0 5 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„მოგზაური ბიბლიოთეკის“ ამბავი სოფელ ჭვანადან

 

რა გვაახლოებს გარე სამყაროსთან, რომელიც ერთდროულად ახლობელი და თან მიუწვდომელი გვეჩვენება?! - სოფელ ჭვანაში მცხოვრებ მოზარდებს ამ კითხვაზე ერთი პასუხი აქვთ: ლიტერატურა, რომელიც, მანძილთან ერთად, ოცნებებისა და მიზნების ასრულების დროსაც ამცირებს.

სწორედ იქ, ხმაურიანი ქალაქიდან მოშორებით, აჭარის მაღალმთიანეთში წიგნებით დატვირთული „მოგზაური ბიბლიოთეკა“ ბათუმიდან დაიძრა და თან სტუმრებიც გაიყოლა. მოზარდებთან  შესახვედრად მრავალფეროვანი ლიტერატურით სავსე მანქანას მწერალი და კინომცოდნე ნესტან ნენე კვინიკაძე დაემგზავრა. „რა შეუძლია ერთ გოგოს?“ ასე დაასათაურა მკითხველთან შეხვედრა მწერალმა და დისკუსია ქალთა გაძლიერების თემებს მიუძღვნა.

ნესტან ნენე კვინიკაძე, მწერალი, კინომცოდნე, სცენარისტი: „მოგზაური ბიბლიოთეკა“ ისაა, რაც ყველაზე მეტად სჭირდება თანამედროვე საქართველოს. უმნიშვნელოვანესია ინფორმაციის გაცვლა, ხშირი შეხვედრები, მეტი ხელმისაწვდომობა ლიტერატურასთან, ინტერნეტთან. განსაკუთრებული იყო ჭვანაში მცხოვრებ ბავშვებთან ურთიერთობა. ერთ-ერთი შეკითხვა იცით, რა იყო? „გიგრძნიათ თუ არა თავი უიმედოდ და როგორ გაუმკლავდითო“. მათთან საუბარში, დავრწმუნდი, რომ აქაური ახალგაზრდები უიმედობით კი არა, ენთუზიაზმით არიან სავსე. მსგავსი პროექტები, ვფიქრობ, მათ თავდაჯერებას უფრო გაამყარებს. მიზანდასახული გოგოები კი მეტი საინტერესო საქმის კეთებას შეძლებენ.  ყველას ეს გვინდა“.

ღია სივრცეში, გასაოცარი ხედების გარემოცვაში, სულ, 30 მოზარდი სტუმრებთან შესახვედრად შეიკრიბა. ისაუბრეს ლიტერატურაზე, უკვე კარგად ნაცნობ თუ ახალ პერსონაჟებზე. 2-საათიანი შეხვედრა გულწრფელმა შეკითხვებმა დაასრულა.

„ნენე კვინიკაძე ხშირად გვინახავს ტელევიზორში, თუმცა არ მეგონა, ოდესმე პირისპირ  თუ შეხვდებოდი. ვკითხეთ ყველაფერზე, წიგნებზე, პირად გამოცდილებაზე. საინტერესო და ძალიან სასიამოვნო დიალოგი გამოვიდა. ნამდვილად მჯერა, რომ ერთი შეხედვით წარმოუდგენელი სურვილებიც შეიძლება  აგვიხდეს. ამაში ის წიგნებიც დაგვეხმარება, რომლებიც „მოგზაური ბიბლიოთეკით“ ჩვენამდე ჩამოვიდა. წავიკითხავთ და გულით გავუფრთხილდებით“, - ლინდა ამაღლობელი, სოფელ ჭვანას მცხოვრები.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანაში სულ 70 ოჯახი ცხოვრობს. რთული პირობების  გამო, დასახლება ნელ-ნელა იცლება. სწორედ ასეთ, მაღალმთიან სოფლებში, წიგნებსა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით გაჩნდა გაზეთ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ საგანმანათლებლო პროექტი. იაპონიის საელჩოსაგან საჩუქრად სატვირთოც მიიღეს და თანამგზავრებიც მალევე იპოვეს. წამოწყებას „თეგეტა ჰოლდინგი“ სხვადასხვა აქტივობით შეუერთდა. პროექტის მთავარი, მულტიფუნქციური ტრანსპორტი კი „თეგეტა თრაქ ენდ ბასისა“ და გერმანელი პარტნიორების თანამშრომლობით „მოგზაურ ბიბლიოთეკად“ იქცა. ფერადი სატვირთო, რომელმაც წიგნებით ქვეყნის დალაშქვრის მისია იკისრა, სპეციფიკური ძარათი და მზის პანელებით აღიჭურვა.

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „განათლების ხელშეწყობა „თეგეტას“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია, „მოგზაური ბიბლიოთეკა“ კი - ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი. შეუძლებელია, ეს ბორბლებზე შემომდგარი ბიბლიოთეკა ნახო და მისი გულშემატკივარი არ გახდე. „თეგეტას“ სახელით ასობით წიგნი გაიგზავნა მაღალმთიან სოფლებში. უკვე დავიწყეთ შემეცნებითი შეხვედრებიც მწერლების, ავტორების მონაწილეობით. გვინდა, რაც შეიძლება მეტ მოზარდს მივაწვდინოთ ხმა, უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გავხადოთ მათი ყოველდღიურობა“.

პროექტის ავტორებმა მიზნად დაისახეს აჭარის მაღალმთიანეთში, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში მდებარე 65 სასოფლო და სასკოლო ბიბლიოთეკა ახალი წიგნებით მოამარაგონ. სჯერათ, რომ განათლება არის ძალა, იმისათვის რომ  თამამად გადადგა ნაბიჯი უკეთესი ცხოვრებისაკენ.

„მაღალმთიან სოფლებში წიგნებსა და საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა შეზღუდულია. გვინდა, ეს რეალობა შევცვალოთ. სამყარო სწრაფად იცვლება და ძალიან რთულია, გარემოსთან ცოდნის გარეშე ადაპტირდე. „თეგეტასთან“ ერთად, ჩვენი პირველი გასვლითი ღონისძიება საინტერესო აღმოჩნდა, აქტიური დისკუსიითა და გახარებული მკითხველებით, რომლებსაც ახალი წიგნები „ჯადოსნური მანქანით“ ჩავუტანეთ. მოუთმენლად ველით, როდის შევძლებთ კიდევ უფრო საინტერესო ამბების მოყოლას ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში“, - ამბობს ირმა დიმიტრაძე, „მოგზაური ბიბლიოთეკის“ მენეჯერი და „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი.

წიგნები სოფელ ჭვანაში დატოვა და ახალი თავგადასავლების შესაგროვებლად „მოგზაური ბიბლიოთეკა“ ისევ გზას დაადგა. ნებისმიერს შეუძლია ბუქმობილს თავადაც „დაემგზავროს“. ამისათვის „თეგეტას“ ზრუნვის პლატფორმაზე tegeta.care, „მოგზაური ბიბლიოთეკა“ უნდა იპოვოს და სასურველი ლიტერატურა ყველაზე საინტერესო ამბებით სავსე მანქანას  მაღალმთიან აჭარაში გაატანოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები