1 0 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„საკუთარ სამშობლოში დარბაზი არ გვაქვს... მაგრად „ტეხავს“, მაგრად...“

 საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი უდარბაზობის პრობლემას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მის სტატუსს სხვა მუსიკოსებიან ეხმაურებიან 

 „მაშინ, როდესაც ჩვენი ეროვნული ორკესტრი წარმატებით გამოდის ჰამბურგის, ბერლინის, ფრანკფურტის, პარიზის, პეტერბურგის, სტრასბურგის, ამსტერდამის, ტალინის ფილარმონიებში საკუთარ სამშობლოში სამოღვაწეოდ დარბაზი არ გვაქვს და იმისთვის, რომ ჩვენი ხალხის მასპინძლობა შევძლოთ ყოველ ჯერზე მინიმუმ 15.000-25.000 ათასი ლარი უნდა ვიშოვნოთ, რომ დავიქირავოთ სივრცე, ზოგ სახელმწიფოს კუთვნილ დარბაზში ფულის გადახდითაც არ გვიშვებენ… მოკლედ, მაგრად „ტეხავს” ჩემო სამშობლოვ, მაგრად…“

თემაზე საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამენ მუსიკოსები გიორგი შამანაური და სვიმონ ჯანგულაშვილი.

გიორგი შამანაური:

„100 წელია უკვე, რაც ჩვენი საყვარელი საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი არსებობს და რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა. მის მერე უსახლკაროდ დაძრწის მთელ ქვეყანაზე. არ დავწერ ამ კოლექტივის წარმატებების შესახებ, მაგრამ ვინც არ იცის, იცოდეს, რომ ათასობით უ წ ა რ მ ა ტ ე ბ უ ლ ე ს ი კონცერტი აქვს ჩატარებული მსოფლიოს უწარმატებულეს არტისტებთან ერთად და ძალიან ბევრჯერ ასახელა ჩვენი ქვეყანა და ქართველობა მსოფლიოს ყველა დიდ და პატარა საკონცერტო დარბაზებში და ეს მოხდა უდიდესი შრომის და წვალების ხარჯზე. შრომა გვიყვარს!.. უბრალოდ, სად ვიშრომოთ? სად გავიზარდოთ? სად ვიმუშაოთ, რომ თქვენამდე მოვიდეთ წელში გამართულები და ამაყები?!.  უკვე წლებია ამ ქვეყნისგან ვითხოვთ დახმარებას და ყველას ჰკიდია ის, რომ ყოველ დღე 120 ადამიანი ერთმანეთს ხვდება საშინელ პირობებში და მიუხედავად სიძნელეებისა, მაინც ვუღიმით ერთმანეთს და იმედის თვალით ერთმანეთს ვანუგეშებთ. საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი!.. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა და თურმე უდიდესი ტვირთია… მოგმართავთ თქვენ… მოქალაქეებო… მოგვეცით ფილარმონია და ჩვენ გასახელებთ!.. გთხოვთ გაუზიაროთ ერთმანეთს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა და დაგვეხმარეთ ამ უსამართლობის დამარცხებაში“.

სვიმონ ჯანგულაშვილი:

„თუკი ჩამოერთვა მართვის უფლება იმ ორგანიზაციას, ვერ ვხვდები, რა პრობლემაა, რომ მიქელაძის სახელობის ორკესტრს დაუბრუნდეს ფილარმონია, რომელიც, წლების წინ, სწორედ ამ ორკესტრისთვის აშენდა, როგორც ვიცი, ალექსი მაჭავარიანისა და ჯანსუღ კახიძის ინიციატივით?

დავიღალეთ იმაზე საუბრით, რომ საუკეთესო ორკესტრს (და გინდაც არ იყოს საუკეთესო, მართლაც ძალიან კარგს), სახელმწიფო ორკესტრს არ აქვს დარბაზი – საკონცერტოდ და სარეპეტიციოდ.

კახიძის დარბაზში ორკესტრის კვირაში ერთხელ შეშვებას წართმევად აღიქვამენ მისი მესვეურნი, ოპერა-თეატრებს თავიანთი გრაფიკი აქვთ და ვერაფრით ვერ მოახერხა მიქელაძის ორკესტრმა საკონცერტო-ფილარმონიული ცხოვრების აწყობა სხვების დარბაზებში… ზოგადად, უსამართლობაა, როდესაც სხვა მუსიკალურ კოლექტივებს უფასოდ აქვთ დარბაზები და ნებისაებრ წარმართავენ საკონცერტო ცხოვრების კალენდარს, და ამ ორკესტრს კი, თითოეული კონცერტის ჩატარება უზარმაზარი თანხის მოძიებითა და წვალებით გამოსდის.

რამდენ ბეთჰოვენს, ბახს, მალერსა და მოცარტს შევასრულებდით? რამდენ შოსტაკოვიჩსა და სტრავინსკის, რამდენ ძველ თუ ახალ ქართულ მუსიკას?

რა თქმა უნდა, რუსთავი2-ის ეთერში გასული ბრალდება, რომ ბერა ივანიშვილის ინტერესებშია ფილარმონიაო, სასაცილოა და სამარცხვინო. პოლიტიკური ნიუს-მეიკერები ავად არიან. მათი უფროსობაც. ივანიშვილის ოჯახი, რაც აქვთ, იმასაც სახელმწიფოს აძლევს და რად უნდა ბერას ფილარმონია?

ისიც სასაცილო იყო, 150 მილიონად ააშენა ბლექ სი არენა და სახელმწიფოს აჩუქა და მას 6 მილიონი უჯდებაო. დალოცვილო, სამების ტაძარი, თეატრები, სტადიონები, დარბაზები, ამდენი საზოგადოებრივი შენობა რომ ააშენა ან გაარემონტა, მათი შენახვაც მილიონები ჯდება, და არ უნდა აეშენებინა? სახელმწიფოსთვის, ხალხისთვის აშენებს და სახელმწიფომ უნდა შეინახოს ისინი. აშენების ფული კი გვეზოგება ჩვენ ყველას…

მოკლედ, თუკი ამ დარბაზს მმართველი და პატრონი აღარ ჰყავს, ყველაზე სამართლიანი იქნება, რომ ის მიქელაძის სახელობის ორკესტრს გადაეცეს. ფილარმონიული ცხოვრება გვჭირდება – ბევრი მუსიკა, კვირაში რამდენიმე კონცერტი, სხვადასხვა ჟანრის, ეპოქის აკადემიური და თანამედროვე, სერიოზული თუ გასართობი მუსიკა. ამ ყველაფერს ყველაზე კარგად მიქელაძის ორკესტრი და მისი ხელმძღვანელი გაუძღვებიან.

დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საქმე ისე გადაწყდება, ყველა კმაყოფილი და ბედნიერი იქნება.. იმ ორგანიზაციას კი, ვფიქრობ, მერეც შეეძლება საკუთარი პროექტების აქ განხორციელება – ჯაზფესტივალების ჩატარება (სხვა არც გაუკეთებიათ მე მგონი არაფერი). ამაზეც შეიძლება მე მგონი მოლაპარაკება.

სირცხვილია, ქვეყნის მთავარ ორკესტრს დარბაზი არ ჰქონდეს და აქ, დაკეტილ დარბაზს ფიტნესცენტრითა და ფართების გაქირავებით ინახავდნენ…

რამდენი წელია ეს ორკესტრი ითხოვს ყურადღებას საზოგადოებისა და ხელისუფლებისაგან, იმ ყურადღებას, რისი გაცემისაც ვალდებულნი ვართ – საზოგადოებაც და ხელისუფლებაც“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები