1 0 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

"გუშინდელი ქმედება წარმოადგენდა ჩვენი გამოხატვის უკიდურეს ფორმას" - ჯვრის მონასტრის საძმო განცხადებას ავრცელებს

ჯვრის მონასტრის საძმო განცხადებას ავრცელებს და მონასტრის დაკეტვის მიზეზებს განმარტავს.

„მოგეხსენებათ, მცხეთის ჯვრის მონასტერი მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროსთვის და განსაკუთრებით ყოველი ქართველისთვის, წარმოადგენს წმინდა ადგილს. მეოთხე საუკუნიდან მოყოლებული მორწმუნეთათვის ის სათაყვანებელი ადგილია და მისდამი პატივისცემით მოპყრობა ათეისტურ პერიოდშიც კი ვლინდებოდა. იგი UNESCO-მ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიყვანა და მისდამი ზრუნვა ითავა სახელმწიფომ და წლების განმავლობაში სარესტავრაციო სამუშაოებს ატარებდა.

მრავალი წელია ტაძრის მოსალოცად და მოსანახულებლად მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან მორწმუნეები და ტურისტები. მცხეთის ჯვრის მონასტრის მონახულება საქართველოში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრების პროგრამის განუყოფელ ნაწილად იქცა. სწორედ ამიტომ, გასულ წლებში სახელმწიფომ მოაწყო ავტოსადგომი და ცივილური ფორმა შესძინა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიას, ხოლო მცხეთის საკრებულომ გამოსცა დადგენილება გარე ვაჭრობის აკრძალვის შესახებ. ამის მიუხედავად, 2017 წლიდან მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეკლესიასა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, კანონის დარღვევითა და დადგენილი წესების უგულებელყოფით მოვაჭრეებმა დაიკავეს ავტოსადგომის ტერიტორია და დაიწყეს უკანონო საქმიანობა, რამაც ადგილზე წარმოშვა ანტისანიტარია და განუკითხაობა. წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ ვითხოვდით ამ პრობლემის მოგვარებას, ადგილობრივი ხელისუფლება გვპირდებოდა მის გადაწყვეტას, თუმცა შედეგი დღემდე არ დამდგარა. დაუშვებლად მიგვაჩნია ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოქმნილი ანტისანიტარიასა და უწესრიგობაზე ასეთი უმოქმედობა.

გუშინდელი ქმედება წარმოადგენდა ჩვენი გამოხატვის უკიდურეს ფორმას და მიზნად ისახავდა ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას, რათა მომხდარიყო პრობლემის გარშემო საზოგადოების კონსოლიდაცია და საკითხის ერთობლივი ძალისხმევით გადაწყვეტა“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები