1 0 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ლისი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის დახმარებით, 12 000 000 დოლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა

უძრავი ქონების დეველოპერულმა კომპანია „ლისი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის დახმარებით, 12 000 000 აშშ დოლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა. აღნიშნული ემისია თიბისი კაპიტალის და გალტ & თაგარტის პირველი ერთობლივი ემისიაა ადგილობრივ ბაზარზე. „ლისი დეველოპმენტთან“ თიბისი კაპიტალი 2018 წლიდან თანამშრომლობს და ეს ობლიგაციების რიგით მეორე ერთობლივი განთავსებაა.

ობლიგაციების ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი 6.5%-ით განისაზღვრა, რაც ადგილობრივ ბაზარზე არაფინანსურ სექტორში აქამდე დაფიქსირებული კუპონის ყველაზე დაბალი განაკვეთია აშშ დოლარში. ობლიგაციების დაფარვის თარიღი 2024 წლის 17 დეკემბერია. კომპანიამ საკრედიტო რეიტინგი Scope Ratings-ისგან 2018 წელს მიიღო და ის „B+”/სტაბილური დონით განისაზღვრა. „ლისი დეველოპმენტი“ დღემდე ერთადერთი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგს ფლობს.

ობლიგაციების მიმართ მაღალი ინტერესი დაფიქსირდა და განთავსება მოკლე დროში დასრულდა. ობლიგაციებში ინვესტირება რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ინვესტორებმა განახორციელეს. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციების მოცულობის მნიშვნელოვანი ნაწილი არარეზიდენტებისგან მოზიდული სრულიად ახალი სახსრებია, რაც საქართველოში შემოსული ახალი საინვესტიციო კაპიტალია.

ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტება, რაც ობლიგაციებს  საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც გახდის ხელმისაწვდომს.

ობლიგაციებიდან მოზიდულ სახსრებს კომპანია 2018 წელს გამოშვებული ამავე ოდენობის ობლიგაციების რეფინანსირებისთვის გამოიყენებს.

"ლისი დეველოპმენტისთვის ობლიგაციების რიგით მეორე ემისია, დიდი ნაბიჯია წარმატების გზაზე. მნიშვნელოვანია ქვეყანაში შემოსული უცხოური ინვესტიცია, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებისათვის. დაფიქსირებული ობლიგაციების ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი ინვესტორების მხრიდან კომპანიის მაღალ სანდოობაზე მიუთითებს.  პროცესში ნათლად გამოიკვეთა ლისი დეველოპმენტის, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის წარმატებული თანამშრომლობა, რაც შესაძლოა სხვა საშუალო თუ დიდი პროექტების განხორციელებისათვის და უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის მამოტივირებელი მაგალითი იყოს. ლისი დეველოპმენტი განაგრძობს 80/20 კონცეფციის, მაღალის სტანდარტების, მწვანე პრინციპებისა და ადამიანის ჯანსაღ ცხოვრებაზე მორგებული გარემოს შექმნას’’, - ნოდარ ადეიშვილი, ”ლისი დეველოპმენტის“ გენერალური დირექტორი.

„ჩვენი ჩართულობით განთავსებული ერთობლივი მე-2 ემისია, თიბისი კაპიტალისა და „ლისი დეველოპმენტის“ წარმატებული პარტნიორობის ნათელი მაგალითი და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებაში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. მოხარული ვართ, რომ კომპანიას ვეხმარებთ დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში კაპიტალის ბაზრის დახმარებით. მნიშვნელოვანია, რომ თიბისი კაპიტალი, ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებაში აქტიურადაა ჩართული, რითიც ხელს ვუწყობთ, რომ საქართველო როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კაპიტალისთვის მიმზიდველი ქვეყანა იყოს“, - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.

„მსურს პირველ რიგში მივულოცო „ლისი დეველოპმენტს“ ამ მნიშვნელოვანი ტრანზაქციის წარმატებით განხორციელება.  მოხარული ვარ, რომ გალტ & თაგარტმა საკუთარი წვლილი შეიტანა კომპანიის მიერ ხელსაყრელი დაფინანსების მოძიებაში. უპრეცედენტოდ დაბალი საპროცენტო განაკვეთი ადგილობრივი ბაზრის არაფინანსური სექტორის ემიტენტებისთვის კაპიტალის ბაზრის მონაწილეთათვის ალტერნატიულ დაფინანსებაზე წვდომის დამატებით ბენეფიტებზე მიანიშნებს. მსურს, ჩვენს კოლეგებთან ერთად, მორიგი წარმატება მივულოცო გალტ & თაგარტის მთელ გუნდს. გალტ & თაგარტი საქართველოს ბაზარზე წლებია საინვესტიციო ბანკის როლში ეფექტურად თანამშრომლობს როგორც კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან“, - ოთარ შარიქაძე, გალტ & თაგარტის მმართველი დირექტორი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები