1 7 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ნიკორა ტრეიდმა“, თიბისი კაპიტალის მეშვეობით, 35 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა

„ნიკორა ტრეიდმა“, თიბისი კაპიტალის მეშვეობით, საჯარო ემისიის სახით, 35 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა. „ნიკორა ჯგუფთან“ თიბისი კაპიტალი 2017 წლიდან თანამშრომლობს და ეს ობლიგაციების რიგით IV ერთობლივი განთავსებაა.

ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე, ეროვნულ ვალუტაში განთავსდა, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს თავი აარიდოს სავალუტო რისკებს. ობლიგაცია მიბმული იქნება თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთზე - TIBR, რითიც მხარეები TIBR-ის პოპულარიზაციასა და კაპიტალის ადგილობრივ ბაზარზე მის დამკვიდრებას უწყობენ ხელს.

კომპანიამ საკრედიტო რეიტინგი Scope Rating-ისგან მიიღო და ის B+ (Stable) დონით განისაზღვრა.

ობლიგაციების მიმართ, ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან მაღალი ინტერესი დაფიქსირდა და განთავსება მოკლე დროში დასრულდა. ლარის სხვა საჯარო ობლიგაციების მსგავსად, ეს ობლიგაციებიც საქართველოს ეროვნულ ბანკში იქნება დაგირავებადი, რაც ინვესტორ კომერციულ ბანკებს ლარის დამატებითი რესურსის ხელმისაწვდომ ფასში მოზიდვის შესაძლებლობას მისცემს.

„ნიკორა ტრეიდი კაპიტალის ბაზარზე რამდენიმე წელია აქტიურად მონაწილეობს. კომპანია მოზიდულ სახსრებს ქსელის გაფართოებისთვის იყენებდა. ახალი ემისიის მიზანიც იგივეა - მოზიდულ რესურსი ახალი სავაჭრო ობიექტების გახსნას მოხმარდება და საშუალება მოგვეცემა ჩვენს მომხარებლებთან კიდევ უფრო ახლოს ვიყოთ, რაც ნიშნავს, რომ მეტ ადამიანს ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს ჩვენი სუპერმარკეტების სერვისით. ასევე, შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები. ლარში დენომინირებული ობლიგაციები სასესხო კაპიტალის სტრუქტურის ოპტიმიზაციის საშუალებას გვაძლევს, რაც ვალუტის მერყეობის ფონზე, კომპანიას უფრო მდგრადს ხდის. ყოველ ემისიაზე მოზიდული რესურების მოცულობა იზრდება, რაც ინვესტორების მხრიდან კომპანიის მიმართ ნდობის ზრდაზე მიუთითებს. აღნიშნული კი კომპანიის მაღალი გამჭვირვალობითა და საოპერაციო შედეგებითაა განპირებებული. მოხარულები ვართ, რომ  გვაქვს შესაძლებლობა კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებისკენ“, - დავით ურუშაძე, სს “ნიკორა ტრეიდის” აღმასრულებელი დირექტორი.

 

„ჩვენი ჩართულობით განთავსებული რიგით IV ემისია, თიბისი კაპიტალისა და „ნიკორას“ წარმატებული პარტნიორობის ნათელი მაგალითი და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებაში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. აღსანიშნავია, რომ TIBR-ზე მიბმული ინდექსი, კომპანიას და ინვესტორს შესაძლებლობას აძლევს რეალურ ფასში განსაზღვრულ ფასიან ქაღალდში განახორციელონ ინვესტირება. „ნიკორა“ ქართული კაპიტალის ბაზრის აქტიური მოთამაშეა და მომავალშიც არაერთი ერთობლივი ემისიით გავამყარებთ აღნიშნულ ბაზარს. მნიშვნელოვანია, რომ თიბისი კაპიტალი, ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებაში აქტიურადაა ჩართული, რითიც ხელს ვუწყობთ, რომ საქართველო როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კაპიტალისთვის მიმზიდველი ქვეყანა იყოს“, - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.

სს „ნიკორა ტრეიდი“ „ნიკორა ჯგუფში“ შემავალი კოპმანიაა, რომელიც ბაზარზე წარმოდგენილია 380-ზე მეტი სხვადასხვა ფორმატის სავაჭრო ობიექტით და მომხმარებელს 8000-ზე მეტი დასახელების პროდუქტს სთავაზობს. დღეის მდგომარეობით, კომპანია ბაზრის ლიდერია როგორც ფილიალების რაოდენობის, ასევე საბაზრო წილის მიხედვითაც. სუპერმარკეტების ქსელი საქართველოს მთელ მთელ ტერიტორიას მოიცავს.  „ნიკორა ტრეიდი“  საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი დამსაქმებელია - კომპანიის თანამშრომელთა რაოდენობა 6000-ს აჭარბებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები