სოც. მედია
ჯოკია დუმილს არღვევს-როგორ პასუხობს ბრალდებას დაკავებული მაღალჩინოსანი?
2015-10-07 16:36:38
დაპატიმრებული მაღალჩინოსანი ჯოკია ბოდოკია წარდგენილ ბრალდებას ქრთამის აღებასთან დაკავშირებით კატეგორიულად უარყოფს.მისი თქმით, 50 000 ლარი, რომელიც აიღო კერძო კომპანიისთვის, პროექტის ხელმძღვანელის მომსახურებისთვის იყო განსაზღვრული.
ბოდიკიას თქმით, მას ყოფილი თანამშრომელი გია გურგენიძე დაუკავშირდა, რომელიც "ენ ტურში" მასთან ერთად ადრე მუშაობდა და სთხოვა, რომ მისი ნაცნობი გოგონასთვის კონსულტაცია გაეწია.
"როდესაც ვკითხე ვინ იყო ეს გოგო და რა ვალდებულება ჰქონდა გია გურგენიძეს მასთან, მან მითხრა, რომ ეს გოგონა მოსწონდა და მასთან ინტიმური კავშირის დამყარებას ცდილობდა. ამის შემდეგ შევხდი ნათია მახარაშვილს გურგენიძის თხოვნის საფუძველზე, რათა გამეწია კონსულტაცია". - განაცხადა ჯოკია ბოდოკიამ.
მისივე თქმით, ნათია მახარაშვილისგან მან შეთავაზება მიიღო, რომ "დარიოუშენის" პროექტის მენეჯერი გამხდარიყო. ბოდოკიას თქმით, პროექტის ხელმძღვანელად მუშაობისთვის მან თვეში 2 000 დოლარი მოითხოვა. ამასთან საქმის კურსში ჩააყენა ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი თამაზ ცერცვაძე პროექტთან დაკავშირებით.
"შევთანხმდით, რომ როგორც კონსულტანტი დამეხმარებოდა თამაზ ცერცვაძე. ეს პროექტი ჯდება მილიონნახევარი და 10% შეადგენს 150 000 ლარს. მახარაშვილმა მითხრა, რომ 50 000 ლარს წინასწარ მომცემდა. ეს გამიკვირდა, შემდეგ ცერცვაძეს ვკითხე და მან მითხრა, რომ ასე ხდება და ნაწილს წინასწარ იხდიდნენ", - განაცხადა ჯოკია ბოდოკიამ.
მისი თქმით, დანაშაულთან შეხება არ აქვს. როგორც მან აღნიშნა, შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში იგი ფინანსთა სამინისტროში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, კერძოდ საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და გაფლანგვა რომ სდომოდა "იმდენს იზამდა, რომ შვილებს და შვილიშვილებსაც ეყოფოდათ", - განაცხადა ჯოკია ბოდოკიამ
კომენტარები