1 8 : 0 2
 | 

ბიზნესი

ენდოკრინოლოგის 5 რჩევა, რომელიც ჯანმრთელობაზე ზრუნვას გაგიმარტივებთ

არასწორი კვებით გამოწვეული პრობლემები – ეს ის აქტუალური საკითხია, რაც დღეს, თითქმის, ყველას აწუხებს. თეორიულად, ყველამ იცის, რომ ჭარბი წონა და სიმსუქნე ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს, თუმცა ჩვენი დატვირთული რეჟიმი და ცხოვრების სწრაფი ტემპი, ხშირად, ჯანსაღი კვების უპირატესობებს გვავიწყებს.

ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე, მასთან ასოცირებულ დაავადებებსა და პრევენციის გზებზე გვესაუბრება აკად.ფ.თოდუას სამედიცინო ცენტრის ექიმი ენდოკრინოლოგი-დიეტოლოგი თამარ ხუციშვილი

- როგორ მოქმედებს  ჯანმრთელობაზე სწორად შერჩეული საკვები?

-   ჩვენს ჯანმრთელობაზე უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას, ჰაერის დაბინძურება,სტრესი, გენეტიკური წინასწარგანწყობა, საკვები, ცხოვრების წესი და ა.შ.   მათ  უმრავლესობას ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, თუმცა საბედნიეროდ, ის რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი ყოველდღიური საკვები, ჩვენი ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ქვეშ რჩება.

     საკვების მოხმარების ჩვენი გააზრებული თუ გაუაზრებელი არჩევანით, ვაკეთებთ არჩევანს, თუ რამდენად ვზრუნავთ ჩვენს ჯანმრთელობაზე.

      სწორი კვება გვეხმარება თავიდან ავიცილოთ ჭარბი წონა/ სიმსუქნე და მასთან დაკავშირებული მთელი რიგი დაავადებები, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 , არტერიული ჰიპერტენზია, დისლიპიდემია (ცხიმოვანი ცვლის მოშლა) და ა.შ.     

     კვლევებით დასტურდება რომ საკვები გვეხმარება არა მარტო ამ დაავადებების თავიდან აცილებაში, არამედ რიგ შემთხვევებში მათგან განკურნებაშიც,  განსაკუთრებით საწყის სტადიებზე.  მაგალითად, ერთ-ერთი ბრიტანული კვლევის მიხედვით, სპეციალურად შერჩეული, დაბალკალორიული, თუმცა ნუტრიენტებით მდიდარი კვების რეჟიმით პაციენტების დაახლოებით ნახევარში შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 -ის  ხანგრძლივი რემისია - შაქრის დონის ნორმალიზება ყოველგვარი მედიკამენტის გარეშე იქნა მიღწეული.

   უნდა გვახსოვდეს, რომ ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. არაჯანსაღი საკვები ჩვენს განწყობას მხოლოდ მომენტალურად ამაღლებს, ხოლო  რეალური და სტაბილური შედეგი ჩვენი მენტალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში სწორედაც რომ სწორი კვებით მიიღწევა.

-   როგორ მივხვდეთ რამდენად ჯანსაღად ვიკვებებით?

    - სწორი და ჯანსაღი კვება არ უნდა  გავაიგივოთ დაბალკალორიულ კვებასთან,  რადგან არსებობს, მაღალკალორიული,  მაგრამ ამავდროულად ძალიან სასარგებლო (მაგალითად თხილეული). ასევე პირიქით, დაბალკალორიული და ძალიან მავნე პროდუტი (მაგალითად ე.წ. გაზიანი სასმელები ხელოვნური დამატკბობლებით).

    სწორი და ჯანსაღი კვება გულისხმობს ჯერადობრივ, ბალანსირებულ და მრავალფეროვან კვებას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ორგანიზმს აუცილებელი საკვები ნივთიერებებით.

      ჯერადობრივი კვება, ეს არის კვება დღეში რამდენჯერმე, 3-4 სთ-იანი ინტერვალებით,   სასურველია დაახლოებით დღის ერთსა და იმავე დროს.

      ბალანსირებული კვება გულისხმობს შემდეგ დღიურ რაციონს : ცილა - 10-15%, ცხიმი - 20-35 %, ნახშირწყალი - 45-65%. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს მიკროელემენტების და ვიტამინების ადეკვატური შემცველობა.

   მაგალითად, ყოველდღე უნდა მივიღოთ  დაახლოებით 1 გრ კალციუმი. კალციუმით მდიდარი საკვები კი რძის პროდუქტებია, ასევე მწვანე  ბოსტნეული, ისპანახი, სალათის ფურცლები და ა.შ.  დღიურად მიღებული კალციუმის რაოდენობას მარტივად ვიანგარიშებთ  “ოსტეოპოროზის საერთაშორისო ორგანიზაციის” მიერ შემუშავებული მთვლელის მეშვეობით(www.iofbonehealth.org/calcium-calculator).

    მრავალფეროვანია კვება – გულისხმობს სხვადასხვა ჯგუფის და შემადგენლობის საკვების მიღებას. მაგალითად, მიუხედავად იმისა უპირატესობას ვანიჭებთ თუ არა ხორცის პროდუქტებს, ყოველდღიურ   რუტინაში აუცილებელია ჩავრთოთ სხვადასხვა შეფერილობის ხილის, ბოსტნეულის, მარცვლეულის მიღება. 

- რა უშლით ადამიანებს ხელს რომ ჯანსაღად იკვებონ და როგორ შეიძლება ყოველდღიური წინააღმდეგობების დაძლევა?

- ცხოვრების ტემპის სულ უფრო მეტად აჩქარების გამო ადამიანებს ხშირად უწევთ არჩევანის გაკეთება სწრაფ, იაფ და ხელმისაწვდომ მომსახურებაზე. სწრაფი კვების ობიექტები  ყველგან მრავლადაა, თუმცა  სხვადასხვა ქვეყანაში სიმსუქნის რადიკალურად განსხვავებული მაჩვენებელები გვხვდება, (მაგალითად: ამერიკაში - 32%,  იაპონიაში- 3.6 %-მდე).  ამას მეტწილად განსაზღვრავს სწრაფი კვებასთან ერთად ჯანსაღი და  ხელმისაწვდომი ალტერნატივების არსებობა. ჩვენს ქვეყანაშიც მკვეთრად არის გაზრდილი სწრაფი კვების ობიექტების რიცხვი, რაც სიმსუქნით დაავადების ზრდასთან პირდაპირ კავშირშია.

    პირველ რიგში, უნდა გავაცნობიეროთ რომ ჯანსაღი კვება ჩვენგან მოითხოვს გარკვეულ დისციპლინას.  

  მეცნიერები წლებია თანხმდებიან საუზმის უამრავ სარგებელზე.  წელს, დიდ ბრიტანეთში “ევროპის სიმსუქნის შემსწავლელის ასოციაციის” კონგრესზე წარმოდგენილი იქნა  დასაბუთებული კვლევები ნოყიერი საუზმის სარგებლის შესახებ.  უნდა აღინიშნოს რომ დილის ჯანსაღად დაწყება  დღის ჯანსაღად გაგრძელებაში გვეხმარება.  მას შემდეგ რაც  ყოველდღიურობაში დავნერგავთ საუზმეს, შევეცადოთ  უარი უნდა ვთქვათ იმ ცდუნებებზე, რაც უკვე სახლიდან გასვლის შემდეგ ყველა ნაბიჯზე გვხვდება.  მაგალითად, სუპერმარკეტების სალაროებთან განლაგებული “მომხიბვლელი”  ტკბილეული ჩავანაცვლოთ ხილით, ჩირებით.

   სამწუხაროდ დასაქმებული ადამიანების დიდი ნაწილისთვის ხელმისაწვდომი არარის ჯანსაღი კვების ობიექტების სისტემატური სტუმრობა, ამიტომ ყოველდღიურობაში  საკვების შესანახი კონტეინერების გამოყენება ოპტიმალურ ვარიანტს წარმოადგენს.

   უნდა გვახსოვდეს რომ შაქრის ხშირი მოხმარება ძალიან საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის , “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“ გვირჩევს შაქრის შემცველი პროდუქტების 10%-მდე შემცირებას დღიურ რაციონში. „ამერიკის გულის ასოციაციის“ მიერ  გამოქვეყნდა კვლევა, რომლის თანახმადაც გაზიანი სასმელების მოხმარება ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და სიკვდილიანობის რიცხვს.

  - როგორია პაციენტის კვლევის და მკურნალობის გეგმა უკვე ჭარბის წონისა და სიმსუქნის არსებობის დროს?

- კვების რეჟიმი მორგებული უნდა იყოს პაციენტის ასაკს, ცხოვრების წესს, ჯანმრთელობის მდგომარეობას, ფიზიკური აქტივობის შესაძლებლობას და ა.შ. კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების შესაბამისად ხდება ინდივიდუალური დიეტოთერაპიისა და  მკურნალობის სქემის შედგენა.

     ბოლოდროინდელ მედიცინაში შემოვიდა მეტაბოლურად ჯანმრთელი ჭარბწონიანი და მეტაბოლურად არაჯანმრთელი ნორმალური წონის ადამიანების ცნება. მათი   დიფერენცირება ხდება ვისცერალური ე.წ. ორგანოების ამომფენი ცხიმის რაოდენობის  მიხედვით.  დენსიტომეტრია (ორმაგ ენერგეტიკული რენტგენო აბსორბციომეტრი) შესაბამისი ფუნქციით წარმოადგენს ვისცერალური ცხიმის განსაზღვრის  ზუსტ და ხელმისაწვდომ გზას.

  სასურველია, გავითვალისწინოთ, რომ გაზაფხული და ზაფხული საუკეთესო დროა წონის კორექციისთვის, რასაც ნივთიერებათა ცვლის „სეზონური“ გააქტიურებაც განაპირობებს.

- რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებსაც  ყოველდღიურობაში სასარგებლო ცვლილებების შეტანა უნდათ, მაგრამ არ იციან საიდან დაიწყონ?

·         დაიწყეთ შაქართან ბრძოლით - შაქრის შემცველი პროდუქტების მაქსიმალურად შემცირება, პირველი ნაბიჯი სწორედ ეს უნდა გახდეს;

·         ეცადეთ ყოველდღიურად მიღებული საკვების 50%-ზე მეტი იყოს ბოსტნეული,     ასევე მიიღეთ ხილის, მარცვლეულის, თხილეულის დაბალანსებული რაოდენობა.

·         მოერიდეთ კვებებს შორის ე.წ. წახემსებებს. თუ მაინც მოგიწიათ, სტრესის ან რაიმე სირთულეების გამო, გააკეთეთ არჩევანი მხოლოდ ხილსა და თხილეულზე.

·         სასურველია, სუპერმარკეტში შესვლამდე წინასწარ შეადგინოთ შესაძენი პროდუქტების სია, ამის მიზანი კი მომხიბვლელი შეფუთვის მქონე და ამავდროულად ორგანიზმისთვის საზიანო პროდუქტების გაუაზრებლად ყიდვისგან თავის დაზღვევაა.

·         უარი თქვით ე.წ. "სწრაფ“ „ექტრემალურ“დიეტებზე. მათ მხოლოდ დროებითი, არამყარი შედეგი აქვთ, რასაც სამწუხაროდ, ნივთიერებათა ცვლის მოშლა მოჰყვება.   

კომენტარები

მსგავსი სიახლეები