1 9 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

არის თუ არა, შემთხვევითი ეთერში გასული ნიუსები, სადაც რუსული "ვოლგა" ამერიკულ "ტესლაზე" ძლიერია?

21 საუკუნის საქართველოს მთავარი გამოწვევა გამოუცხადებელი ომის ქრონიკა ანუ რუსული პროპაგანდაა.

 ის იგრძნობა ყველგან: რესტორნებში, ქალაქებში, სოციალურ ქსელებსა და როგორც ჩანს, უკვე ტელევიზიებშიც. 

 მაგალითად: ტელეკომპანია "იმედმა" ეთერში რამდენიმე ისეთი ნიუსი გაუშვა, რომელიც აშკარად მოგაგონებთ იმ დიად საბჭოთა კავშირს, სადაც ყველა და ყველაფერი საუკეთესო იყო.

 "რუსულმა "ვოლგამ" ამერიკული "ტესლა" ბუქსირით წაიყვანა", - თითქოს ამ ერთი შეხედვით უწყინარ ინფორმაციაში რამდენი პოლიტიკური ქვეტექსტი იმალება. 

 ახალ და თანამედროვე "ტესლას", რომელიც უკანასკნელი მიღწევების ერთერთი საუკეთესო მაგალითია, თურმე საბჭოთა ჯაბახანა "ვოლგა" ეხმარება. 

 ფორმალურად იქნებ ასეც მოხდა, მაგრამ როცა ამ ამბავს საეთერო ბადეში ადგილს უთმობ და ქვეყანას უყვები, ეს უკვე პოლიტიკური კონიუნქტურაა, რადგან საქართველოს 20 პროცენტი სწორედ "ვოლგის" პროექტის მომპარავი რუსების მიერ არის ოკუპირებული. 

 "რუსეთში მართლმადიდებლური სმარტფონი გამოუშვეს", - კვლავ გვაუწყებს ტელე-არხი და სავარაუდოდ, მავანი ირიბად გვახსენებს რომ მართალია, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ოკუპანტია, მაგრამ "პახოდუ" ერთმორწმუნეა, რომელიც "გადამთიელს" უნდა გვირჩევნოდეს.

 "ახალგაზრდა სტალინის სურათით კაცმა ქალები პაემანზე დაითანხმა", - ისევ ქვეტექსტი და ტირანისადმი ლოიალობის გაჩენის თუნდაც უნებლიე მცდელობა. 

 სტალინი - ეს რუსების კულტი და ძალაუფლების სიმბოლოა, რომელიც ქვეყნებსა და ხალხებს ტირანიით იმორჩილებდა და თავისუფლებას ტყვიით უსწორდებოდა.

 სტალინის სახელს ასობით ათასი უდანაშაულო ადამიანის დახვრეტა, გადასახლება, ფიზიკური და მორალური განადგურება უკავშირდება.

 თუმცა, თუ მისი სურათით ქალების პაემანზე დათანხმება შეიძლება, მაშინ იქნებ არც ღირდეს ისტორიის გახსენება? 

 ცნობილია რომ ასეთ ფეიკ ლეგენდებს სტალინზე, პუტინზე, რუსულ სულსა და სხვა მსგავს "იდეალებზე" რუსული სპეცსამსახურები "ბითუმად" იგონებენ და სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით აწვდიან საზოგადოებას. 

 ნოვოსიბირსკსა და უფაში შესაძლოა ასეთმა "უტკებმა" იმუშაოს, თუმცა როცა იმ ქვეყანაში, სადაც რუსული ინტერვენცია განხორციელდა, მსგავს მინიშნებებს ტელევიზიით აჩვენებენ, აშკარად ლეგიტიმურია დავსვათ კითხვა: არის თუ არა, შემთხვევითი "იმედის" ეთერში გასული ნიუსები, სადაც რუსული "ვოლგა" ამერიკულ "ტესლაზე" ძლიერია?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები