1 0 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბრეივიკი ბავშვებს მომღიმარი სახით ხოცავდა: „თქვენ ყველანი უნდა დაიხოცოთ"

ჩამოტვირთვა

ფოტოზე ანდერს ბრეივიკია. იგი სასამართლოს დახურულ დარბაზში შესვლისას იღიმება და დარბაზში მსხდომთ ნაცისტური ჟესტით ესალმება. ანდერს ბრეივიკის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების გამო, 2011 წლის 22 ივლისს, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოსა და კუნძულ უტოიაზე, 103 ადამიანი დაიღუპა. 150 დაშავდა. დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქე, 23 წლის თამთა ლიპარტელიანიც იყო. ბრეივიკმა დაკავებიდან რამდენიმე დღეში, ადვოკატის მეშვეობით, მოთხოვნათა სია გამოაქვეყნა. ჩამონათვალი ორ ნაწილად დაყო. პირველ ნაწილში, ის სიგარეტს, ტანსაცმელსა და პირველადი მოხმარების ნივთებს ითხოვდა. მეორე ნაწილი გაცილებით შთამბეჭდავი იყო. ბრალდებულმა ნორვეგიული არმიის მეთაურად დანიშვნა მოითხოვა. ამ მოთხოვნების გასაჯაროებისთანავე, მედიკოსებმა ბრეივიკის ფსიქიკურ მდგრადობაში ეჭვი შეიტანეს. მისი ადვოკატი, გაირ ლიპესტადი ამტკიცებდა, რომ ბრეივიკი შეურაცხადი იყო, ვინაიდან თავისი კლიენტი ციხის გისოსებისგან გადაერჩინა და სანაცვლოდ ფსიქიატრიულ კლინიკაში გაემწესებინა. ნორვეგიული კანონმდებლობა მენტალურად გაუწონასწორებელ ადამიანებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ აკისრებს. საბოლოოდ, ფსიქიატრებმა დაადგინეს, რომ ბრეივიკი შერაცხადია. ბრეივიკი საზოგადოების გაოცებას სხვა მეთოდით შეეცადა. იგი 1518 გვერდიანი მანისფესტის საშუალებით, ყურადღების ცენტრში კვლავ მოექცა. მანიფესტში კონკრეტულად იყო აღწერილი მისი მოტივაცია და ტერაქტების მზადების ცხრაწლიანი პერიოდი. მისი მიზანი ევროპის გამოფხიზლება იყო, რომელსაც, მისი აზრით, მუსულმანებისა და მათი ლიბერალური პოლიტიკიდან გამომდინარე, საშიშროება ემუქრება. ბრეივიკი თავის მანიფესტში პუტინის პერსონით აღფრთოვანებას არ მალავს. მას უნარიან ლიდერს უწოდებს, რომელსაც სამართლიანობის გრძნობა არასდროს ღალატობს და ირგვლივ ყველას პატივისცემას იმსახურებს. მანიფესტში იგი პუტინის გაცნობის სურვილს გამოთქვამს. ეჭვმიტანილი საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის შესახებაც წერს და ვარაუდობს, რომ რუსეთი და საქართველო ევროკავშირის ალტერნატიულ ბლოკში ერთი პოლიტიკური მიზნით გაერთიანდებიან. ბრალდებული საქართველოს, მაჰმადიანური სამყაროსაგან დაჩაგრულ პატარა ქრისტიანულ სახელმწიფოს უწოდებს, რის არგუმენტადაც იგი საქათველოში შაჰ-აბასის ლაშქრობებს ასახელებს. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ ბრეივიკი ბავშვებს მომღიმარი სახით ესროდა და მშვიდად იმეორებდა: „თქვენ ყველანი უნდა მოკვდეთ". მოგვიანებით, მანიფესტში ბრეივიკი წერს, რომ ბავშვების ხოცვისას იგი Clint Mansell-ის Lux Aeterna-ს უსმენდა, ეს მუსიკა მას საოცარ სიმშვიდესა და გამძლეობას მატებდა. სასამართლო პროცესს ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული თამთა ლიპარტელიანის მამა, ავთო ლიპარტელიანიც, ესწრება. სასამართლო პროცესზე, რომელიც ოსლოში დღეს დაიწყო, 800 ჟურნალისტია აკრედიტებული. თავად ბრეივიკი ტყვიაგაუმტარ კაბინაშია მოთავსებული. პროცესის მსვლელობისას, დამნაშავეს ცრემლი წამოუვიდა. ეს მაშინ მოხდა, როცა მის მიერ გადაღებული ვიდეორგოლის საჯარო ჩვენება მოეწყო. გავრცელებულ მასალაში იგი ცდილობს ტერაქტები იდეოლოგიური ნიშნით გაამართლოს. ბრეივიკი მოსამართლის კითხვას, არის თუ არა დამნაშავე, უარყოფითად პასუხობს. პროცესზე ბრეივიკის დედაც უნდა დაიკითხოს. სავარაუდოდ, მან შვილის წინააღმდეგ უნდა მისცეს ჩვენება. ნორვეგიის ისტორიაში პირველად, გადაწყდა, რომ სასამართლოს სხდომა პირდაპირ ეთერში იქნება ტრანსლირებული. ანდერს ბრეივიკს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები