0 2 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მივმართავ „ოცნებაში“ დარჩენილებს: გადამალული ბიძინა ივანიშვილი თავისი დანაშაული გეგმის განსახორციელებლად გიყენებთ–გახარია

ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, პარტია “საქართველოსთვის“ ლიდერმა სპეციალურ ბრიფინგზე ქართული ოცნება ქვეყნის ევროპული მომავლისთვის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულა და ოცნების წევრებს მიმართა.

მის თქმით, საქართველო ასე ახლოს არასდროს ყოფილა ევროპულ ინტეგრაციასთან, როგორც დღეს და ამავე დროს, არასდროს ყოფილა ასე ახლოს ამ შესაძლებლობის დაკარგვასთან.

გახარიას თქმით, „ქართული ოცნება“ ევროპულ მომავალს ანაცვლებს ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით და მზად არის მისთვის ნებისმიერი ფასი გადაიხადოს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი მზადაა, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებასა და კომფორტში გაცვალოს.

„საქართველოს დღეს აქვს შესაძლებლობა, ისტორიას დრო მოუგოს და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს და ამით მოიპოვოს გრძელვადიანი სტაბილურობა, კეთილდღეობა და გარანტირებული მშვიდობა. ევროპა მშვიდობაა. საპირისპიროდ, რუსეთთან მარტო დარჩენა კი ნიშნავს ოკუპაციას და ომს. ეს არის ჩვენი ისტორიული გამოცდილება, რომელმაც ბევრჯერ დაგვანახა, რომ დასავლეთთან ერთობის გარდა, სხვა გეოპოლიტიკური არჩევანი ჩვენს რთულ რეგიონში, სამწუხაროდ, საქართველოს არ აქვს.

ჩვენ ევროპულ მომავალს დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს ხელისუფლება უქმნის, რომ მისი პოლიტიკა არც გონივრული, არც ფრთხილი და არც დაბალანსებული უკვე აღარ არის. დღეს „ოცნება“ ფსონს დებს უკრაინის დამარცხებაზე და მათი საგარეო პოლიტიკა სწორედ ამ ლოგიკას ეყრდნობა. ამ გადამწყვეტ მომენტში „ოცნება“ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის არჩევანს და სვამს კითხვას – გვინდა კი ასეთი ევროპა? კარგია თუ არა თავისუფალი მიმოსვლა ევროპასთან და სულ მალე ახალ კანონზე დაყრდნობით, აგენტს დაუძახებს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს.

„ოცნება“ ევროპულ მომავალს ანაცვლებს ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით და მზად არის მისთვის ნებისმიერი ფასი გადაიხადოს. სამწუხაროდ, ამ არჩევანს, ამ არჩევანის ფასის გადახდა ჩვენს შვილებს მოუწევთ, „ნაციონალური მოძრაობა“ კი მზადაა, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი გაცვალოს მიშა სააკაშვილის თავისუფლებასა და კომფორტში. ეს ის წითელი ხაზებია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე გადის და აქ კომპრომისი დაუშვებელია.

სწორედ ამიტომ, მივმართავ „ოცნებაში“ დარჩენილ ადამიანებს – ამ დანაშაულებრივი პროცესის ინსტრუმენტები ხართ თქვენ. გადამალული ბიძინა ივანიშვილი თავისი დანაშაული გეგმის განსახორციელებლად გიყენებთ და თქვენ უნდა იცოდეთ და გაიაზროთ, რომ ვერც ბიძინა ივანიშვილი გაიპარება უკანა კარებიდან და ვერც თქვენ გაიშვერთ ხელს ბიძინა ივანიშვილის მიმართულებით, რადგან ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული. საქართველო ასე ახლოს არასდროს ყოფილა ევროპულ ინტეგრაციასთან, როგორც დღეს და ამავე დროს, არასდროს ყოფილა ასე ახლოს ამ შესაძლებლობის დაკარგვასთან. ეს დაკარგული შესაძლებლობა იქნება დანაშაული ჩვენი შვილების წინაშე.

ამიტომ, ყველა ვინც შეიძლება განსხვავებულად ვაფასებდეთ ჩვენს წარსულს, მაგრამ გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროპაშია, უნდა ვიმოქმედოთ. ვის როგორ შეგვიძლია, ცალ-ცალკე, ერთად, ამას უკვე დღეს აღარ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ჩემი მხრივ, როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ახლა უკვე ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, დღეს მივმართე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს თხოვნით, მიუხედავად „ოცნების“ ხელისუფლების ქმედებებისა, მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი, ეს არის აუცილებელი პირობა საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიაზე დასაბრუნებლად და ქართველი ხალხი ამას იმსახურებს.

მე ვიწყებ და ბოლომდე გავაგრძელებ მუშაობას საქართველოს მეგობრებთან, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, რომელთა ნაწილთან პირადი კონტაქტები და მეგობრობა მაკავშირებს. ასევე ვიწყებ ჩემს გუნდთან ერთად მუშაობას ჩვენ მოქალაქეებთან, რათა გადავარჩინოთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა და რაც მთავარია, დავაბრუნოთ ქვეყანა ნორმალური დემოკრატიული განვითარების გზაზე,“ – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები