1 9 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველო ბოლონიის წიგნების ბაზრობაზე წარდგა

საქართველოს ბანკი და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ საბავშვო ლიტერატურის განვითარების მიმართულებით პროექტების განხორციელებას განაგრძობენ. 21-24 მარტს, საქართველო ბოლონიის საბავშვო წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე წარდგა. ღონისძიებაზე ქართული გამომცემლობების საბავშვო წიგნები გამოიფინა. ასევე გაიმართა საინტერესო შეხვედრები ილუსტრატორებთან და საბავშვო მწერლებთან.

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ორგანიზატორებმა პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება, გამოწვევები და შედეგები მიმოიხილეს და უცხოელი გამომცემლების მხრიდან, ბაზრობაზე წარმოდგენილი ქართულენოვანი ავტორებისადმი მზარდ დაინტერესებაზე ისაუბრეს.  

თბილისის ილუსტრაციის ფესტივალის მიერ ორგანიზებულ გამოფენაში საქართველოში მომუშავე ათი ილუსტრატორის ორმოცამდე ნამუშევრის პრინტი იყო წარმოდგენილი. ნამუშევრების გაყიდვიდან შემოსული თანხა, უკრაინის დახმარების ფონდში გადაირიცხება.

გარდა ამისა, ქართველმა ილუსტრატორებმა ანა ჯანელიძემ, ვარლამ ჯმუხაძემ და გიორგი ჯინჭარაძემ, დაინტერესებულ საზოგადოებას საკუთარი ნამუშევრები წარუდგინეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივით, გამომცემლებსა და ლიტერატურის აგენტებს შეხვდნენ.

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ საერთაშორისო პროექტების კოორდინატორმა, ლუკა გრიგოლიამ და ილუსტრატორებმა, თანამედროვე ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარებაში არსებული ძვრებისა და სიახლეების თაობაზე ისაუბრეს, ხოლო გამომცემლობა „ზოლიანი კატის“ დამფუძნებელმა ნიკი თარხან-მოურავმა, საქართველოში მოქმედი პატარა გამომცემლობების გამოწვევები მიმოიხილა.

მწერალთა სახლმა, ბაზრობის სტუმრებს, საბავშვო ავტორი, ვასილ გულეური გააცნო, რომელმაც საკუთარ შემოქმედებასა და, ზოგადად, საბავშვო ლიტერატურის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები