1 1 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ზესტაფონში საქკაბელის მოდერნიზებული საწარმო და ახალი შოურუმი გაიხსნა

სს „საქკაბელმა“, თიბისის მხარდაჭერით, ზესტაფონში საწარმოს რიგით მე-3 გადაიარაღებული სივრცე და ახალი შოურუმი გახსნა.

ახალი საწარმოო ხაზი პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციებული ინვესტიციით ამოქმედდა. მაღალტექნოლოგიური მანქანა-დანადგარებით აღჭურვილ, მოდერნიზებულ საწარმოში ენერგოეფექტური პროდუქცია იქმნება, რომელზეც დიდი მოთხოვნაა როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

„ „საქკაბელი“ მომხმარებელს სიახლეებს მუდმივად სთავაზობს. ჩვენი პროდუქციის წარმადობა მზარდია და ტექნოლოგიურად განვითარებადი. ამჯერად აქცენტი განახლებად და მწვანე ენერგიების საკაბელო პროდუქციაზე გვაქვს, რომელიც მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. სოლარ კაბელების ევროპული სტანდარტებით წარმოება რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ. დღეს ევროპული სერტიფიკატიც ავიღეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი წარმოებული პროდუქცია ყველა სათანადო სტანდარტს აკმაყოფილებს. ამ პროექტის წასახალისებლად სახელმწიფო მხარდაჭერითაც ვისარგებლეთ. ვფიქრობ, სოლარ კაბელების წარმოებით, ჩვენი კომპანიაც შეიტანს თავის წვლილს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლებაში. გარდა ამისა, ჩვენი ინტერესია, გავზარდოთ „საქკაბელის“ მიერ წარმოებული პროდუქციის ექსპორტი, რაც ქვეყანაში დამატებით სავალუტო შემოსავლებს ნიშნავს. ამასთანავე, ახალი საწარმოო ხაზის ამოქმედება მნიშვნელოვანია იმერეთის, კერძოდ კი ზესტაფონის მუნიციპალიტეტისა და მისი ეკონომიკის განვითარებისთვის“, - დავით კაპანაძე, „საქკაბელის“ მმართველი დირექტორი.

„თიბისისა და „საქკაბელის“ პარტნიორობა 22 წელიწადს ითვლის და მოხარული ვარ, რომ ორ ათწლეულზე მეტია კომპანიის ზრდისა და განვითარების მხარდამჭერები ვართ. „საქკაბელთან“ პარტნიორობით, ჩვენ თიბისისთვის პრიორიტეტულ ერთდროულად რამდენიმე მიმართულებას - რეგიონულ განვითარებას, ადგილობრივების დასაქმებას, ეროვნულ წარმოებასა და ქართული პროდუქციის ექსპორტს ვუჭერთ მხარს. ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ის ინიციატივა, რაც განახლებადი და მწვანე ენერგიის მოხმარებას უწყობს ხელს და საქართველოში ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ამაღლებს. მოხარული ვარ, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, არა მარტო ტრადიციული საექსპორტო პროდუქტი, არამედ ენერგოეფექტური კაბელები და მასთან ერთად, საქართველოს სახელიც გადის“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

ღონისძიებაზე კომპანიას ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცა. აღნიშნული სტატუსი „საქკაბელს“ ახალ გამარტივებულ საბაჟო შესაძლებლობებს სთავაზობს.

ღონისძიების ფარგლებში, კონფერენციაც გაიმართა, სადაც „საქკაბელის“ მენეჯმენტმა დამსწრე საზოგადოებას კომპანიის გეგმები და სიახლეები, მათ შორის, სოლარ კაბელების წარმოების შესახებ ინფორმაციაც გაუზიარა.

"საქკაბელი’’ დღეისთვის აერთიანებს: საწარმოს ზესტაფონში, სადაც როგორც საკაბელო ისე საიზოლაციო მასალები და გოფრირებული მილები იწარმოება; საქართველოს მასშტაბით 8 ოფიციალურ შოურუმს; 30-მდე სადილერო და 300-მდე პარტნიორ მაღაზიას. კომპანიის სამომავლო გეგმები მსხვილი ენერგეტიკული პროექტების განვითარებისკენაა მიმართული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები