… რომ არა ავბედითი 1992 წელი და აფხაზეთის ომი, ლევან აბაშიძე ალბათ დიდხანს გაახარებდა ქართველი ადამიანების გულებს, ის არც მარტო ეკრანს ეკუთვნოდა, არც სიგიჟემდე შეყვარებულ ქალებს, არამედ იცოდა, რომ ის სამშობლოს ეკუთვნოდა უპირველესად… და თავიც ამ უპირველესს შესწირა. 1987 წელს ფრანგულმა პრესამ კანის ფესტივალის მიმოხილვაში, ლიკა ქავჟარაძე მონიკა ვიტის შეადარა, ლევან აბაშიძე კი მარლონ ბრანდოს. ისე, თავად ლევანმაც, როდესაც სამი მსახიობის დასახელება სთხოვეს, ჟერარ ფილიპთან და ლიუბშინთან ერთად, სწორედ ბრანდო დაასახელა სამ საუკეთესო მსახიობს შორის. ფრანგები იმედოვნებდნენ, რომ ლევან აბაშიძეც მალე ავიდოდა ასეთ სიმაღლეზე. მაგრამ ლევანს ეს არ დასცალდა და ის მხოლოდ ქართული კინოს ჟერარ ფილიპად დარჩა. შემდეგ იყო გიორგი შენგელაიას ფილმი “ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა” ლევანის ბავშვობა სავსე იყო ტრავმატოლოგიურ-რომანტიკული თავგადასავლებით. ერთხელ თურმე შეყვარებულისთვის იჩხუბა და თითიც მოიტეხა, მერე ეს თაბაშირი შეინახა და თურმე საკონტროლო წერების დროს მშვენივრად იყენებდა. ერთხელ ფეხმოტეხილი წასულა ბიჭვინთაში და შეყვარებულის გამო მეშვიდე სართულზე თაბაშირიანი ფეხით ასულა, მხოლოდ იმიტომ, რომ ყვავილები დაეტოვებინა კართან. ქეთუსია იგნატოვა იხსენებს, რომ მხოლოდ მან იცოდა ერთი ყვავილის განსაკუთრებული ელეგანტურობით მირთმევა და მხოლოდ მას შეეძლო ნებისმიერი ასაკის ქალის მოხიბვლაო. ლევან აბაშიძის გვერდით მუდამ ლამაზი ქალები იყვნენ და ეს ქალები ხშირად იცვლებოდნენ… გაუთავებელი რომანები ჰქონდა…” და ამ გაუთავებელ რომანებს შორის იყო ერთი დიდი და გამორჩეული რომანი – ლევანის და მოლდაველი მსახიობი გოგონას, მიკას რომანი… მიკამ და ლევანმა მოლდავაში თეატრალურ უნივერსიტეტში გაიცნეს ერთმანეთი და მათი რომანიც ასე დაიწყო. ლევანის დედა იხსენებს: 1992 წელს, დაიწყო თუ არა აფხაზეთის ომი, ლევანი ომში წასასვლელ გზებს ეძებდა. არადა, ერთდროულად სამ ფილმში იღებდნენ. როგორც მშობლები იხსენებენ, ლევანი ნერვიულობდა, აფხაზეთში ომია და რა დროს თამაშიაო. 5 სექტემბერს ლევან აბაშიძე გადაღებებიდან თბილისში დაბრუნდა და ნახა აფხაზეთიდან რამდენიმე დღით ჩამოსული მისი მეგობარი გია ნადირაშვილი. რომელიც მეორე დღეს, გამთენიისას, აფხაზეთში ბრუნდებოდა. მან ისიც გაიგო, რომ ვერტმფრენში ერთი ადგილი იყო. ლევან აბაშიძემ თბილისი 6 სექტემბერს დატოვა. სოხუმში 3-4 საათზე ჩაფრიდნენ. შტაბში ბიჭები ტელევიზორს უყურებდნენ. შედის გია ნადირაშვილი და მებრძოლებს ეუბნება: ნახეთ, ბიჭებო, ვინ მოგიყვანეთო ...მეგობრებსა და ნაცნობებზე ლაპარაკიც არაა, ყველას გაუხარდა მისი დანახვა. ის ღამე და მეორე დღეს, 7 სექტემბერს, ნაშუადღევს, ერთად არიან ბიჭები – სულხან სულხანიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, გია ნადირაშვილი და ლევან აბაშიძე. ბრძოლის ველი. სანგარი. საბედისწერო ყუმბარა და ოთხი ბიჭიდან მხოლოდ გიორგი გაჩეჩილაძე დარჩა ცოცხალი. ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ ქართულ (და არამარტო ქართულ) კინოს ხელიდან გამოსტაცა ახალგაზრდა, 28 წლის ულამაზესი მამაკაცი. ლევან აბაშიძე ლანა ღოღობერიძემ ფრესკიდან გადმოსულს შეადარა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები