2 1 : 1 1
 | 

პოლიტიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2017 წელს 1,067,922 ლარის დანამატი და 904,671 ლარის პრემია გასცა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, 2017 წელს 1,067,922 ლარის დანამატი გასცა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ფინანსური აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, 2017 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი მთლიანად 4,622,445 ლარს შეადგენს, აქედან თანამდებობრივი სარგო – 2,649,852 ლარია, დანამატი – 1,067,922 ლარი, ხოლო პრემია –  904,671 ლარი. დამტკიცებული საშტატო რიცხოვნობა 140-ია, ხოლო ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა – 120.

ამასთან, ანგარიშში განმარტებულია, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად, სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოხელეს ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წესით, საფინანსო წლის განმავლობაში  სხვა დანამატები დაუწესოს. დანამატის გაცემისას კი,  თითოეული მოხელის მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაო ან განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვა უნდა დასაბუთდეს, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ განხორციელებულა.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, "დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კვალიფიციური კადრების მოზიდვისა და შენარჩუნების მიზნით“, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის წინასწარ, დანიშნულია ყოველთვიური დანამატები (სულ 2017 წელს გაცემულია 1,067,922 ლარის დანამატი), რაც თავის შინაარსიდან გამომდინარე, ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ხასიათს უფრო ატარებდა ვიდრე დანამატის“, – აღნიშნულია ანგარიშში.

აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ ამის შედეგად, 2017 წელს დანამატების გაცემის პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფდა შრომის ანაზღაურების სათანადო გამჭვირვალობას, ვინაიდან ბრძანებებში დანამატის გაცემის მიზანშეწონილობა სათანადოდ დასაბუთებული არ იყო.

ამასთან, როგორც პირველ არხს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა აუდიტორმა, ნანა ვაჩაძემგანუცხადა, აუდიტის სამსახურმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ სახელმწიფო შესყიდვების, ბიუჯეტის დაგეგმვისა და სარეზერვო ფონდის საკითხებზე რეკომენდაციები გასცა.

„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით ადმინისტრაციამ გააფორმა ხელშეკრულება მომწოდებელ მხარესთან საახალწლო ღონისძიების ჩატარების მიზნით. აღნიშნული ხელშეკრულების ზოგიერთი პუნქტი არ მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან სპეციფიკაციებს, რომლითაც უნდა განსაზღვრულიყო მინიმალური მოთხოვნები, რაც მომწოდებელს უნდა დაეკმაყოფილებინა. რაც შეეხება დაგეგმვას, იმისთვის, რომ ბიუჯეტის ხარჯვა იყოს უფრო ეფექტიანი, ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს ბიუჯეტის ისე გაწერა, რომ წლის განმავლობაში მუხლებს შორის თანხების გადანაწილება აღარ მოხდეს“, – განაცხადა მან.

ასევე, ნანა ვაჩაძის თქმით, სარეზერვო ფონდიდან არ უნდა ფინანსდებოდეს ისეთი ხარჯები და ღონისძიებები, რომლის გაწერაც შესაძლებელია წლის განმავლობაში და ისინი ბიუჯეტში უნდა დაიგეგმოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები