0 2 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

თენგო გოგოტიშვილი გაბუნიაზე: " რაც წაიკითხა, მისი დაწერილია. ზედმეტ ბოდვას ამ თემასთან დაკავშირებით, გთხოვთ, მოეშვათ"

რუსთავი 2"ის ჟურნალისტი, თენო გოგოტიშვილი, სოციალურ ქსელში წერს:

"მოდით, დავიწყებ ბოდიშით - გიორგი გაბუნიას ვიცნობ. ვაღიარებ.
გიორგი გაბუნია ჩემი მეგობარი და კოლეგაა. ამასაც ვაღიარებ, თუ ძალიან მომაწვებით.
ორიოდ სიტყვა შიდა სამზარეულოზე, რომელმაც შეთქმულების თეორიები წარმოშვა. რაკი ბევრ თქვენგანზე უკეთ ვიცნობ ამ სამზარეულოს, გეტყვით, რომ ტექსტს ყველა წამყვანი თავად წერს.

ამიტომ, რაც წაიკითხა, მისი დაწერილია. ზედმეტ ბოდვას ამ თემასთან დაკავშირებით, გთხოვთ, მოეშვათ

ახლა კი ბოდიშების გარეშე:

„პუტინი კი არის ოკუპანტი, მაგრამ...“ - აი, ვისაც ეს „მაგრამ“ გაქვთ ლექსიკონსა და აზროვნებაში, ქვეცნობიერსა თუ ცნობიერში, თქვენი იმედი აქვს პუტინს ზუსტად. გინდ მეხუთე კოლონად იწოდებოდეთ, გინდ „მარშად“, გინდ „ლეგიონად“, თქვენი და თქვენი სულიერი ძმების იმედით მოდიოდა ტოტლებენიც, ერმოლოვიც, ორჯონიკიძეც, კიროვიც, ბალტინიც, ლებედიც, როდიონოვიც, ხრულიოვიცა და ყველა დანარჩენიც, სახელიანი თუ უსახელო.

იმედით, რომ გაბრაზებასაც ვერ მოასწრებთ, ისე შეშინდებით. გაიქცევით და ამოქექავთ წითელ დროშებს სარდაფებიდან. დაალაგებთ ტაბლაზე ჭაჭასა და ხილს და შეეგებებით თქვენს სახლს მომდგარ ვანიას - ვიპეი, დოროგოი! ზაკუსი, მილენკი!

სიტყვა „ოკუპანტის“ შემდეგ არანაირი „მაგრამ“ არ არსებობს. „მაგრამ“ არის არა იმდენად პუტინის, რამდენადაც საკუთარი სისუსტისა და შიშის გამართლება. „ახლა რომ გადაგვიფრინონ თავზე, ჩვენ რა ვქნათ,“ კითხულობდნენ „რუსთავი 2“-ის წინ აქციაზე მოყრილი ჯეელები პირდაპირ ეთერში. რა უნდა ქნათ და ფორმა უნდა ჩაიცვათ, აიღოთ იარაღი და სამიზნეში გაიხედოთ. (ახლა რომ არ ატყდეს ამბავი, რა უფლებით მომიწოდებ ბრძოლისკენო, გეტყვით, რაზეც საუბარი დიდად არ მიყვარს: ორივე ფეხით ვატარებ რუსული ხელყუმბარის ნამსხვრევს, ამიტომ ამდენის თქმის უფლება ნამდვილად მაქვს. და უფრო მეტისაც)

ყველა თაობას რომ ბაბაია ეძახა, ამ ქვეყანას გმირები საერთოდ არ ეყოლებოდა, რადგან რიცხობრივად ჩვენზე მცირე მტერი არასდროს გვყოლია. საქართველოს ომების ძალიან დიდი ნაწილი წაგებულია და გმირების ძალიან დიდი ნაწილიც დამარცხებული ომის გმირია. მაგრამ ამით მათ გმირობას არათუ ჩრდილი ადგება, უფრო ნათელი და დასაფასებელი ხდება.

ერიც, მამულიცა და სარწმუნოებაც, პირველ რიგში, სიამაყით შენარჩუნდება. ამაყი ადამიანების მიერ. თუნდაც სიკვდილის შიშის დაძლევით. 

„Никогда в жизни!“ - ეს მაინც გახსოვდეთ, სხვა თუ არაფერი გისწავლიათ და გახსოვთ საქართველოს ისტორიიდან!

და ბოლოს, მოვლენების ლექსიკური თანხლების შესახებ. ბევრს არ მოსწონს გინება ღია სივრცეში. მესმის. მაგრამ, სანამ მაღალ სტანდარტებზე საუბრით აიქაფებთ ენას, ერთი მაგალითი მაინც გაიხსენეთ, როდის დაუხევია უკან ღრუსეთს ჩვენი მოჩლექილი ენით საუბრის წინაშე. რომელ ეპოქაში, რომელ დროში?

ამაშია საქმე. ამიტომ ხანდახან, ბიძინა ივანიშვილის ძმაკაც და ბიზნესპარტნიორ გენერალ ლებედს თუ დავესესხებით, უნდა ვაღიაროთ: Мы матом не ругаемся. Мы матом разговариваем!

P.S. საქართველოს მთავრობავ! 

ჩემთვის რომ მოეხადა მადლობა საღორის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ჯანსაღი პოზიციისთვის“, ნამდვილად დავფიქრდებოდი - ჩემი და ლავროვის, ზახაროვას, პუტინის, შოიგუს, გავრილოვის, ნარიშკინის, სლუცკის, სოლოვიოვის, მამონტოვის აზრები თუ ერთმანეთს ემთხვევა, ხომ არ მოვიდა დრო, ეს აზრები დავივარცხნო?"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები