0 9 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქალი მექანიკოსი სატვირთოების სამყაროში

ამას წინათ ჰკითხეს - „ქალისთვის შესაფერისი საქმის კეთება როდის უნდა დაიწყო და "კლუჩების" ტრიალს თავი როდის უნდა დაანებოო?"

ჩემზე უკეთესი საქმის კეთებას თქვენ რომ დაიწყებთ, მერეო - ასე დიპლომატიურად გაისტუმრა, თვითონვე რომ აღარ ახსოვს მერამდენე, მზრუნველობის მოტივს ამოფარებული, არამკითხე მოამბე. სალომე "კლუჩებს" უკვე ერთი თვეა ატრიალებს და თქვენ წარმოიდგინეთ, საკმაო წარმატებით.

ჯერ სულ ორი დღის შედგმული აქვს „თეგეტა თრაქ ენდ ბასის" სერვისცენტრში ფეხი და უკვე რამდენიმე სატვირთო ავტომობილის მძღოლს მწყობრიდან გამოსული ელექტრობის სისტემა დამოუკიდებლად გაუმართა. კვირაში 5 დღე, დღეში 8 საათი სალომე ჩხვიმიანი „თეგეტას" სერვისცენტრში პროფესიონალ ოსტატებს შეგირდად უდგას და მათი საქმის ყურებით სწავლობს რთული სისტემების აგებულებასა და მათი შეკეთების ანბანს.

„პრაქტიკული სწავლება 9 აგვისტოს დავიწყეთ და ბოლო სამი დღეა უკვე დამოუკიდებლად შეგვიძლია გადაწყვეტილებების მიღება, კლიენტის დახმარება და ეს დამატებით მოტივაციას მაძლევს. ადრე რომ ყურებაში გადიოდა დრო, ახლა კეთებაც შემიძლია და ბოლო დღეებია ვეღარც ვრძნობ საღამო როდის მოდის. არასოდესაა ერთი და იგივე საქმე გასაკეთებელი, ყველა ავტომობილს განსხვავებული აგებულება და პრობლემა აქვს - არცერთი დღე არ ჰგავს წინას."

რუტინულ და მოსაბეზრებელ საქმეზე 23 წლის სალომე ჩხვიმიანს ვერავინ დაიყოლიებს. მესტიიდან თბილისში ჯერ როგორც აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი ისე ჩავიდა, მალევე მიხვდა, რომ საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი მისი მოწოდება არ იყო და უმაღლესი სასწავლებლიდან საბუთები გამოიტანა. დაახლოებით ამავე დროს შეხვდა ინტერნეტში არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ცვლილებებისთვის" და „თეგეტა თრაქ ენდ ბასის" შეთავაზებას, სატვირთო ავტომობილის მექანიკოსის პროფესიის შესწავლაზე. ბევრი არ უფიქრია, თეგეტას იმიჯსა და რეპუტაციას ენდო, აპლიკაცია გაგზავნა და მოწვევაც მალევე მიიღო.

„ძალიან კარგი გარემოა. აკადემიაში თეორიული კურსი იყო პირველი სასიამოვნო გამოცდილება და თანაც ბევრი რამ ვისწავლეთ იქ, მაგრამ სერვისში რომ ჩამოვედი, დავრწმუნდი, რომ ამ ტრენინგის არჩევით კარგი გადაწყვეტილება მივიღე. მომწონს თანამშრომლების დამოკიდებულებაც, მათი მხრიდან მუდმივ მხარდაჭერას და ყურადღებას ვგრძნობ. ყოველ დღე ახალს ვსწავლობ და ვიზრდები. მიხარია, რომ „მოძრაობა ცვლილებებისთვის" საიტზე შემოთავაზებული რამდენიმე ტრენინგიდან მე სწორედ „თეგეტასი" ავირჩიე", - ამბობს სალომე.

ტრენინგს „თეგეტა აკადემია" ორ ნაწილად ატარებს. პირველი, თვენახევრიანი თეორიული კურსია, რომელიც სალომემ ივლისის ბოლოს შუალედური ტესტირების წარმატებით ჩაბარებით დაასრულა. ახლა სამთვიან პრაქტიკულ სწავლებას გადის და სულ უფრო მეტად უახლოვდება დღეს, როცა ყველას და პირველ რიგში, საკუთარ თავს დაუმტკიცებს, რომ პროფესიას მართლაც არ აქვს გენდერი. პრაქტიკული სწავლების წარმატებით დასრულების შემდეგ სალომე ჩხვიმიანი სატვირთო ავტომობილის მექანიკოსი პირველი ქალი იქნება საქართველოში.

„იმ ადამიანებს ვინც სტერეოტიპულად ყოფს ქალისა და კაცის საქმეს მე ვურჩევდი, უბრალოდ თავად მოსინჯონ ამ საქმის კეთება და მიხვდებიან, რომ არ შეიძლება გენდერის მიხედვით პროფესიების დაყოფა. არასწორია იარლიყის მიკერება. შეიძლება იმხელა ვნება იპოვო სწორედ ისეთ საქმეში, რომელიც საზოგადოების თვალში შენი გენდერისას არ მიეკუთვნება, როგორიც არცერთი პროფესიის მიმართ გიგრძვნია. დასანანია, ადამიანი საყვარელი საქმის კეთებას სხვისი აზრის გამო მოცდეს."
სალომეს შემთხვევაში სტერეოტიპული აზრების თავს მოხვევა რამდენიმე უსიამოვნო რეპლიკით შემოიფარგლა, უფრო მეტად კი იყო მხარდაჭერა. მისი გადაწყვეტილების მიმართ, გამხდარიყო სატვირთო ავტომობილის მექანიკოსი, ბევრი სულაც არ ყოფილა კრიტიკული, პირიქით, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შემფასებლები - ოჯახის წევრები - სიხარულით და ინტერესით შეხვდნენ ამ წამოწყებას.

„როცა ტრენინგში მონაწილეობაზე განაცხადი შევიტანე, ჩემი მშობლები მეკითხებოდნენ, როდის იქნება პასუხიო. მათაც უხარიათ ჩემი ეს გადაწყვეტილება, რადგან ისეთი საქმეა, ყოველთვის და ყველგან გამომადგება. გულწრფელად გეტყვით, საკმაოდ მაღალანაზღაურებადი პროფესიაა, თუმცა, სამწუხაროდ ქალების დაინტერესება ამ მიმართულებით დაბალია და ეს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ თეგეტაში დავრჩე და უფრო მეტი და მეტი ვისწავლო. თან ერთფეროვნება არ ახასიათებს ამ საქმეს, სულ ახალ-ახალი გამოწვევებია და ეს მომწონს."

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები