0 4 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

მეტროში შშმ პირზე ძალადობის საქმეზე ორი პოლიციელი დააკავეს

მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ გიორგი გამეზარდაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კერძოდ, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ., ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2022 წლის 24 იანვარს, მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. გამოძიების დაწყების შემდგომ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები: დათვალიერდა შემთხვევის ადგილი; გამოიკითხნენ მოწმეები, მათ შორის, ფსიქოლოგის თანდასწრებით გამოიკითხა პირი, რომლის მიმართაც განხორციელდა ძალადობა; გამოთხოვილი იქნა გამოძიებისთვის საინტერესო ვიდეოჩანაწერები; ამოღებული იქნა ერთ-ერთი დაკავებულის მობილური ტელეფონი; დაინიშნა ექსპერტიზები.

ამ ეტაპზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით დადგენილია შემდეგი:

2022 წლის 23 იანვარს, საღამოს საათებში, დაახლოებით 20:00 საათიდან 21:00 საათამდე დროის მონაკვეთში, 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი, ძმასთან და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა მეტროსადგურ "ისანში“. მეტროს ესკალატორთან მყოფმა პატრულ-ინსპექტორმა კ.ბ.-მ არასრულწლოვანი ესკალატორით აიყვანა მეტროს ფოიეში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში. აღნიშნულ ოთახში მყოფმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთმა თანამშრომელმა არასრულწლოვანს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავის არეში და მოქაჩა თმაში. მიუხედავად არასრულწლოვნის მინიშნებისა, რომ იგი იყო სმენადაქვეითებული და არ ესმოდა საუბარი, პოლიციის თანამშრომელი აგრძელებდა გამეტებით მის ცემას. ძალადობის ფაქტს შეესწრნენ არასრულწლოვნის თანმხლები პირებიც. აღნიშნული ქმედებით არასრულწლოვანმა მიიღო დაზიანებები თავისა და სახის არეში, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და თავი იგრძნო დამცირებულად. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეორე თანამშრომელმა, რომელიც შეესწრო მისი კოლეგის მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს, არ შეატყობინა აღნიშნულის შესახებ საგამოძიებო ორგანოს - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ძალადობის განმახორციელებელი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ. დაკავებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მეორე ნაწილის "ა“, "ბ“, და "ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, რაც გულისხმობს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ჩადენილს მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ; ხოლო, ფაქტის შემსწრე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეორე თანამშრომელი, მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ. დაკავებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება და ჩასატარებელია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. მომავალში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, შესაძლებელია დაზუსტდეს საქმის გარემოებები და დანაშაულის კვალიფიკაცია.

გამოძიების დაწყებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ აქტიურად ითანამშრომლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან.მოვუწოდებთ საზოგადოების თითოეულ წევრს, მათ შორის ჟურნალისტებს, ვინაიდან საქმე ეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ დანაშაულს, გთხოვთ, საკითხის გაშუქებას და ამ ფაქტზე აზრის გამოთქმას, მოვეკიდოთ განსაკუთრებული სიფრთხილით“, - განაცხადა გიორგი გამეზარდაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები