მსოფლიო
"რუსეთიდან ძალიან სერიოზული რესურსი, რომელიც მოდიოდა, შესუსტდა"მარგველაშვილი
2015-09-28 12:21:06
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ში, დიასპორასთან შეხვედრაზე ის ფაქტორები დაასახელა, რომლებმაც, მისი აზრით, ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემები გამოიწვია."ჩვენ ახლა, ყოველი წლის განმავლობაში გვაქვს ეკონომიკური პრობლემები. ეს განსაკუთრებით მძიმეა, რადგან გვქონდა ბევრად უფრო მაღალი მოლოდინი, იქიდან გამომდინარე, რომ კარგი სასტარტო პირობები არსებობდა ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელმოწერის ფონზე და იმ ფონზე, როდესაც ეკონომიკური ზრდა სტაბილურად გვქონდა გათვლილი 5%-ის ოდენობით. ეს ფონი იმედით გვამყოფებდა. ეს იმედი გამომდინარეობდა იმ შესაძლებლობებიდან, რაც ხელში გვიჭირავს - ეს არის საინტერესო საინვესტიციო ბაზარი. ნებისმიერი ინვესტორისთვის, რომელიც საქართველოში ინვესტიციას განახორციელებს, ამ და სხვა ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, რომელიც მანამდე გვქონდა თურქეთთან, დსთ-ს და სხვა ქვეყნებთან, ფაქტობრივად უზარმაზრ ბაზარზე გასვლა შეუძლია ნებისმიერ ინვესტორს. ასევე, ბიზნესის კეთების რეიტინგში მართლაც ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელი, კორუფციის დაბალი დონე, ბიზნესის განხორციელების სისწრაფე და ა.შ.", - განახცადა მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ მთელი ეს კომპლექსი, ის რიგი სტრატეგიული პროექტები, რომლებიც საქართველოში ხორციელდება, ძალიან იმედიანად ამყოფებს.
მისივე თქმით, რეალურად, ამ მთელ პოტენციალს დაარტყა საგარეო პრობლემებმა.
"ეს არის რუსეთ-უკრაინის ომი, რომელმაც ერთი მხრივ უკრაინის ეკონომიკას დაარტყა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარი იყო. რუსეთიდან ასევე ძალიან სერიოზული რესურსი, რომელიც მოდიოდა, შესუსტდა. ასევე, შესუსტდა რუსეთთან სავაჭრო პოტენციალი, მითუმეტეს იმ ნაწილში, რაზეც ჩვენი კონცენტრაცია იყო, ეს არის ტრადიციული რუსული ბაზრის სეგმენტი – ღვინო და მინერალური წყალი. ამ ვითარებამ დაარტყა ჩვენს მეზობლებს, რამაც მათი მსყიდველუნარიანობა და ეკონომიკური შესაძლებლობა შეასუსტა. რეალურად ჩვენ ვართ ვითარებაში, როდესც დაგეგმილი 5%-ის მაგივრად, ეკონომიკური ზრდა გვექნება 2.5%-მდე", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, მთლიანობაში, ეკონომიკურ ვითარებაზე იმოქმედა საგარეო პრობლემებმა და ქვეყნის შიგნით დაშვებულმა შეცდომებმა.
"იცით, რა ბედი ეწია ლარს. ლარი ერთი მხრივ გაუფასურდა დოლართან მიმართებაში, ამავე დროს ინფლაციური პროცესებიც წავიდა. რა თქმა უნდა, შეცდომები იყო ქვეყნის შიგნით. შეუძლებელია, არ ყოფილიყო. ყოველთვის არის რაღაც დიდი შეცდომები. უფრო აგრესიული ეკონომიკური პოლიტიკა შეიძლება გატარებულიყო, მაგრამ ძირითადში ეკონომიკური პრობლემები გამოიწვია გარე ფაქტორებმა და, სამწუხაროდ გარე ფაქტორებს ვერ გამოასწორებ, რადგან ჩვენ მასზე სერიოზული ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა არ გვაქვს. აი, ამ პრობლემებმა შეანელეს ეს ეკონომიკური მოლოდინი, რაც გვქონდა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
რაც შეეხება ეკონომიკურ მომავალს, მარგველაშვილის თქმით, ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი კვლავ რჩება, რომელიც იმედს იძლევა.
"რაც შეეხება მომავალს, პოტენციალი რჩება. თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან რჩება. ასევე, ხდება ახალი სტანდარტების დანერგვა თვითონ ქართული ბიზნესის წარმოების თვალსაზრისი. გლობალური პროექტები ხორციელდება, რომელსაც კასპიის და შავ ზღვებს ერთმანეთთან დააკავშირებს და საქართველოს როლს უფრო გაზრდის. თანმდევად უნდა განვითარდეს მცირე და საშუალო ბიზნესი. რამდენი ხნით დაამუხრუჭა ამ კრიზისმა რეგიონის და მათ შორის საქართველოს ეკონომიკის განვითარება, ამაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან კრიზისი როდის ამოიწურება, ამის პროგნოზირება რთულია. იმედი არის, რომ ყველა პოტენციალი რჩება და ამ კრიზისის გადასვლის შემდეგ, საქართველოს ისევ აქვს ინვესტიციების მოზიდვის და ეკონომიკის გაძლიერების უნარი", - განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოში ეკონომიკური პრობლემების შესახებ დიასპორას წარმომადგენლები დაინტერესდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ ამ პრობლემების გამოსწორება ქვეყანაში დასაბრუნებლად მნიშვნელოვანია.
"მე ყველაზე მეტად მაინტერესებს საქართველოში ეკონომიკური პრობლემები. ჩამოსული ვიყავი ორი თვის წინ. როდის გამოსწორდება ეკონომიკური მდგომარეობა, რომ ჩვენ არა სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე ან ორმაგ მოქალაქეობაზე ვიფიქროთ, არამედ დავბრუნდეთ ქვეყანაში. ყველას, ვისაც შევხვდი, მდიდარი იყო თუ ღარიბი, ყველას წასვლა უნდა საქართველოდან. ძირითადი მიზეზი არის არასტაბილური ეკონომიკური სიტუაცია", - აღნიშნა დიასპორას ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.
კომენტარები