1 7 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რა იყო ყველაზე დიდი სტრესი თიკა ჯამბურიას ცხოვრებაში და რატომ მოიხსენიებს იბოს მეფე მას თავის ნახევარდად

თიკა ჯამბურია: რამდენიმე ახალი სიმღერა ჩავწერე და კიდევ, ჩემს მეგობართან ერთად ვმუშაობ ძალიან კარგ სიმღერებზე, რომლებიც ცოტა განსხვავებული იქნება, უფრო ფანქის სტილში. მეტი სიახლე არ მაქვს (იცინის). ამ ეტაპზე არაფერი ხდება ჩემს ცხოვრებაში. ძალიან მშვიდი პერიოდი მაქვს.
– ერთხელ თქვი, რომ ქვეყნიდან გინდოდა წასვლა. ხომ არ გეგმავ უახლოეს მომავალში რაიმეს?
– კი, ვთქვი და ვაპირებ კიდეც, სერიოზულად ვფიქრობ ამ საკითხე. მქონდა დაგეგმილი რაღაც, მაგრამ ჩამეშალა, რატომღაც ვერ მოვახერხე. კიდევ, მაქვს რაღაც გეგმები და ვნახოთ, რა გამოვა. გერმანიაში მყავს და და სიძე. ან მათთან წავალ, ან კიდევ ერთ შორეულ ქვეყანაში, რომლის შესახებაც საუბარი ჯერ არ მინდა. უბრალოდ, ერთი პრობლემა მაქვს, ძალიან მიჭირს ნინას დატოვება და მის გარეშე ყოფნა. ბავშვს ამ ეტაპზე ვერ წავიყვან, ამიტომ მისი დატოვება მირთულდება. მის გამო გავჩერდი ამდენი ხანიც. 
– ასე ძალიან რატომ გინდა წასვლა?
– პირველი იმიტომ, რომ აქ არაფრის პერსპექტივა არ არის. მყავს შვილი, რომელსაც მინდა, წარმატებული დედა ჰყავდეს. ჩემი წარმატება მის მომავალზე აისახება კარგად. თან, სხვა ქვეყანაში ყოველთვის ლაღად ვარ, არავინ ჭორაობს ჩემზე და ისე არ მიყურებენ თითქოს უცხოპლანეტელი ვიყო (იცინის). რამდენიმე დღის წინ მეგობარი წამოვიდა პირველად ჩემთან ერთად კლუბში და ათი წუთის მერე მითხრა, თიკა როგორ უძლებ ამ ყოველივეს ძალიან მაინტერესებსო (იცინის). 
– ჭორები შენამდეც აღწევს? გაკრიტიკებენ ხოლმე?
– კი, როგორ  არა (იცინის). მაკრიტიკებდნენ, როცა „ცეკვავენ ვარსკვლავებში” ვმონაწილეობდი და განსაკუთრებით ჭორაობდნენ მაშინ, როცა ქმარს გავშორდი. ეს თემა იმდენად გაქექეს, რომ, მგონი, დაიღალნენ კიდეც. ბავშვმა თუ მოხუცმა, ყველამ ყველაფერი იცის ჩემი ცხოვრების შესახებ. ნამდვილად არ მინდოდა პირადი ცხოვრების აფიშირება, მაგრამ ჟურნალისტებმა სერიოზული გამოძიება ჩაატარეს. დაშორების მიზეზებიც ერთ-ერთი ჟურნალიდან გავიგე, რაზეც ძალიან გავბრაზდი. გადავწყვიტე, აღარასოდეს ვისაუბრო ამ თემაზე. ყველა ინტერვიუ ბექაზეა და აღარ შემიძლია, ცოლი ჰყავს და რით ვერ დამთავრდა მასზე ლაპარაკი.
– ნინამ როგორ აღიქვა ბექას ქორწინება? 
– ნინა პატარაა, 4 წლისაა და საერთოდ ვერაფერს ხვდება. ნამდვილად არ აღუქვია ეს ყოველივე ტრაგედიად. წლები გავიდა, რაც დავშორდით და ნამდვილად არ მტკენია ამ ფაქტით გული. თან, მას შემდეგ იმდენი ცუდი რამ გავიარე ცხოვრებაში და იმდენი გულისტკენა მქონდა, რომ ეს არაფერია. თავიდან, რომ ვიწყებდე ცხოვრებას, არაფერს შევცვლიდი, განსაკუთრებით იმ მოვლენებს, რომლებმაც გარდატეხა მოახდინა ჩემში. ყველაფერს უცვლელად დავტოვებდი, რაღაც უმნიშვნელო დეტალებს თუ არ ჩავთვლით, მაგალითად, როგორიცაა „ვოისში” მონაწილეობა.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება, რაიმე ხომ არ შეცვლილა?
– გულწრფელად გეუბნებით, არაფერია საინტერესო. ჩემს ცხოვრებაში ბევრი ისეთი ადამაინი ჩნდება, რომლის მიმართაც ინტერესი არ მაქვს. ამ პერიოდის განმავლობაში ისეთი არავინ ყოფილა, ვისთანაც ურთიერთობის დაწყებაც ღირდა. ახლა, რომ გითხრათ, აუცილებლად მინდა მამაკაცი მყავდეს გვერდით-მეთქი, მოგატყუებთ. 30 წლის რომ ვიყო, ვინერვიულებდი ამ თემაზე, მაგრამ ახლა სხვა საფიქრალი უფრო მაქვს. რაც მთავარია, მყავს ნინა, მეგობრები და ძალიან მაგარი ოჯახი. ეს ხალხი ნამდვილად მივსებს ამ სიცარიელეს. ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამოჩნდება ის ადამიანიც, აბა სად წავა.
– ნინა როგორი გოგოა, ჰგავს დედას ხასიათით? მღერის?
– ნინა არის ძალიან კარგი გოგო. ცელქიცაა და ეშმაკიც, მაგრამ რაც მთავარია, არ მაბრაზებს, უბრალოდ, ძალიან ჯიუტია და ამ საკითხთან გვაქვს პრობლემა. ყველაფრით მე მგავს (იცინის). ფიზიკურად მამას ამსგავსებენ, მაგრამ ჩემი ბავშვობის ფოტოებს რომ ვუყურებ, ბევრ მსგავსებას ვიჭერ. პრანჭია გოგოა, დილით ბაღში წასასვლელად რომ ვამზადებ, თვითონ არჩევს ტანსაცმელს – ხან რა არ მოსწონს და ხან რა. კაბები და ბრჭყვიალები უყვარს. ამოჩემებული ტანსაცმელი არ აქვს, მაგრამ სულ უნდა, რომ კაბა ეცვას.  მღერის და ორი სიმღერაც აქვს უკვე ჩაწერილი. 
– მეგობრობთ, თუ უფრო მკაცრი დედა ხარ?
– მე და ნინა ვართ მაგარი მეგობრები. რაღაცნაირად კარგი ბავშვია, თუ ცუდ ხასიათზე ვარ, მაშინვე ხვდება და მეკითხება: „დედიკო, რა გჭირს”? მერე მოდის, მკოცნის და მეხუტება. მიყვება თავის ამბებს, მეჭორავება (იცინის). ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდა დედა ვარ. ნინას ჩემი სახით არასდროს ეყოლება მკაცრი დედა, ყოველთვის მისი მეგობარი ვიქნები.  არ უყვარს, როცა სადმე მივდივარ და ვტოვებ. მეწუწუნება: ჩემთან ერთად მინდა იყო და შენ რატომ მიდიხარ, მე ისეთი დედა მინდა, რომელიც ჩემთან იქნებაო (იცინის). ერთადერთი, ამ საკითხში ვერ ვთანხმდებით, თორემ სხვა პრობლემა არ გვაქვს. 
– რთული პერიოდი თუ გქონია?
– კი, როგორ არა, ძალიან ბევრი. ხანდახან ვამბობ, რომ 24 წლის ვარ და 60 წლის ქალის გამოცდილება მაქვს-მეთქი. ცხოვრებაში „პოდნოსით” არაფერი მომდის, ყოველთვის ბევრი უნდა ვიშრომო, რაღაცას რომ მივაღწიო, ასეთი ბედი მაქვს. სადღაც 11 წლამდე სასწაულად იღბლიანი ვიყავი (იცინის). ჩემი ყველაზე კარგი და ფერადი პერიოდი ბავშვობაა – თითქოს ზღაპარში ვცხოვრობდი. ზოგადად, ძალიან ძლიერი და პოზიტიური ვარ. რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის ვცდილობ, დადებითი დავინახო. ფსიქოლოგიურად ვამუშავებ საკუთარ თავს. მეგობრებსაც, როცა რაღაც ცუდი ემართებათ, მაშინვე მირეკავენ: თიკა, მოდი?! (იცინის) იმდენად მაქვს გამომუშავებული იმუნიტეტი და ვერკვევი ურთიერთობებში, პატარა ფლირტის დროსაც კი, ვხვდები წინასწარ, როდის შეიძლება, მოხდეს ცუდი. ძირითადად, ყველა ბიჭი ჩემთან ცუდად იქცევა (იცინის), თუმცა ამას უკვე ყურადღებას აღარ ვაქცევ.  რაც მთავარია, აღარ ვნერვიულობ. 21 წლის ვიყავი, როცა ნერვიულობას ვაკლავდი თავს, არავის ვურჩევ ამას. მეუღლეს რომ გავშორდი, ცხრა თვის ფეხმძიმე ვიყავი. ეს იყო ყველაზე დიდი სტრესი. ამის შემდეგ, ჩემი ცხოვრება ორად გაიყო – დაშორებამდე და მას შემდეგ. 
– ზაფხული როგორ გაატარე?
– საშინელი ზაფხული მქონდა. ვმუშაობდი დილის 9-დან საღამოს 9-მდე და ვერსად წავედი. შენგენის ვიზა გავაკეთე, ევროტურში უნდა წავსულიყავი, მაგრამ სამსახურის გამო, ერთი თვით გადავდე მოგზაურობა. საბოლოოდ, სამსახურიდანაც წამოვედი.  ერთადერთი, რაც იყო, მეგობრებთან ერთად წავედი „GEM ფესტზე”. დანარჩენი დრო ვიყავი წყნეთში, თუმცა ეს არ იყო დასვენება. ძალიან დიდი ოჯახი გვაქვს, სულ ჟრიამულია, სულ რაღაცა ხდება (იცინის). ბათუმსა და ქობულეთშიც ვიყავი, ნინა წავიყვანე და ეს იყო სულ. ზამთარს უკეთესად გავატარებ, უკვე ვგეგმავ რაღაცეებს. 
– როგორც ვიცი, ნიგერიის ერთ-ერთი კუთხის, იბოს მეფეს იცნობ...
– არინზე-რიჩარდ ოგბუნუჯუ წლების წინ გავიცანი, როცა ძალიან პატარა ვიყავი. მაშინ მამაჩემი მთაწმინდა-კრწანისის პოლიციის უფროსი იყო და მან გამაცნო – სახლში მოიყვანა ჩვენთან. რაღაც უსიამოვნება შეხვედრია რიჩარდს ქუჩაში და მამამაც ამ შემთხვევის წყალობით გაიცნო. იქიდან მოყოლებული, ძალიან დავახლოვდით და კარგი ურთიერთობა გვაქვს. თავისი ქართველი მეუღლეც ჰყავდა ჩვენთან მოყვანილი. თვითონ რომ სამეფო გვარის წარმომადგენელი იყო, ეს მერე გავიგეთ. რიჩარდი მამაჩემს „მამას” ეძახის და, აქედან გამომდინარე, მე მომიხსენიებს როგორც თავის ნახევარდას. სულ მეპატიჟება ხოლმე თავის სამეფოში და ვერცერთხელ ვერ შევძელი წასვლა.

tbiliselebi.ge



კომენტარები

მსგავსი სიახლეები