მსოფლიო
სასწრაფოდ: საპატრიარქო ზუგდიდიდან ღვთისმშობლის კვართის გადაბრძანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
2015-09-18 08:46:54
ზუგდიდიდან ღვთისმშობლის კვართის გადაბრძანებასთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ზუგდიდიდან ღვთისმშობლის კვართის გადაბრძანებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ბუნდოვანი სიტუაცია შეიქმნა მას შემდეგ, რაც ხობის ადგილობრივი ხელისუფლებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლები შეხვდნენ მის უწმინდესობას ყაზბეგში და გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კათოლიკოს-პატრიარქი თანახმა იყო, ეს სიწმინდე ერთი დღით დაბრძანებულიყო ხობის მონასტერში; მაგრამ არ ითქვა იმ პირობის შესახებ, რომ პროცესს არ უნდა მოჰყოლოდა შფოთი და დაპირისპირება.
მათი ნათქვამის მიხედვით, იქმნებოდა შთაბეჭდილება იმისა, რომ ეს თემა ყველა დონეზე იყო შეთანხმებული და პრობლემები არ შეიქმნებოდა, მაგრამ დღეს ზუგდიდში განვითარებულმა მოვლენებმა საპირისპირო სურათი წარმოაჩინა.
ბუნებრივია, მისი უწმინდესობაც და, ზოგადად, ეკლესიაც ასეთ ვითარებაში მხარს ვერ დაუჭერს ღვთისმშობლის კვართის გადაბრძანებას, რაც საქართველოს საპატრიარქოს 14 სექტემბრის განცხადებაშიც გარკვევით იყო დაფიქსირებული.
შევნიშნავთ იმასაც, რომ რადგან ეს სიწმინდე დაცულია მუზეუმში, სახელმწიფოს მიერ და ეკლესია მასზე პატრონაჟს ვერ ახორციელებს, თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს ხელისუფლებამაც, მით უმეტეს, რომ თავიდან თანხმობა მათი მხრიდან იქნა გაცემული", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
კომენტარები