მსოფლიო
ლელა მებურიშვილი კატოს როლს გამოემშვიდობა-რა კომენტარს აკეთებს მსახიობი?
2015-10-05 23:47:18
„გული მწყდება, მაგრამ…“
ცნობილი გახდა, რომ „ჩემი ცოლის დაქალების“ ხვალინდელ პრომოში, რომელიც „რუსთავი 2“-ის ეთერში გავა, კატოს როლის ძველ-ახალ შემსრულებელს ვიხილავთ. ლელა მებურიშვილი ამ როლს გამოემშვიდობა და სერიალის ჯგუფის გადაწყვეტილებით, მას ნინო გაჩეჩილაძე ჩაანაცვლებს.
თავის დროზე, მაყურებლის დიდ ნაწილს გული დასწყდა, როცა სერიალის შექმნელები და ნინო რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ და კატოს როლი ლელას ერგო, თავიდან საზოგადოებას გაუჭირდა ლელას ამ როლში აღქმა, შემდეგ ნელ-ნელა მიეჩვივნენ. ახლა კი, ნინომ კვლავ დაიბრუნა კატო კირვალიძის პერსონაჟი. მსახიობმა ეს ამბავი „ამბები ჯი“-სთან ვრცელ ინტერვიუში დაადასტურა.
ნინო გაჩეჩილაძეს კომენტარისთვის დავუკავშირდით. მან გვითხრა, რომ პრომოს გასვლამდე კომენტარს ვეღარ გააკეთებს. ლელა მებურიშვილი კი საუბარზე დაგვთანხმდა:
ვფიქრობ, ჩემგან ამ ამბავის დადასტურება არ იქნება კარგი, ვინაიდან ჯერ სერიალის ხელმძღვანელობამ უნდა დაადასტუროს, არ მინდა, კომენტარი პირველმა მე გავაკეთო. ისინი ჩემი მეგობრები არიან.
თუმცა, თავად ნინომ დაადასტურა და პრომოც გავა ეთერში ხვალიდან…
ზუსტად არ ვიცი, როდის გავა. სავარაუდოდ, უკვე მზად იქნება.
ლელასთან საუბრის შემდეგ, სერიალის პროდიუსერს, ირაკლი საღინაძეს დავურეკეთ.
ირაკლი:
ხვალიდან მაყურებელი ეთერში პრომოს იხილავს და შეიტყობს იმ სიახლეების შესახებ, რაც სერიალში მოხდა. შეიტყობს, არის თუ არა სიმართლე, რომ კატოს პერსონაჟს ისევ ნინო გაჩეჩილაძე განასახიერებს. ჯერჯერობით ჩვენ ამას ჭორის დონეზე ვტოვებთ.
კი, მაგრამ ნინო გაჩეჩილაძემ უკვე დაადასტურა…
(იღიმის) მირჩევნია, რომ ეს ამბავი პრომოთი დადასტურდეს.
და მოგვიანებით იტყვით, რატომ გადაწყვიტეთ ისევ ნინო გაჩეჩილაძის დაბრუნება?
არა, რა თქმა უნდა. ამას არასდროს ვიტყვით, არც დღეს, არც პრომოს გასვლის შემდეგ. ეს არის შიდა პოლიტიკის ამბავი. შიგნით ხან ასე ვხარშავთ, ხან ისე, გარკვეულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ და ამაზე საჯაროდ არ ვისაუბრებთ.
ირაკლი საღინაძის პასუხის შემდეგ კვლავ ლელა მებურიშვილს გადავურეკეთ.
ლელა:
ალბათ, ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. მეც დავუდგები გვერდში ჩემს მეგობრებს და მიზეზებზე არასდროს ვისაუბრებ. ჩემი ძალიან კარგი მეგობრები არიან.
სერიალში განვლილ პერიოდს როგორ შეაფასებდი?
ძალიან კარგად მახსოვს ეს წლები. ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იყო და ის მომავალშიც გაგრძელდება, უბრალოდ, ამ ეტაპზე ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს.
გული არ გწყდება?
(იღიმის) გული მწყდება, მაგრამ ვფიქრობ, წინ ბევრი კარგი რამ და უკეთესი საქმეები გველოდება ერთად…
ნინო მურღულია
fortuna.ge
კომენტარები