1 2 : 1 7
 | 

ბიზნესი

პროგრამა - #თიბისიშენთვის ფარგლებში თიბისი დაზღვევა COVID19-ის რისკის ქვეშ მყოფი ექიმებისა და ექთნებისთვის 300 000 ლარს გამოყოფს

ყველა ექიმი და ექთანი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის იბრძვის და საფრთხის ქვეშ აყენებს ოჯახის წევრებისა და საკუთარ ჯანმრთელობას, COVID19-ით დაინფიცირების შემთხვევაში, თიბისი დაზღვევისგან 10 000 ლარამდე სადაზღვევო კომპენსაციას მიიღებს. 

თიბისი დაზღვევის სპეციალური ფონდი პროგრამის - #თიბისიშენთვის ფარგლებში შეიქმნა და იმ ექიმების და ექთნებისთვისაა განკუთვნილი, ვინც სამედიცინო დაწესებულებებში უშუალოდ მკურნალობენ COVID-19-ით ინფიცირებულებს და პაციენტებთან მჭიდრო კავშირის გამო, თავადაც საფრთხის წინაშე დგანან. 

„არსებულ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სათანადოდ დავაფასოთ ჩვენი ექიმები - საკუთარი საქმის პროფესიონალი  და გაბედული ადამიანები, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს ყოველდღიურად საფრთხეში აგდებენ. მიგვაჩნია, რომ მაღალი რისკის ზონაში მომუშავე სამედიცინო პერსონალს დღეს განსაკუთრებული თანადგომა სჭირდება - მათი როლი და ჩართულობა ფასდაუდებელია. სწორედ ამიტომ, ვუერთდებით COVID-19-ის მიერ მიყენებული ზიანის შესამცირებელ პროგრამას - #თიბისიშენთვის. პირველ ეტაპზე 300 000 ლარს გამოვყოფთ, თუმცა ჩვენი ინიციატივა არ იქნება ერთჯერადი ხასიათის.  ვაცნობიერებთ, რომ ექიმების დაინფიცირების ალბათობა საკმაოდ მაღალია, ამიტომ მომავალშიც კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობის შესაბამისად ვიმოქმედებთ,“ - ამბობს პაატა ღაძაძე, თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი. 

ვირუსის დადასტურებისა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში, კომპენსაციის სისტემა სიტუაციის სიმძიმიდან გამომდინარე და საბუთების წარდგენისთანავე ამოქმედდება.

პროგრამა #თიბისიშენთვის COVID-19-ის შედეგებთან საბრძოლველად შეიქმნა. მისი მიზანია ვირუსის შედეგებით დაზარალებული ბიზნესებისთვის და ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები