0 2 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

ქებათა ქება ნიკორწმინდას

ჩამოტვირთვა

ტაძარი, რომელსაც გალაკტიონ ტაბიძემ შეუდარებელი სტრიქონები მიუძღვნა რაჭაში, ამავე სახელწოდების სოფელში მდებარეობს. ქართული კულტურის ეს მნიშვნელოვანი ძეგლი ეროვნული ხუროთმოძღვრების საკვირველებად მიიჩნევა. აგებულია 1010-1011 წლებში. ეკლესია აგებულია მაღლობზე და მისი დანახვა სოფლის ყველა წერტილიდან არის შესაძლებელი. ნიკორწმინდის ტაძარი ექვსფასადიანი, ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა. გარედან მოკლემკლავებიანი სწორკუთხა ჯვრის ფორმა აქვს. დასავლეთიდან და სამხრეთიდან მიშენებული აქვს კარიბჭეები. სამხრეთი კარიბჭის კამარა ჩუქურთმებითა და ცხოველთა გამოსახულებებითაა შემკული. ინტერიერში შემონახულია მე–17 საუკუნის ფრესკები, გვიანდელი ხანის ქართული კედლის მხატვრობისათვის დამახასიათებელი ნიმუშები. ეკლესიის ფასადები შემოსილია კარგად გათლილი ქვით და დაუმუშავებელია უწყვეტი თაღედით. ასეთივე თაღედით არის დამუშავებული 12-სარკმლიანი გუმბათის ყელიც. ნიკორწმინდის ფასადები მორთულია მნიშვნელოვანი რელიეფური ქანდაკებებით. გამოსახულია რეალური და ფანტასტიკური ცხოველები. ისტორიული წყაროების მიხედვით, ტაძარს კომუნისტები საქონლის სადგომად და თივის შესანახად იყენებდნენ. როგორც გულნაზ კობახიძე-გურგენიძე ამბობს, ტაძრის შიდა ფასადის ერთერთი კედელი ომში მიმავალი ჯარისკაცების სახელებით იყო აჭრელებული. როდესაც ეს წარწერები მოაშორეს, აღმოჩნდა, რომ იმ კედელზე მთავარანგელოზის ფრესკა იყო გამოსახული. ტაძარი უხვად არის შემკული მდიდრული ჩუქურთმებით, დიდი ადგილი უჭირავს აგრეთვე სიუჟეტურ მრავალფიგურიან რელიეფებს. სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები მოგვიანებითაა მიშენებული, მაგრამ ისინიც მე-11 საუკუნის პირველ ნახევარს განეკუთვნება. 1544 წლამდე ნიკორწმინდის საყდართან მონასტერი არსებობდა, რომელიც დიდ ქონებას ფლობდა. 1544 წელს იმერთა მეფემ, ბაგრატ მესამემ ტაძარში ეპისკოპოსი დასვა და მას სრულიად რაჭა ასკის წყალს გამოღმა დაუმორჩლა. 1820 წელს ნიკორწმინდის საეპისკოპოსო გაუქმდა. 2007 წლიდან ნიკორწმინდის მონასტერი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები