2 3 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

25 აგვისტო მარო მაყაშვილის დაბადების დღეა

მე ისეთი გრძნობა მაქვს, რომ სრულად ეღირსება ამ ბედშავ ერს თავისუფლება, – აღნიშნულის შესახებ მარო მაყაშვილი საკუთარ დღიურში 1918 წლის 12 ივნისს წერდა.

25 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის დაბადების დღეა.

გვახსოვდეს გმირები და მათი ისტორია
მარო მაყაშვილი 1902 წლის 25 აგვისტოს დაიბადა. მამა – კონსტანტინე მაყაშვილი, ცნობილი პოეტი, საქართველოს მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო.

დედა – თამარ გაბაშვილი, მწერალ ეკატერინე გაბაშვილის ასული. თბილისის ქალთა გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, მარომ სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე განაგრძო. მიუხედავად მცირე ასაკისა, აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დაწყებისთანავე, მარო, მეგობრების მხარდამხარ, წითელ ჯვარში მოწყალების დად ჩაეწერა და სანიტარულ რაზმთან ერთად თბილისის თავდაცვის მარჯვენა სექტორისკენ, კოჯორ-ტაბახმელას მიმართულებით გაემართა.

1921 წლის 19 თებერვალს, მას რუსული არტილერიის მიერ ნასროლი ყუმბარის ნამსხვრევი კეფაში მოხვდა და დაიღუპა.

მის გარდაცვალებას, იქვე მყოფი იუნკერი, მიხეილ დადიანი შემდეგნაირად იხსენებდა: „სწორედ ამ დღეს ამოვიდა ტაბახმელაზე მოწყალების და მარო მაყაშვილი, რომელიც იქვე შტაბის აივანზე იდგა და სრულიად დამშვიდებული უსმენდა არტილერიის ყუმბარების აფეთქებას, რომლებიც სულ ახლოს ეცემოდნენ შტაბთან. სჩანდა, რომ მათ სწორედ ის დუქანი ჰქონდათ მიზანში ამოღებული, სადაც გენერალ ანდრონიკაშვილის შტაბი იყო. პოლკოვნიკი ჩხეიძე გამოვიდა შტაბიდან და დაინახა მარო, რომელსაც მე ველაპარაკებოდი; უთხრა მას ახლავე დაბრუნებულიყო თბილისში. მარო ჩაჯდა სასანიტარო ორთვალაში და თბილისისაკენ დაეშვა, სულ ნახევარი კილომეტრი არ ჰქონდა გავლილი, რომ მტრის ყუმბარა ორთვალას მოხვდა და მარო იმსხვერპლა“.

მარო მაყაშვილი თბილისისთვის ბრძოლაში დაღუპულ იუნკრებთან, ჯარისკაცებთან და მოხალისეებთან ერთად, თბილისში, 23 თებერვალს, სამხედრო ტაძრის ეზოში დაკრძალეს, სადაც დღეს, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობაა განლაგებული.

მარო მაყაშვილის პატივსაცემად, კომპოზიტორმა ზაქარია ფალიაშვილმა ოპერა დაისის მთავარ გმირ ქალს მარო უწოდა.

2015 წლის 24 დეკემბერს მარო მაყაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

“საყვარელო მამა, მე ჯერჯერობით კარგად ვარ. მტერი ჯერ შორს არის. ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია რამე ტკბილეული გამოგზავნეთ…თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს. ისე არა ცივა…მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიანთ. გავიმარჯვებთ სახელოვნად”, – წერდა მარო მაყაშვილი საკუთარ დღიურში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები