1 4 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„შეიძლება რისკების შემცველი იყოს.. მიზანშეწონილი იქნება, საქართველომ ჩინეთიდან ჩამოსულებისთვის საზღვარზე კოვიდკონტროლი გააძლიეროს“ - ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ მიზანშეწონილი იქნება, საქართველომ ჩინეთიდან ჩამოსული პირებისთვის საზღვარზე კოვიდკონტროლი გააძლიეროს.

ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში მსოფლიოში ფიქსირდება ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენციები, რაც შეიძლება რისკების შემცველი იყოს საქართველოსთვისაც:

„საახალწლო დღეებში გაზრდილი მობილობის და სოციალური აქტივობების მიუხედავად საქართველოში შენარჩუნებულია სტაბილურად კარგი COVID ეპიდსიტუაცია. COVID კვლავ წარმატებით იმართება, როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექცია. ბოლო 1 თვის მონაცემებით საქართველოში COVID გარდაცვალება კვლავ შენარჩუნებულია მინიმალურ ნიშნულზე. ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო 1 კვირაში მცირედით გაიზარდა, მაგრამ არ აღემატება დღეში 200-300 შემთხვევას.

დღეში საშუალოდ კეთდება 6-7 ათასი ტესტი COVID-ზე, დადებითობის მაჩვენებელი 3,5%-ის ფარგლებშია. ბოლო 9 თვის მანძილზე, მათ შორის ბოლო 1 თვის მანძილზე ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოში COVID გარდაცვალების შემთხვევები ბევრად, შეუდარებლად ბევრად (10-ჯერ და მეტად) ნაკლებია, ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, მათ შორის ისეთებშიც (აშშ, გერმანია, სკანდინავიის ქვეყნები, იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, ისრაელი), რომლებიც სანიმუშოდ ითვლებიან COVID-ის მართვაში.

ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ საქართველოში გრიპის და სხვა რესპირაციული ვირუსული ინფექციების სიმრავლისა და კლინიკების გადატვირთვის მიუხედავად, ეს ინფექციებიც ძალიან კარგად იმართება და სეზონზე ჯერ გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ გვქონია. მაგალითისთვის, აშშ-ში CDC-ის ოფიციალური მონაცემებით იგივე პერიოდში დაფიქსირებულია გრიპით გარდაცვალების დაახლოებით 14 000 შემთხვევა.

ამავე დროს, ბოლო პერიოდში მსოფლიოში ფიქსირდება COVID ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენციები, რაც შეიძლება რისკების შემცველი იყოს საქართველოსთვისაც.

ამიტომ საჭიროა სასწრაფოდ გაკეთდეს დეტალური ანალიზი და დროულად იქნეს მიღებული საპასუხო ზომები (ჯანდაცვის სამინისტრო და კლინიკური ჯგუფი ამაზე უკვე მუშაობს). ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანაში დღეს არსებული COVID სიტუაცია შევინარჩუნოთ და მართვის სადავეები ხელიდან არ გაგვექცეს.

 

კერძოდ, ბოლო დღეებში მსოფლიოში ფიქსირდება როგორც COVID ახალი შემთხვევების ზრდა (500 ათასზე მეტი დღეში), ისე განსაკუთრებით COVID გარდაცვალების შემთხვევების მატება (1600 გარდაცვალებაზე მეტი დღეში). ა.წ. 6 იანვარს მარტო იაპონიაში დაფიქსირდა COVID-ის 245 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა და 456 გარდაცვალება, აშშ-ში – 30 ათასი ახალი შემთხვევა და 220 გარდაცვალება, ისრაელში – 1386 ახალი შემთხვევა და 17 გარდაცვალება და ა.შ…

ცალკე თემაა COVID-ის გავრცელება ჩინეთში. ეს ქვეყანა ზუსტი მონაცემების გამოქვეყნებისგან თავს იკავებს, მაგრამ სხვადასხვა ავტორიტეტული წყაროების მიხედვით ჩინეთში ყოველდღიურად ფიქსირდება რამდენიმე ათეული მილიონი COVID ახალი შემთხვევა და დაახლოებით 9 000 COVID გარდაცვალება! ჯანმომ უკვე მიმართა ჩინეთს თხოვნით, რომ რეგულარულად გამოაქვეყნონ ზუსტი რიცხვები, რათა შესაძლებელი იყოს რისკების შეფასება და მათზე რეაგირება. ვფიქრობთ, მიზანშეწონილი იქნება საქართველომ გააძლიეროს COVID კონტროლი საზღვარზე (COVID-ზე ტესტის შედეგის მოთხოვნა და სხვ.) ჩინეთიდან ჩამოსულ პირებზე.
რამდენადაც საქართველოში სხვადასხვა რესპირაციული ინფექციების შემთხვევების სიხშირე მაღალია და მხოლოდ კლინიკური გამოვლინებების მიხედვით (ტესტირების გარეშე) COVID-ის და სხვა რესპირაციული ინფექციების ერთმანეთისგან გარჩევა ძნელია, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა პირმა, ვისაც ექნება ნებისმიერი რესპირაციული ინფექციის კლინიკური გამოვლინებები, პირველივე დღეებში (სასურველია პირველივე დღეს) აუცილებლად ჩაიტაროს ტესტი COVID-ზე და დადასტურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს ოჯახის ექიმს და შეასრულოს მისი რეკომენდაციები. ამით ძალიან მაღალი ალბათობით თავიდან ავიცილებთ დაავადების დამძიმებას, ჰოსპიტალიზაციას და რაც მთავარია არასახარბიელო გამოსავალს. კიდევ ერთხელ შევახსენებ მოსახლეობას, რომ ბოლო თვეების მანძილზე იმ COVID ავადმყოფებში, რომლებმაც დროულად ჩაიტარეს ტესტირება და ჩვენების არსებობის შემთხვევაში დროულად დაიწყეს მკურნალობა ანტივირუსული მედიკამენტებით – პაქსლოვიდით ან რემდესივირით, COVID გარდაცვალების პრაქტიკულად არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ამასთან ერთად, კიდევ ერთხელ მივმართავ ოჯახის ექიმებს და კლინიკებს, რომ COVID-ზე უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში, რესპირაციული ინფექციებით ავადმყოფებში ფართოდ გამოიყენონ გრიპზე ტესტირება და ჩვენებების შემთხვევაში გამოიყენონ სპეციფიკური ანტივირუსული მედიკამენტი – ოსელტამივირი (ტამიფლუ). ეს საშუალებას მოგვცემს მაღალი ალბათობით თავიდან ავიცილოთ პაციენტების დამძიმება, გართულებები და რაც მთავარია არასახარბიელო გამოსავალი.
და კიდევ“, – წერს თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები