1 5 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი კონცეპტი თანამედროვე ხელოვანის ქეთი კაპანაძის გამოფენას მასპინძლობს

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ქეთი კაპანაძის პერსონალურ გამოფენას „საწამლავი წყვილისთვის”. გამოფენის სათაური ეფუძნება ხელოვანის მიერ 1990 წელს შექმნილ ამავე სახელწოდების შავ-თეთრ ფოტოს, რომელზეც ორი ძველებური სუნამოს ბოთლია გამოსახული.

ექსპოზიცია აერთიანებს ხელოვანის შემოქმედების ადრეული პერიოდის რამდენიმე სერიას, რომლებიც საქართველოში პირველად იქნება ნაჩვენები და თიბისი კონცეპტის ორივე საგამოფენო სივრცეში იქნება წარმოდგენილი.

1990-იანი წლების დასაწყისში გადაღებულ კონცეპტუალურ ფოტოსერიასთან ერთად, გამოფენაზე დამთვალიერებელი გაეცნობა 1980-იანი წლების ნახატების სერია Anima Ex Machina - ქაღალდზე შავი გუაშით შესრულებული ნამუშევრები და ტექსტები, რომელთა შესრულებაც მან ავტომატური წერის სავარჯიშოს პრინციპით დაიწყო. ქაღალდის შემდეგ მან მუშაობა მუყაოზე გააგრძელა, ის შავი გუაშით დაფარა და ამ ფონზე თეთრი საღებავით ტექნიკური ნახაზები და დიაგრამების ტიპის ნამუშევრები დახატა. ხელოვანის აზრით, შავი სიბრტყე ის სივრცეა, რომელშიც ყველა ინფორმაცია „ინახება“, ამ სიშავიდან ამოტივტივებული დიაგრამები და ციფრები კი რებუსების მსგავსი ნახატების ფორმას იღებს. ნამუშევართა ნაწილი 80-იან წლებში დაიკარგა, თუმცა  მოგვიანებით ნამუშევრების ფოტოებიდან განმეორებითი აღდგენა და სერიისთვის ახალი ნაწილის დამატება 2003-2004 წლებში მოხდა.

გამოფენაზე, ასევე წარმოდგენილი იქნება რამდენიმე ფერწერული ტილო 2010 წლის სერიიდან „აკაშას ქრონიკები”. აკაშა სანსკრიტზე სივრცესა და ჰაერს ნიშნავს და შესაბამისად, სერიაში გაერთიანებული ნახატების ტექნიკური შესრულებაც სწორედ სივრცითა და ჰაერით გაჯერებული გარემოს წარმოსახვის მიზანს ემსახურება.

ქეთი კაპანაძემ შემოქმედებითი მოღვაწეობა თბილისში 1980-იან წლებში დაიწყო. ის მეათე სართულისა და მარჯანიშვილელების თაობაა, თუმცა ის ამ დაჯგუფებების წევრი არასდროს ყოფილა. იგი ერთ-ერთი პირველი ფემინისტი ხელოვანია, რომელიც თავისი იდენტობის კვლევასა და დეფინიციას 1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-იანების დასაწყისში შესრულებული კონცეპტუალური ფოტოების სერიით შეეცადა. თიბისი კონცეპტში გამოფენილი ფოტოები მისი ერთგვარი ადრეული ავტოპორტრეტია, სადაც ძველებური სუნამოს ბოთლები, გატეხილი ფინჯანი, დამტვერილი კომოდი, თუთიყუშია გაერთიანებული.

ქეთი კაპანაძის ნამუშევრები ხშირად იფინება გერმანიაში, სადაც ის Baumann Stiftung-ის დახმარებით 2000 წელს გადავიდა საცხოვრებლად. ის იყო Johannes Gutenberg University-ის (მაინცი, გერმანია) მიწვეული პროფესორი, მოგვიანებით 2020 და 2021 წლებში კი თავისუფალი უნივერსიტეტის, VAADS-ის სადიპლომო პროექტების ხელმძღვანელი. მისი ნამუშევრები დაცულია ევროპის ისეთ მნიშვნელოვან კოლექციებში როგორებიცაა: ბოხუმის მუზეუმი, შტუტგარტის სახელმწიფო გალერეა, კულტურის სამინისტრო შტუტგარტში, ევროპის საპატენტო ოფისი (მიუნხენი), ხელოვნების სახელმწიფო გალერეა გიოპინგენში, MMoma მოსკოვში. ქეთი კაპანაძის ნამუშევრები ასევე ინახება აშშ-ში ნენსი და ნორტონ დოჯის კოლექციაში Zimmerli Art მუზეუმში. ხელოვანი თბილისში იფინება გალერეა „არტ ბიტში”, ბონში კი გიზელა კლემენსის გალერეაში.

ქეთი კაპანაძე ცხოვრობს და მუშაობს გერმანიასა და საქართველოში.

გამოფენის კურატორი: ირინა პოპიაშვილი

გამოფენის გახსნა: 10 აპრილი, 2024 | 18:00

გამოფენის ხანგრძლივობა: 10 აპრილი - 30 მაისი, 2024

მისამართი: თიბისი კონცეპტი, კ. მარჯანიშვილის #7.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები