0 3 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ზურაბ პატარაძემ ახალი მინისტრები წარადგინა

დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეწვია და სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი, ლაშა კომახიძე წარუდგინა.

ლაშა კომახიძე სოფლის მეურნეობის მიმართულებით წლების განმავლობაში მუშაობდა. მან განათლება უნგრეთში მიიღო. დაამთავრა ბუდაპეშტის ეკონომიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტი. 2008 წლიდან მოღვაწეობს სოფლის მეურნეობის მიმართულებით და რეგიონის მასშტაბით არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ბიზნესისა და დასაქმების, პროფესიული განათლების ხელშეწყობისა და სოფლის განვითარების მიმართულებით არსებულ პროექტებს.

ლაშა კომახიძის სახელს უკავშირდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა სასოფლო ექსტენციის მოდელის შექმნა აჭარაში. იგი ჩართული იყო სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარებაში, რის შედეგადაც შეიქმნა 77 კოოპერატივი 7 მლნ. ევროზე მეტი დაფინანსებით, ხოლო 350-ზე მეტ ფერმერს შემოსავალი უშუალოდ 60-70 %-ით გაეზარდა.

ასევე ახალ მინისტრს უკავშირდება აჭარის სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაში შეტანილი წვლილი, რომელიც განაპირობებს 2016-2020 წლების ევროკავშირის მრავალმილიონიან საგრანტო პოლიტიკას ჩვენს რეგიონში.

დღესვე ზურაბ პატარაძემ ფინანსთა მინისტრი წარუდგინა სამინისტროს თანამშრომლებს. უწყებას დღეიდან რამაზ ბოლქვაძე ჩაიბარებს. მან განათლება მიიღო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომისტის სპეციალობით.

მრავალი წელია წარმატებულად მუშაობს ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. 1998 წლიდან მუშაობს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე. იყო აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი, ამავე უწყების ცენტრალური სახაზინო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ცენტრალური სახაზინო სამსახურის საგადასახადო დავალებათა განყოფილების მთავარი სპეციალისტი.

აჭარის სახაზინო სამსახურის უფროსად მუშაობის დროს მისი მონაწილეობით დაინერგა ინოვაციური პროგრამა, რომელმაც სახაზინო სამსახურის მუშაობა უფრო მარტივი და მოქნილი გახდა, ეს პროგრამა ბიუჯეტის აღსრულების პროცესზეც დადებითად აისახა. კერძოდ, დაიწყო ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ეფექტური განხორციელება.

„მე წარმატებებს ვუსურვებ მინისტრებს. ეჭვიც არ მეპარება, რომ ისინი თავს გაართმევენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. მე ყოველთვის დავრჩები მათი გულშემატკივრი“ - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ წარდგენისას.

სასიამოვნო მოულოდნელობა იყო თანამშრომლებისთვის რეგიონის ხელმძღვანელის მიერ თითოეულ კაბინეტში შესვლა და ყოველი თანამშრომლის ინდივიდუალურად გაცნობა. ის ასევე პერსონალურად გაესაუბრა დეპარტამენტების უფროსებს.

" ჩვენთვის მნიშვნელოვანია აქ მომუშავე თითოეული ადამიანი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენს უწყებებში მუშაობენ პროფესიონალები. იმედს გამოვთქვამ, რომ ერთად, ერთიანი თანამშრომლობით და გვერდში დგომით შევძლებთ კიდევ უფრო ეფექტური მუშაობის გაგრძელებას რეგიონის განვითარებისათვის სამომავლო გეგმების განსახორციელებლად’’ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ თანამშრომლებთან შეხვედრისას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები