1 7 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ზაქარიას პატარა მანქანა დიდი საქმეებისთვის - მხარდასაჭერ კამპანიას „თეგეტა ჰოლდინგი“ შეუერთდა

„თუ ვამბობთ, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, ესე იგი, ჩვენი მოსავლელიცაა“, - ამბობს ზაქარია დოლიძე, „კეთილი მანქანის“ შემქმნელი, რომელმაც ქვეყნის მოვლაზე თავისი წილი პასუხისმგებლობა 6 წლის წინ სრულიად ახალი კონტექსტით გაიაზრა. პროფესიით რეჟისორისთვის მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა მთავარ საქმედ იქცა, დაუგეგმავად და თითქმის შემთხვევით.

 

ამბავი კი ასე დაიწყო - ზაქარიას ძაღლს, ვალიკოს, მძიმე დაავადება შეეყარა. ინფორმაციის მოსაძიებლად პატრონი სხვადასხვა ინტერნეტჯგუფში გაწევრიანდა. საბოლოოდ, ძაღლი გამოჯანმრთელდა, ზაქარიამ კი აღმოაჩინა, რომ აურაცხელი მიუსაფარი ძაღლი ჯანმრთელობისა თუ სხვა პრობლემების დროს ქუჩაში ყოველგვარი ზრუნვისა და იმედის გარეშეა დარჩენილი. ამ რეალობის შესაცვლელად შეიქმნა „ზაქარას კეთილი მანქანა“- სოციალური პლატფორმა, სადაც ზაქარია წლებია აუდიტორიას მიუსაფარი ცხოველების საჭიროებების შესახებ ინფორმაციას უზიარებს, თავად კი საკუთარი მანქანით ჩნდება ყველგან, სადაც მისი დახმარება სჭირდებათ.

 

ზაქარია ამბობს, რომ 6 წლის განმავლობაში სირთულე და დაბრკოლება ბევრი იყო, მაგრამ იდეის ერთგული დარჩა. სიკეთის კეთების სურვილს წინ ვერც უგზოობა აღუდგა და ვერც უამინდობა, თუმცა რთულად მისადგომ რეგიონებში გადაადგილებამ და ტვირთის გადატანის აუცილებლობამ შესაბამისი ავტომანქანის საჭიროება განსაზღვრა. ვინც ზაქარიას კეთილ საქმეებს იცნობს, ამ საქმეების გაგრძელების მნიშვნელობაც იცის. ახალი „კეთილი მანქანის“ შესაძენად ზაქარიას მხარდასაჭერ კამპანიაში, სხვა კომპანიებთან ერთად, „თეგეტა ჰოლდინგი“ ჩაერთო.

 

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „საზოგადოებასა და გარემოზე ზრუნვა „თეგეტას“ კორპორაციული მდგრადობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ზრუნვისას, ბუნებრივია, არც მიუსაფარი ცხოველები გვავიწყდება, რომლებიც ჩვენი საზოგადოებისა და გარემოს ნაწილი არიან. ამ მიმართულებით არაერთი პროექტი გვაქვს განხორციელებული სხვადასხვა პარტნიორთან ერთად. ახლახან აღმოვაჩინეთ „ზაქარას კეთილი მანქანა“, რომელიც თურმე წლებია ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს: დადის მთელი საქართველოს მასშტაბით, ზრუნავს მიუსაფარ ცხოველებზე, ჩააქვს მათთვის სახლები და სემინარებს მართავს მოზარდებისთვის ცნობიერების ამაღლების კუთხით. აღფრთოვანებულები დავრჩით მისი საქმიანობით და გადავწყვიტეთ, რომ „თეგეტა“, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერს საზოგადოებისთვის სასარგებლო მსგავს აქტივობებს, ზაქარიას გვერდითაც უნდა ყოფილიყო. „კეთილი მანქანის“ პროექტის ავტორს ახლა სწორედ ავტომანქანის პრობლემა აქვს. „თეგეტაში“ გადავწყვიტეთ, ზაქარიასთვის ახალი მანქანის შესაძენად ფინანსების მობილიზებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ და, ამავდროულად, გავზარდოთ საზოგადოების ინფორმირებულობა მისი კეთილი საქმეების ირგვლივ.

 

ჩვენი დონაციის პლატფორმა „თეგეტა ქეარი“ ზაქარიას პარტნიორი გახდა. გვინდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოვუთხროთ ზაქარიას შესახებ და მან შეძლოს დასახული მიზნების მიღწევა, რაც გულისხმობს სწორედ მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვას, მეტი ლოკაციის ათვისებას, მეტი სახლის გაკეთებას, რეგიონებში ჩატანას“.

 

მას შემდეგ, რაც „კეთილი მანქანა“ დაიძრა, ზაქარიას საქართველოს ტერიტორიაზე 280 000 კილომეტრზე მეტი აქვს გავლილი; 1600-მდე მიუსაფარ ცხოველს დაეხმარა, დააბინავა, გამოკვება და ჯანმრთელობის პრობლემები მოუგვარა.

 

ზაქარია დოლიძე, „კეთილი მანქანის“ შემქმნელი: „ჩემი ძაღლის სამკურნალოდ ინფორმაციას და რეკომენდაციებს ვეძებდი. პარალელურად, მთელი იმ დღეების განმავლობაში ჯგუფში სისტემატურად იდებოდა ინფორმაცია, რომ სამფეხა ცუგამ ლეკვები დაყარა და ღია ცის ქვეშ, ცუდ ამინდში, ტალახში უხდებოდათ ყოფნა. პოსტს უამრავი ადამიანი აზიარებდა, რეალურად კი შველა არ ჩანდა. ვერაფრით მოვისვენე. მახსოვს, გვიან მოვრჩი რეპეტიციას, სახლში წამოვედი, მშობლების ძველი კარადა დავშალე და რაღაც სახლის მსგავსი გავაკეთე. ის ემოცია, რაც მაშინ დამეუფლა, შეუძლებელია რამეს შევადარო. ძაღლმა ჯერ ლეკვები შეიყვანა სახლში სათითაოდ, მერე მოვიდა, ცხვირი ფეხებთან მომადო და რამდენიმე წამით გაჩერდა. სითბო და მადლიერება გამოხატა. ეს ამბავი იმდენად სულში ჩამწვდომი აღმოჩნდა ჩემთვის, სახლში რომ მივედი, პოსტიც დავწერე, რომელსაც ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. მომდევნო ეტაპზე უკვე სოციალური პლატფორმა შეიქმნა და ერთმანეთისთვის უცხო ადამიანები გავერთიანდით სასარგებლო საქმეების საკეთებლად“.

 

მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვის პარალელურად, ზაქარია თბილისსა და რეგიონებში სისტემატურად ხვდება მოზარდებს, უმართავს სემინარებს, უყვება ამბებს, უზიარებს გამოცდილებას და ეხმარება მათ გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობის გააზრებაში. საუბრობენ ისტორიაზე, ფასეულობებზე, ტოლერანტობაზე, ზრუნვისა და სიყვარულის ძალაზე. შეხვედრას მათთვის ამ კითხვის დასმით იწყებს: როგორ ფიქრობ, ეს ქვეყანა შენია? პასუხი ხან უყოყმანოა, ხან კი მოგვიანებით უბრუნდება, როცა შეხვედრიდან რამდენიმე თვის შემდეგ მოზარდები თვითონ უკავშირდებიან ზაქარიას და თავიანთ გაკეთებულ საქმეებს უზიარებენ.

 

ზაქარია ამბობს, რომ ასეთ წუთებში სიხარულისგან დაფრინავს და ეს წუთები ასაზრდოებს მის მოტივაციასაც - ახსოვდეს და სხვებსაც ასწავლოს, რომ ქვეყნის სიყვარული ამ ქვეყანაზე ერთად ზრუნვას ნიშნავს.

 

ზაქარიას ეკუთვნის ასევე ინოვაციური ეტლის იდეა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ცხოველებისთვის გამოიყენება. ეტლის შექმნის შთაგონებად წელმოწყვეტილი ძაღლი იქცა, რომელსაც, ზაქარიას თქმით, ყველაფერი ჰქონდა ჯანმრთელობის გარდა. იმ დღიდან დაიწყო ფიქრი, რით შეეძლო, ძაღლს დახმარებოდა. სამი თვე დასჭირდა. გაიარა კონსულტაციები ევროპის ვეტერინარულ კლინიკებთან და შექმნა ინდივიდუალური მოხმარების ეტლი, რომელმაც ასობით შშმ ცხოველს, ფაქტობრივად, ახალი სიცოცხლე აჩუქა. საქართველოსთან ერთად, ზაქარიას ეტლებს შეხვდებით მეზობელ ქვეყნებში, ევროპასა და ამერიკაშიც.

 

ზაქარიას კეთილი მანქანის ამბავი „მე და საზოგადოების“ მერვე კლასის სახელმძღვანელოშიცაა შეტანილი. მასზე წერენ ცნობილი ქართული და საერთაშორისო გამოცემები: Forbes, National Geographic, World Animals და სხვა.

 

ამჟამად ახალ, უპრეცედენტო პროექტზე მუშაობს. ესაა „ვეტ ქარავანი“ - მობილური კლინიკა, რომელიც მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ივლის მიუსაფარი ცხოველების კასტრაცია-სტერილიზაციისა და ვაქცინაციის მიზნით.

 

ზაქარიას კეთილი მანქანა არ უნდა გაჩერდეს.

__

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ:  უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

 

                                                                                                                       

კომენტარები

მსგავსი სიახლეები