1 4 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მეტრო​ „ახმეტელთან“​ გარევაჭრობისთვის განკუთვნილი კონსტრუქციები აიღეს

ჩამოტვირთვა

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარედ განთავსებული გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები აიღეს, ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილეს, უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ.

თბილისის მერის მოადგილის, გიგა ნიკოლეიშვილის განცხადებით, გარემოვაჭრეებს უკანონო საქმიანობის გაგრძელების უფლება აღარ მიეცემათ.

„ჩვენ მათ  ბაზრობებზე შესვლას და სამეწარმეო საქმიანობის იქ გაგრძელებას ვთავაზობთ. პირობები იგივე იქნება - პირველი 6 თვის მანძილზე საიჯარო გადასახადს არ გადაიხდიან“,- განაცხადა  გიგა ნიკოლეიშვილმა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გლდანის ტერიტორიაზე  ერთ-ერთი ბაზრის ხელმძღვანელობას  უკვე მიმართა 80-მდე მოვაჭრემ. ადმინისტრაციის განცხადებით, მათ დღესვე შეუძლიათ კიდევ 120 ადგილის შეთავაზება და საჭიროების შემთხვევაში, კიდევ შეძლებენ დამატებითი ადგილების გამოყოფას.

დედაქალაქის მთავრობის მიერ გამართული მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ბაზრობების ასოციაცია, შეღავათიანი პირობებით, გარემოვაჭრეებს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით, ადგილებს დაუთმობს, ბაზრობების დირექცია კი  მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის ყველა პირობას შეუქმნის. 

გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია რკინიგზის სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოსთან, მეტროსადგურ "დიდუბესთან“, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეუძლიათ.

გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით, თბილისის მერიასა და რაიონულ გამგეობებს, ასევე მაჟორიტარ დეპუტატებს მოქალაქეებმა არაერთხელ მიმართეს. 

თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გარევაჭრობა უკანონოდ ხორციელდება, ასევე, ირღვევა მალფუჭებადი პროდუქციის შენახვის პირობები, ხდება გაურკვეველი წარმოების პროდუქციის გაყიდვა, ჩნდება ანტისანიტარია, მახინჯდება თბილისის იერსახე და ფერხდება გადაადგილება. 

დედაქალაქის მერიამ უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება 19 მარტს, მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. ანალოგიური ღონისძიებების გატარებას მერია მომავალშიც გეგმავს და მოვაჭრეებს უნებართვო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები