1 4 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კომპანია „ლიკაჩი თერმო“ თიბისის მხარდაჭერით ახალ პროდუქტს აწარმოებს

„ლიკაჩი თერმო“ კიდევ ერთი ბიზნესია, რომელიც თიბისის მხარდაჭერით მომხმარებელს სიახლეს სთავაზობს.

კომპანიამ, რომელმაც 2017 წელს, აჭარის რეგიონში, თბოიზოლაციის მასალის წარმოება დაიწყო, ხუთი წლის თავზე უკვე წარმატებულ ბიზნესისთვის ახალი ხაზის - მუყაოს ჭიქების დამატება გადაწყვიტა.

ხელვაჩაურში, 3000 კვმ ტერიტორიაზე განთავსებული 1500 კვმ ფართის შენობა-ნაგებობა ირაკლი ჩხუბაძემ 2017 წელს, თიბისის მხარდაჭერით შეისყიდა, მთლიანად განაახლა, 3000 კვმ-მდე გააფართოვა და თბოიზოლაციის წარმოებას ახალი კადრებითა და დანადგარებით შეუდგა. მანამდე კი ბაზარი შეისწავლა და მიხვდა, რომ საქართველოში იმ დროისთვის მოთხოვნადი და, ძირითადად, ირანიდან და  თურქეთიდან შემოტანილი მასალის წარმოება ადგილზე უთუოდ სასარგებლო და მომგებიანი საქმე იქნებოდა.

„თბოიზოლაციის წარმოება გადამაწყვეტინა ქართულ ბაზარზე ამ სფეროში არსებულმა მოთხოვნამ და ამასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, რაც ძირითადად ამ მასალის საზღვარგარეთიდან შემოტანას ეხებოდა. ადგილობრივი წარმოება ძალიან მწირი იყო, მოთხოვნა კი - დიდი. ბაზარი დიდწილად იმპორტზე იყო მიბმული. ამიტომ, მეგობრების რჩევით, შევისყიდე უკვე არსებული საწარმო ხელვაჩაურში, გავაორმაგეთ ფართი, გავაახლეთ დანადგარები და დავამატეთ კადრები, რომლებსაც ადგილზე ვასწავლით დანადგარებთან მუშაობას. 4 ადამიანით დავიწყეთ და დღეს უკვე 20-ამდე დასაქმებული გვყავს,“ - ამბობს „ლიკაჩი თერმოს“ დამფუძნებელი, ირაკლი ჩხუბაძე.

მაღალი ხარისხის ნედლეული კომპანიას ძირითადად ირანიდან, ჩინეთიდან და თურქეთიდან შემოაქვს, სპეციალურ დანადგარებში ამუშავებს და სარეალიზაციოდ მსხვილ დამკვეთებთან - „ნოვა“, „მოდუსი“, „გორგია“ - უშვებს. ბაზარზე არსებულ მსგავს კომპანიებს კონკურენციას ირაკლი ჩხობაძე ფასების რეგულირებით ცდილობს:

„სხვა კომპანიები მომხმარებელს, ძირითადად, იმპორტირებულ მასალას სთავაზობენ, რომლის ტრანსპორტირებაც, ტვირთის გაბარიტულობის გამო, საკმაოდ ძვირი ჯდება. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ იგივე, ან უფრო ნაკლები ფასი შევთავაზოთ მომხმარებელს ადგილობრივი წარმოების პროდუქტში. ფასების ასეთი რეგულირებით ჩვენ საკმაოდ მომგებიან პოზიციაში ვართ, თუმცა მიგვაჩნია, რომ ისეთ იმპორტირებულ პროდუქტზე, რომელიც ადგილობრივ ბაზარზეც იწარმოება, სახელმწიფომ დამატებითი გადასახადი უნდა დააწესოს, რითაც ადგილობრივ ბიზნესს შეუწყობს ხელს,“ -ამბობს ირაკლი ჩხობაძე.

მას შემდეგ, რაც თბოიზოლაციის მასალის წარმოება-რეალიზაცია მაქსიმალურად გამართა, „ლიკაჩი თერმომ“ არსებული საწარმოს ბაზაზე მეორე ხაზის - მუყაოს ჭიქების წარმოება გადაწყვიტა. თიბისის მხარდაჭერით, სხვადასხვა ზომის, მუყაოს ერთჯერადი ჭიქების პირველი პარტია საწარმომ 4 თვის წინ გამოუშვა. სულ მალე კი „ლიკაჩი თერმო“ რამდენიმე ახალი პროდუქტის - ერთჯერადი თერმოჭურჭლის წარმოებასაც აპირებს, რომლითაც გატანის სერვისზე მომუშავე კომპანიებს მოამარაგებს. თიბისის და „ლიკაჩი თერმოს“ ურთიერთობა ამ მიმართულებითაც გაგრძელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები