0 0 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისის და EBRD-ის თანამშრომლობა გაფართოვდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და თიბისი ბანკს შორის თანამშრომლობა ფართოვდება. EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა კავკასიაში, ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა და თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც თიბისი ბანკი EBRD-გან 30 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სუბორდინირებულ სესხს მიიღებს. მიღებული დაფინანსება გააძლიერებს თიბისის კაპიტალის სტრუქტურას და ხელს შეუწყობს დაკრედიტების მდგრად ზრდას.

აღნიშნული შეთანხმების გაფორმებით, თიბისი ასევე გახდა EBRD-ის პირველი პარტნიორი ბანკი კავკასიის რეგიონში, რომელიც EBRD-თან მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, კლიმატის ცვლილებისა და კლიმატის რისკის მართვის პრაქტიკას გააუმჯობესებს, რათა უზრუნველყოს ფინანსური ნაკადების შესაბამისობა პარიზის შეთანხმების მიზნებთან.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა EBRD-თან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარიგებით გრძელდება. მიღებული სუბორდინირებული სესხი გააძლიერებს თიბისის კაპიტალის სტრუქტურას და გაზრდის ბანკის გრძელვადიან მდგრადობას. მე ასევე, განსაკუთრებით ამაყი ვარ იმით, რომ თიბისი EBRD-ის პირველი პარტნიორი ბანკია რეგიონში, რომელმაც პარიზის შეთანხმების ფარგლებში შეიმუშავა გარდამავალი გეგმა და აიღო ვალდებულება ეტაპობრივად დააკავშიროს თიბისის ბიზნეს პრაქტიკა პარიზის შეთანხმების მიზნებთან. მინდა მადლობა გადავუხადო EBRD-ს მხარდაჭერისთვის და ვიმედოვნებ, მომავალში კიდევ არაერთი ერთობლივი წარმატებული ტრანზაქცია განხორციელდება - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

„EBRD მოწოდებულია მხარი დაუჭიროს თავის მრავალწლიან პარტნიორს, თიბისი ბანკს, ტრანსფორმაციული მოგზაურობის დაწყებაში გარდამავალი გეგმის შემუშავებისა და განხორციელების გზით, რაც ხელს შეუწყობს მის კლიმატის ბიზნეს პრაქტიკის განვითარებას საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“ - აღნიშნა ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა, EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა კავკასიაში.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია. წლების განმავლობაში EBRD-მა საქართველოში 5 მილიარდზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 288 პროექტში ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის სფეროებში, რომლის 81% კერძო სექტორზე მოდის.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები