1 2 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,პარკირებისთვის საათობრივი ტარიფი უნდა იყოს იმდენი, რომელიც შედეგს მოგვცემს და არა ისეთი, რომელიც ყველასთვის მარტივი გადასახდელი იქნება"

პარკინგისთვის საათობრივი ტარიფი უნდა იყოს იმდენი, რომელიც შედეგს მოგვცემს და არა ისეთი, რომელიც ყველასთვის მარტივი გადასახდელი იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოში განუცხადა, სადაც ტრანსპორტის კომისიის სხდომაზე კოტე აფხაზის ქუჩაზე პარკირების საფასურის ოდენობის დადგენის საკითხზე მსჯელობდნენ.

ირაკლი ხმალაძის თქმით, კომისიას საბოლოო გადაწყვეტილება ტარიფის ოდენობასთან დაკავშირებით არ გამოუტანია. ტარიფის ოდენობის განსაზღვრა საკრებულოს სხდომაზე მოხდება. მანამდე კი ამ საკითხზე დისკუსია და განხილვები ისევ იქნება.

ხმალაძის განცხადებით, მთავარია, რომ გამოიკვეთა პრინციპული თანხვედრა მერიის, საკრებულოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის მერიის მიერ დასამტკიცებლად შეთავაზებულ სატარიფო მოდელთან დაკავშირებით.

„საკმაოდ დროულია ამ რეფორმის განხორციელება. ძირითადი მსჯელობა წარიმართა, თუ რამდენი უნდა იყოს ტარიფი. დასახელდა მაქსიმალური და მინიმალური ოდენობა, თუმცა ყველა ვთანხმდებით იმ პრინციპზე, რომ ტარიფი უნდა იყოს იმდენი, რომელიც შედეგს მოგვცემს და არა ისეთი, რომელიც ყველასთვის მარტივი გადასახდელი იქნება. ტარიფი უნდა იყოს ისეთი, რომელიც განაპირობებს უფრო მეტად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარებას და კერძო ავტომობილის მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოყენებას, როდესაც ამისი აუცილებლობა არსებობს", - განაცხადა მერის მოადგილემ.

მისივე თქმით, კოტე აფხაზის ქუჩაზე პარკირების ფასიანი სისტემა 1 ივლისიდან ამოქმედდება.

ამასთან, ხმალაძემ აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა პარკინგის საათობრივი სისტემის 50 თეთრიდან დაწყება და შემდეგ გაზრდა, თუმცა, ხმალაძე მიიჩნევს, რომ ლესელიძის ქუჩაზე დიდი სატრანსპორტო ნაკადების გამო, პარკინგისთვის საათში 50 თეთრი უშედეგო იქნებოდა.

„50-მა თეთრმა შეიძლება მოგვცეს ის, რომ ყველამ გადაიხადოს და ამ მოდელისგან შედეგს ვერ მივიღებთ. დასაწყისი უნდა იყო 1 ლარი და ზედა ზღვარი კომერციული საათობრივი პარკირების ფასს არ უნდა გასცდეს, ანუ სამ ლარს“, - დასძინა ხმალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები