1 3 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

ნიკო ბაგრატიონი (ბური) – მებრძოლი უფლისწული საქართველოდან

ჩამოტვირთვა

მცხეთა-მთიანეთის რაიონის სოფელ მუხრანში დღეს ნიკო ბაგრატიონის, იგივე ნიკო ბურის, მემორიალური დაფა გაიხსნა. ქართველი უფლისწულის მემორიალმა მისი მშობლიური სახლის ეზოში დაიდო ბინა. დღესვე მუხრანის პირველ საჯარო სკოლას მისივე სახელი მიენიჭა და მისი ცხოვრების ამსახველი კუთხეც გაიხსნა. ნიკო ბურისადმი მიძღვნილი ღონისძიება სამხრეთაფრიკელი ფერმერების ინიციატივითა და მხარდაჭერით ჩატარდა. მემორიალის გახსნას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, პაპუნა დავითაია, პრეზიდენტის რწმუნებული მცხეთა მთიანეთის რაიონში, ცეზარ ჩოჩელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩახნაშვილი, და საქართველოში მყოფი ბური ფერმერები ესწრებოდნენ. პაპუნა დავითაიამ ბურ ფერმერებსა და მუხრანის სკოლას ნიკო ბურის ცხოვრებაზე დაწერილი ინგლისურენოვანი წიგნები გადასცა. ღონისძიებას, ქართველ ჟურნალისტებთან ერთად, სამხრეთ აფრიკის წამყვანი მედიასაშუალებებიც აშუქებდნენ. ნიკო ბაგრატიონი მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის დამდეგის ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწე გახლდათ. ქართველ უფლისწულს ბურად მას შემდეგ მოიხსენიებდნენ, რაც 1900-1901 წლებში მოხალისედ წავიდა ინგლის-ბურების ომში. ნიკო არჩილ მეორის შთამომავალი გახლდათ. იგი 1868 წელს, მუხრანში, რუსეთის არმიის ოფიცრის, გიორგი და ანა ბაგრატიონების ოჯახში დაიბადა. მშობლებმა ნიკო კარგ მეომრად და მსროლელად აღზარდეს. 1899 წელს ნიკო ბაგრატიონი პეტერბურგში გაემგზავრა, იქიდან - პარიზში, შემდეგ მარსელზე გავლით ალექსანდრიაში ჩავიდა. ეგვიპტეში მის ჩასვლას დაემთხვა ინგლისელებისა და ბურების ომი. ბაგრატიონი, როგორც მოხალისე, ტრანსვაალში გაემგზავრა და ინგლისელების წინააღმდეგ იბრძოდა. ერთ-ერთი ბრძოლის დროს ინგლისელებმა ნიკო ბარგატიონი დაატყვევეს და დახვრეტა მიუსაჯეს. მოგვიანებით, როგორც საქართველოს სამეფო გვარის შთამომავალს, განაჩენი წმ. ელენეს კუნძულზე გადასახლებით შეუცვალეს, საიდანაც იგი ჯერ საფრანგეთში, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა. თავგადასავლებით აღსავსე საკუთარ ცხოვრებაზე ნიკო ბურმა ავტობიოგრაფიული წიგნი, სახელწოდებით "ბურებთან" დაწერა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ნიკო ბური ღიად ილაშქრებდა ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ, მან დაკარგა მთელი ქონება, თუმცა სასწაულით გადაურჩა 1920 წლის ბოლშევიკურ ”წმენდას”, რომელმაც ფაქტობრივად, გაანადგურა ქართული თავად-აზნაურობა. თავისი ცხოვრების ბოლო წლები კი ქართველმა უფლისწულმა უკიდურეს სიღარიბეში გაატარა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები