1 0 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალლდებით 6 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის - მამუკა ჭელიძის ბრიფინგი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ორგანიზებული დანაშაულის და „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასავლეთის რეგიონული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ზესტაფონში, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით, კრიმინალური ავტორიტეტები, „ქურდული სამყაროს“ აქტიური წევრები: 1984 წელს დაბადებული თ.კ., 1967 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ბ. (მეტსახელად „ბახა-ბახა“) და 1968 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ა.ბ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები აღიარებენ „ქურდულ სამყაროს“. ისინი მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდთან“ - ფრიდონ სულაქველიძესთან (მეტსახელად „პაწუა“) და მის ძმასთან - ხვიჩა სულაქველიძესთან, რომლებისგანაც დავალებებს იღებდნენ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ.

კერძოდ, ბრალდებულები ზესტაფონში მდებარე ერთ-ერთი კაფეს მფლობელისგან, 1977 წელს დაბადებული გ.ჯ.-სგან, „კანონიერი ქურდის“ - ფრიდონ სულაქველიძის მიერ მისი სამეწარმეო საქმიანობის მფარველობის სანაცვლოდ, მუქარითა და ქურდული გარჩევის გზით, ყოველთვიურად მოგების 30 პროცენტის გადახდას მოითხოვდნენ.

ხვიჩა სულაქველიძის ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების მიზნით, ტარდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც „ქურდული სამყაროს“ წევრობას გულისხმობს.

ასევე, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულია წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი 2 პირი.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები - 1980 წელს დაბადებული ბ.ბ. და 1981 წელს დაბადებული ჯ.ო. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბ.ბ. და ჯ.ო., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, მობილური ტელეფონები ამოიღო, რომლებშიც ბრალდებულების „ქურდული სამყაროს“ წევრებთან კავშირის დამადასტურებელი ინფორმაცია ინახება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბ.ბ.-მ და ჯ.ო.-მ, უცხოეთში მყოფ „კანონიერ ქურდთან“ - ნადირ სალიფოვთან (მეტსახელად „გული“) შეთანხმებით, მოქალაქეს „ქურდული გარჩევა“ მოუწყეს და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ.

გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.

მიმდინარე წლის 16 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „ქურდული სამყაროს“ წევრი, 1962 წელს დაბადებული გ.ე. დააკავეს.

დაკავებული სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით 2007 წლიდან იძებნებოდა, რაც „ქურდული სამყაროს“ წევრობას გულისხმობს და 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებული აღიარებს „ქურდულ სამყაროს“. მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდთან“ - ზაზა ელიკაშვილთან და „ქურდული სამყაროს“ სხვა წარმომადგენლებთან: ოთარ ელიზბარაშვილთან (მეტსახელად „ჭაღარა“), გიორგი ახალმოსულიშვილთან (მეტსახელად „ბურვაკა“), ნოდარ გიორგაძესთან (მეტსახელად „ოდო“), ბესიკ ჭანყოშვილთან (მეტსახელად „დრელე“).

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 16-17 აპრილს, ქართველი, ფრანგი და ბერძენი სამართალდამცველების ორწლიანი, საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთსა და საბერძნეთში წარმატებით ჩატარდა სპეცოპერაცია სახელად - „Caucase Normandie“, რომლის დროსაც 4 ქართველი „კანონიერი ქურდი“ და ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრი დააკავეს. მიმდინარე წლის 15 ივნისს საფრანგეთის ქალაქ ნანსში მათი სასამართლო პროცესი დასრულდა. „კანონიერ ქურდებს“ - კახა შუშანაშვილს, ზაზა ელიკაშვილსა და გიორგი ელერჯიას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ და სამუდამოდ აეკრძალათ საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლა. დაკავებულ ბიძინა ბაკურიძეს კი 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა და მასაც სამუდამოდ აეკრძალა საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლა. დაკავებულები რჩებიან პატიმრობაში.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდობისთვის“ სასჯელი გამკაცრდა, ხოლო „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, შეკრების ორგანიზება, ქურდული სამყაროს წევრისთვის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი დანაშაული გახდა.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები