1 2 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„თეგეტა აკადემია“ 2023 წელს 50 საერთაშორისო ტრენინგით ხურავს

2023 წლის ბოლო კვარტალი „თეგეტა აკადემიისთვის“ განსაკუთრებით დატვირთული იყო.  „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ  50 საერთაშორისო ტრენინგი ჩაატარა, რაც პროფესიული განათლების განვითარებას და შესაბამისად,  ავტოინდუსტრიაში მეტ კვალიფიციურ კადრს ნიშნავს.  „თეგეტა ჰოლდინგისა“ და პარტნიორი კომპანიების თანამშრომლებისთვის  საერთაშორისო ტრენინგები ჩატარდა როგორც ადგილობრივად, ისე საზღვრებს გარეთ. ეს კი დასტურია, რომ „თეგეტა“ რეგიონში არა მხოლოდ საკუთარ ძირითად საქმიანობას ახორციელებს, არამედ პროფესიული განათლების განვითარებასაც უწყობს ხელს.

ჩატარებული 50 საერთაშორისო ტრენინგიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სწორედ MAN-ის ავტობუსების მექანიკოსებისა და სერვისის პერსონალისთვის გამართული სწავლება იყო. ტრენინგი სომხეთში მოეწყო და მის ფარგლებში გერმანული კომპანია MAN-ის ტრენერი, აკადემიის გუნდთან ერთად,  ერევანს ეწვია.  PMA-ს 25 თანამშრომელი ავტობუსების მოვლა-ექსპლუატაციის მიმართულებით გადამზადდა.

ოთარ სიხარულიძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: „როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, „თეგეტამ“ ერევნის მუნიციპალიტეტს MAN-ის წარმოებული ავტობუსები მიაწოდა. პროექტის ფარგლებში, წლის დასაწყისში მძღოლებისთვის ოპერირების ტრენინგი ჩავატარეთ, ხოლო  წლის ბოლოს  დავაორგანიზეთ MAN-ის  საერთაშორისო ტრენინგი სერვისის თანამშრომლებისთვის. აღნიშნული სწავლება საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ ერევნის მუნიციპალიტეტის მომსახურების ხარისხი და ავტობუსების სერვისში დაყოვნების დრო მინიმუმამდე დავიყვანოთ.

ასევე MAN-ს უკავშირდება კიდევ ერთი საერთაშორისო ტრენინგი, რომელიც „თეგეტა აკადემიამ“ დუბაისა და ანკარას აკადემიებთან ერთად დაგეგმა. ჩვენ „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლებისთვის დავაორგანიზეთ რამდენიმე ტრენინგი სწორედ დუბაისა და ანკარას აკადემიებში. ადგილზე ჩავიდნენ  როგორც მექანიკოსები, ისე გაყიდვების კონსულტანტები და საგარანტიო მენეჯერები და ამით შევასრულეთ MAN -ის 2023 წლის გეგმა ტრენინგების მიმართულებით“.

წლის ბოლოს გაიმართა LIEBHERR-ის ამწეების ტრენინგი თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო ბატალიონის თანამშრომლებისთვისაც. 19 ოპერატორისთვის უსაფრთხო ოპერირების ტრენინგი „თეგეტა აკადემიამ“ დააორგანიზა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი 5-დღიანი სწავლება საველე პირობებში აზერბაიჯანიდან მოწვეული სპეციალისტების დახმარებით მოაწყო.

„თეგეტა აკადემიაში“ წლის ბოლო ასევე დატვირთული იყო ბრენდების ონლაინსემინარებითაც. WABCO, KNORR BREMSE, BOSCH, MOBIL, JCB, FENDT, VALTRA, MILWAUKEE, FEBI, SHELL, TEMSA, BOGE, GLASURIT, SCHAEFFLER - თეგეტას პარტნიორი ბრენდებისთვის აკადემიაში 15-მდე ტრენინგი გაიმართა.

ოთარ სიხარულიძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: „ყველა ჩამოთვლილ საერთაშორისო ტრენინგში „თეგეტა აკადემიის“ ტექნიკური ტრენერები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ასევე აიმაღლეს კვალიფიკაცია და მათ ახლა უკვე ცოდნის გადაცემა ჰოლდინგის სხვადასხვა რგოლის თანამშრომლებისთვის შეეძლებათ.

 „თეგეტა აკადემიის“ შექმნის ერთ-ერთი მოტივი იყო ის, რომ ყველა პარტნიორი ბრენდი სათანადო მომსახურების სტანდარტს ელოდა. შესაბამისად, აუცილებელი იყო საერთაშორისო გამოცდილების მუდმივი ამაღლება და გაზიარება.

„თეგეტა ჰოლდინგის“ პარტნიორთა რაოდენობა სისტემატურად იზრდება, გვემატება ახალი ბრენდები. შესაბამისად, მსგავსი ტიპის ტრენინგების ორგანიზების გარეშე თანამედროვე ტექნიკის მომსახურება შეუძლებელი იქნებოდა“.

„თეგეტა აკადემიაში“ უკვე გაწერილია 2024 წლის გეგმა. მომავალ წელს გაგრძელდება  ტრენინგები MAN-ის აკადემიასთან. აღსანიშნავია, რომ „თეგეტა აკადემია“  პორშეს საერთაშორისო ტრენინგის მასპინძლობისთვისაც ემზადება. თანამშრომლობა გაგრძელდება „თეგეტა ჰოლდინგის“ ყველა  პარტნიორ ბრენდთან.

---

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.

„თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები