1 5 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"შენ ხომ ტაძრის შესასვლელთან ხელგაწვდილი მათხოვრის კალთაზეც თავისუფლად ეტევი, ღმერთო?!"


მამა პეტრე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც თავად მონოლოგი ღმერთთან დაარქვა.

"მონოლოგი ღმერთთან

გამარჯობა!

თავად არ ვიცი, ვინ ვარ. უბრალოდ, საუბარი მომინდა, დანარჩენს ისედაც მიხვდები. ჩემს გვერდით მდგომს რომ ჰკითხო, გიპასუხებს-კარგად ვიცნობო.ჰმ. რამდენი ხანია სარკეში ვიყურები და ერთი დეტალიც ვერ ამოვხსენი. ყველაფერი სტანდარტული მაქვს. თვალი კი სამი. შენ მაინც ვერ გხედავ. ვიცი, რომ არსებობ. ისე, როგორც მამაჩემი, ვისაც ვერაფერი გავუგე. ბევრი რამ არც შენი მესმის, იმედია გაგიგებ, ან შენ გამიგებ და მეტად დავფიქრდები. 

ურჩი ვარ, თავისებური და იდიოტი. მთავარია ვარ და თუ დამეხმარები შევიცვლები. ისე, ამ ბოლო დროს, შენზე მეტად მე მახსენებენ. გაგიკვირდება და მიკვირს. იმდენს საუბრობენ და კამათობენ, მე რომ არ ვიყო, ჩემს თავს აუცილებლად ვინატრებდი. შენ მაინც გამაგებინე, ვინ ვარ. მასწავლე, როგორ ვისწავლო. სხვებიც მასწავლიან, უპოვარებით როგორ "დავანაყრო" ექვსი შვილი. ისეთები მარიგებენ, ერთიც რომ არ ჰყოლიათ.

ჰო, მართლა. საფრანგეთზე ძალიან ნერვიულობენ. განსაკუთრებით ისინი, საკუთარ ძმას ცოცხით რომ აუპატიურებდნენ. სიყვარულს მეფიცებიან და სანთლებს თავდაღმა წვავენ.

წყევლას ლოცვას უწოდებენ, სიძულვის სარწმუნოების დაცვას. თუ პირში


სიმართლე ვუთხარი, ღალატად თვლიან, ზურგსუკან განკითხვას კი ერთგულებაში გითვლიან. რეგალიებს ეპოტინებიან, გუმბათებს ამშვენებენ და სულებს ანგრევენ. დავიჯერო, ამდენი ნაგებობები შენ გჭირდება?! შენ ხომ ტაძრის შესასვლელთან ხელგაწვდილი მათხოვრის კალთაზეც თავისუფლად ეტევი, ღმერთო?! ო, რამდენს გეტყოდი, მაგრამ ისევ ლანძღვას დამიწყებენ. 

მივეჩვიე. მოდი, მათ გავუფრთხილდები და დანარჩენს სხვა დროს გეტყვი. ერთი რამ მაინც ამიხსენი-თამაშს როდის დაამთავრებ. ნივთები ნაწილებად დაიშალა, არც რესტავრირება უშველის. უმეტესობა გადასაყრელია. მოდი, თუ მოდიხარ. ჯოჯოხეთით უკვე დიდი ხანია არ ვშინდები. აქაურობა მისი რეპეტიციაა. სამოთხე კი. აი, სამოთხე. ჰო, წესით ჩვენი ტანჯვის და მარადიული დათმენის გვირგვინი.

ლოცულობენ, მარხულობენ, მოწყალებას უხვად გასცემენ. სამაგიეროს არ ვითხოვთო. დალოცვილო, რაღა სამაგიერო უნდათ, სამოთხისთვის ირჯებიან ამდენს. 

ბოდიში, მაგრამ ვაჭრობა მგონია. მე კი, თუ საერთოდ რამეს ვაკეთებ, ალბათ უფრო ცნობისმოყვარეობის გამო. ერთხელ მაინც დავინახო, რამხელა სხვაობაა ჩემს წარმოსახვასა და შენს ნამდვილ არსებობას შორის. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები