მსოფლიო
"არა გაზპრომს!" - აქცია კანცელარიის წინ
2015-10-17 17:48:36
სახელმწიფო კანცელარიის წინ აქცია "არა გაზპრომს!" მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რუსული კომპანია "გაზპრომთან" ხელისუფლების მიერ დაწყებულ მოლაპარაკებებს აპროტესტებენ.
აქციაში საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, პოლიტიკოსები, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მონაწილეობენ.
აქციის მონაწილეებს მკერდზე უკეთიათ სტიკერები წარწერით: "გაზპრომი", რომელზეც რვაფეხაა გამოსახული პუტინის თავით, ასევე "გაზპრომი" გასროლილი რაკეტის სახით.
კანცელარიასთან დამონტაჟებული სცენიდან შეკრებილები სიტყვით გამოდიან. კომენტარები აქციის მიმდინარეობისას გააკეთეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და პოლიტიკოსებმა.
"გაზპრომის" გაზს აქვს პუტინის სუნი. ვინც ამას ვერ ხვდება, არის ქვეყნის მტერი ან უგუნური. "გაზპრომი" არის ის სიმსივნე, რომელიც მოვიშორეთ 2006 წლის შემდეგ", - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
აქციაზე მყოფი ნინო დანელიას თქმით კი, საქართველოს, როგორც ქვეყანას "გაზპრომის" პირობებში რუსეთის მხრიდან შანტაჟის საფრთხე ემუქრება.
"ჩვენ არ გვინდა, რომ გავხდეთ რუსეთის ხელში შანტაჟის საგანი, არ გვინდა, რომ რუსეთმა ჩვენზე, როგორც ქვეყანაზე გამოიყენოს მისი პოლიტიკური იარაღი, რომელიც არის "გაზპრომი". 2006 წელს ისტორიული გამოცდილება გვაქვს როგორ გაგვითიშეს გაზი ზამთარში", - განაცხადა ნინო დანელიამ.
"ტაბულას" დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით კი, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ძალაუფლების უზურპაციას და ქვეყნის საკუთარ ბიზნესად გადაქცევას.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ სტიკერები და პოსტერები, სადაც კარიკატურებია გამოსახული, როგორც "გაზპრომის", ასევე პუტინისა და ბიძინა ივანიშვილის.
ipn.ge
კომენტარები