1 6 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ფრედი მერკური - ჩემპიონი, რომლის შოუც ისევ გრძელდება…

ჩამოტვირთვა

სიტყვა "Queen" უკვე 40 წელიწადია მთელს მსოფლიოში დედოფალზე მეტად მუსიკასთან ასოცირდება. ეს კი 70-იანი წლების ლეგენდარული როკ-ჯგუფის დამსახურებაა. დიახ, ჩვენ მოგითხრობთ “Queen"-ზე და მის ლეგენდარულ სოლისტ, ფრედი მერკურიზე. ფრედი მერკურის ნამდვილი სახელი და გვარია ფაროხ ბულსარა. წარმოშობით ირანელი, აფრიკაში, ქალაქ ზანზიბარში 1946 წლის 5 სექტემბერს დაიბადა. მისი ფსევდონიმი "მერკური" - ფრედიმ თავისი ასტროლოგიური სიმბოლოს, პლანეტა მერკურის მიხედვით ოფიციალურად 1970 წელს დაირქვა. ფრედი ამბობდა, რომ სახელი წინასწარმაუწყებელი ნიშანიცაა! ჯგუფი დიდხანს ეძებდა საკუთარ სათაურს. სულ მალე კი გაჩნდა სახელი "Queen"-ი. ბენდი ოთხი წევრისგან შედგებოდა: ფრედი მერკური, ბრაიან მეი, როჯერ ტეილორი და ჯონ დიკონი. ჯგუფის ოთხივე წევრი სტუდენტობისას ხელმოკლედ ცხოვრობდა. ფრედი თავის ნახატებს ჰყიდდა. მერე მან და როჯერმა ლონდონის დასავლეთ ნაწილში მდებარე ფეშენებელურ რაიონში ტანსაცმლის პატარა მაღაზიაში დაიწყეს მუშაობა. ბიჭები ყიდულობდნენ ძველ ტანსაცმელს, აახლებდნენ და ისე ჰყიდდნენ. თითქმის ყველა კოსტიუმი, რომლითაც ისინი პუბლიკის წინაშე გამოვიდნენ მათი შეკერილი იყო. ჯგუფის წევრებმა დაიწყეს ექსპერიმენტები განათებებით, კოსტიუმებით, სასცენო მოძრაობებით, რაც უფრო მეტად აძლიერებდა შთაბეჭდილებას. "ქუინის" შემოქმედებას ექსპერიმენტები არ აკლდა. მსმენელი ყოველ ახალ კონცერტზე სიახლეს ელოდა. პირველი ფირფიტა არც თუ ისე დიდი ტირაჟით გამოვიდა. 1973 წლის 6 ივლისს გამოჩნდა პირველი სინგლი. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ გამოვიდა პირველი დიდი ფირფიტა - "Queen", რომელშიც ათი სიმღერა შევიდა. ძალიან მალევე ეს ფირფიტა მოულოდნელად მოხვდა ა.შ.შ.-ის საუკეთესო ფირფიტების კატალოგში. ეს გახლდათ სრული სენსაცია. მეტიც, ინგლისსა და ამერიკაში გაყიდული ფირფიტების რაოდენობით "Queen"-ის პირველმა ალბომმა ჯილდოდ "ოქროს ფირფიტა" დაიმსახურა. მერკურისა და მისი ჯგუფის წევრების ჩაცმულობა ყოველთვის ყურადღებას იქცევდა. მეტიც დადიოდა ჭორები მერკურის არატრადიციულ ორიენტაციაზე. ამასთან დაკავშირებით ფრედიმ ერთ-ერთ ჟურნალისტს უთხრა: "რაც შეეხება ჩემს ბისექსუალურ იმიჯს, ეს მხოლოდ ხუმრობაა – ეს შოუა. არ მსურს შემოვიფარგლო ერთი ჩარჩოთი და განვაცხადო – აი, მე სულ ესა ვარ! ხშირად ეს მისტიკურობა სცენაზე უნდა წარმოსდგეს, რომ უფრო საინტერესო იყო. ვიცვამთ იმას რაც გაგვაჩნია, ჩვენი სურვილების მიხედვით და ზოგიერთების გაოცების რისკით". პოლ მაკარტნი ამბობდა: "ქუინის ღერძი ფრედია. მისი შესანიშნავი და უნიკალური ხმა მთავარია ჯგუფში, ხოლო მათი შოუ მხოლოდ სცენისთვის არის განკუთვნილი. დღეგრძელი იყოს "მეფე მერკური". ჯგუფს მრავალი ჯილდო და პრიზი აქვს აღებული, ჩარტებში პირველობას არ თმობდა. ამასვე მოწმობდნენ სხვადასხვა სახის გამოკითხვები. 1982 წელს "გინესების რეკორდების წიგნში" "Queen"-ი შევიდა, როგორც ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჯგუფი. "Queen"-ის თაყვანისმცემელი იყო თავად დედოფალი ელიზაბეტ II. ის არაერთ კონცერტზე შეუნიშნავთ სამეფო ლოჟაში, რომელიც ფეხზე დგომით და ტაშით აჯილდოებდა მუსიკოსებს. ელისაბედს ჯგუფი არაერთხელ მიუწვევია სამეფო კარზე. დიდი სენსაცია გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ რომ მონსერატ კაბალიემ საოპერო სტერეოტიპებიც კი დაამსხვრია, როდესაც სცენაზე ფრედი მერკურისთან ერთად გამოჩნდა და ბრწყინვალე ერთობლივი ალბომი ჩაწერა. ეს იყო საოპერო ხელოვნებისა და როკმუსიკის გაერთიანების პირველი შესანიშნავი მცდელობა. კაბალიესა და მერკურის თანამშრომლობის იდეა ჯერ კიდევ 1986 წელს მერკურის ბარსელონაში სტუმრობისას დაიბადა და სულ მალე პირველი კომპოზიცია "ბარსელონა" ჩაწერეს. სიმღერა იმდენად პოპულარული გახდა, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა იგი ბარსელონას 1992 წლის ოლიმპიადის ჰიმნად მიიღო. "The Show most go on", რომლის სახელწოდება შინაარსითაც სიმბოლურად ჟღერს, ანსამბლის ბოლო კომპოზიცია აღმოჩნდა. მერკურის ექიმებმა 1987 წლის გაზაფხულზე საბედისწერო დიაგნოზი დაუსვეს - იგი შიდსით იყო ინფიცირებული. პრესა და ფანები თანდათან ხვდებოდნენ, რომ ფრედის ყველაფერი რიგზე არ ჰქონდა - იგი ცუდად გამოიყურებოდა და ქუინიც იშვიათად გამოდიოდა სცენაზე, მან 1991 წლის 23 ნოემბერს განცხადება გააკეთა, რომ იგი იტანჯებოდა შიდსისგან და ამ განცხადებიდან 24 საათის შემდეგ 1991 წლის 24 ნოემბერს 45 წლის ასაკში იგი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. მერკურის გარდაცვალება ძლიერი შოკი იყო მთელი მსოფლიოსათვის. "ფრედის ნიჭიერებას და განსაკუთრებულობას ყველა ერთხმად აღიარებს, დღესაც იმართება "Queen"-ის კონცერტები, სადაც ფრედის სოლოებს მისი მეგობრები ასრულებენ. ყოველი ასეთი კონცერტი მსმენელში დიდ ემოციას აღძრავს. ის იყო ლეგენდა, ლეგენდადქცეულ ადამიანებს კი მსოფლიო არ ივიწყებს. "მე საკმაოდ ვიწვნიე ჩემი წილი მარცხი, მაგრამ გავუძელი, ჩვენ ჩემპიონები ვართ, ჩემო მეგობრებო!" ფ. მერკური

კომენტარები

მსგავსი სიახლეები